Accessibility links

IRI-ის დასმული დიაგნოზი


საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულმა კვლევამ წარმოაჩინა სურათი, რომელიც, შესაძლოა, ნათელს ჰფენდეს საქართველოს დღევანდელი მძიმე ვითარების მიზეზებს. როგორც IRI-ის კვლევიდან ირკვევა, ხალხი ნეგატიურად აფასებს საპარლამენტო რესპუბლიკის ყველა მნიშვნელოვანი ინსტიტუტის - პოლიტიკური პარტიების, პარლამენტის, მთავრობისა და სასამართლოს - მუშაობას, თუმცა, იმედგაცრუებისა და სხვა არაერთი მიზეზის გამო, არასათანადოდ რეაგირებს მასზე.

რესპუბლიკა განსაცდელის წინაშე

2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში IRI-ის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ უკიდურესად დაბალია პრემიერ-მინისტრის ოფისის, პარლამენტის, პოლიტიკური პარტიებისა და სასამართლოს მოწონების მაჩვენებელი. პრემიერ-მინისტრის მუშაობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 34 %, ხოლო უარყოფითად - 56 %; პარლამენტისას დადებითად - 37 %, უარყოფითად - 58 %; პოლიტიკური პარტიებისას, შესაბამისად, 28 % და 63 %; სასამართლო ხელისუფლებისას კი - 25 % და 57 %.

სასამართლო ხელისუფლების ნდობის მაჩვენებელი, საერთოდ, ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ პროფკავშირებს (22 %) უსწრებს. უკიდურესად დაბალია (ბოლოდან მესამე ადგილი) პრეზიდენტის ინსტიტუტის მაჩვენებელი - 27 %, მაშინ როცა არმოწონების (70 %) მიხედვით პრეზიდენტი ყველა სხვა ინსტიტუტს უსწრებს.

რაც შეეხება ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ინსტიტუტებს, პირველი სამეული ასეთია: ჯარი (86 %), ეკლესია (85 %), მედია (72 %).

ეკლესია და ჯარი პირველი სამეულის უცვლელი წევრები არიან, თუმცა ეკლესიის ნდობის მაჩვენებელმა, 2019 წლის მაის-ივნისში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, მთელი 4 %-ით დაიკლო. სავარაუდოდ, კლების ეს მაჩვენებელი ბევრად გაიზრდება მომდევნო კვლევაში, რადგანაც მასში აისახება წმინდა სინოდის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრეს, მამხილებელი განცხადებები და სასულიერო პირების სექსსკანდალების გამჟღავნება.

ბოლო ჟამის პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტს პერსონალურადაც ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვს. სალომე ზურაბიშვილს დადებითად მხოლოდ გამოკითხულთა 23 % აფასებს, უარყოფითად კი - 70 %.

სულ IRI-ის კითხვარში 20 პოლიტიკოსის გვარია შეტანილი, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მე-17 ადგილზეა და მოწონების თვალსაზრისით მხოლოდ კახა შარტავას, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძესა და ლევან იოსელიანს უსწრებს.

რაც შეეხება უარყოფით შეფასებას, ამ პარამეტრით სალომე ზურაბიშვილი ერთპიროვნული ლიდერია: მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 70 %, მცირედით ჩამორჩება ზურაბ ჯაფარიძე - 66 %, ირმა ინაშვილი, გიგი უგულავა და ნინო ბურჯანაძე, შესაბამისად, 59-59 %.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, კატასტროფული მაჩვენებელი ზუსტად უპასუხებს მმართველი პარტიისა და მისი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, დამოკიდებულებას პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი. ბიძინა ივანიშვილი არასოდეს მალავდა, რომ წინააღმდეგი იყო პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტისა, რაც აისახა კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წესით არჩეული უკანასკნელი პრეზიდენტია. პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის მაღალ რეიტინგს, შესაძლოა, კვლავ გაეჩინა პროტესტი იმის გამო, რომ მომავალი პრეზიდენტი ხალხის ნაცვლად სპეციალურმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს, თუმცა სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა და IRI-ის კვლევა აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია მშვიდად იყოს.

ბაქრაძის ამოუხსნელი ფენომენი

IRI-ის გამოკითხვა აჩვენებს, რომ, დადებითი დამოკიდებულების მიხედვით, ლიდერობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომლსაც გამოკითხულთა 57 % აფასებს დადებითად, 36 % კი - უარყოფითად. შემდეგ მოდის კახა კალაძე (თბილისის მერი): 49 % - დადებითად, 42 % - უარყოფითად; დავით უსუფაშვილი („შენების მოძრაობის“ ლიდერი): 47 % - დადებითად, 41 % - უარყოფითად; გრიგოლ ვაშაძე („გაერთიანებული ოპოზიცია“): 41 % - დადებითად, 50 % - უარყოფითად.

ნიშანდობლივია, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კახა კალაძე, მიუხედავად „რეიტინგში“ მაღალი ადგილისა, არ ენდობა IRI-ის კვლევას. კახა კალაძე, როგორც თვითონ ამბობს, ენდობა მხოლოდ ხალხს, რომელთანაც ინტენსიური ურთიერთობა აქვს, და ენდობა არჩევნების შედეგებს. შესაძლოა, კახა კალაძეს უხერხულობას უქმნის ის გარემოება, რომ მას ბევრად კარგი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას (39 % - დადებითი, 59 % - უარყოფითი) და თვით მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს (32 % - დადებითი, 57 % - უარყოფითი).

დავით ბაქრაძისადმი გამოკითხულთა პოზიტიურ დამოკიდებულებას, შესაძლოა, განაპირობებდეს მისი თანმიმდევრულობა, არააგრესიულობა, რომლითაც გამოირჩეოდა როგორც ხელისუფლებაში პარლამენტის თავმჯდომარედ ყოფნის დროს, ასევე ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, თუმცა ოპონენტები მოწონების რეიტინგში ბაქრაძის ლიდერობას კიდევ უფრო მარტივად, კვლევის ავტორთა ტენდენციურობით ხსნიან. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე.

ოპოზიციის ჯამური უპირატესობა

IRI-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტად მოწონებული პოლიტიკოსის, დავით ბაქრაძის, პარტია, „ევროპული საქართველო“, მხოლოდ მესამე-მეოთხე ადგილს იყოფს ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად. შეკითხვაზე, არჩევნები რომ ტარდებოდეს კვირას, რომელ პარტიას მისცემდი ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა: 1. „ქართული ოცნება“ – 23 %; 2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 15 %; 3. „ევროპული საქართველო“ – 5 %; 4. „ლეიბორისტული პარტია“ – 5 %; 5. „პატრიოტთა ალიანსი“ – 4 %; 6. „ახალი საქართველოსთვის“ – 2 %; 7. ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ – 2 %; 8. „ლელო“ – 2 %; 9. „გირჩი“ – 1 %; 10. „შენების მოძრაობა“ – 1 % და სხვა - 1 %.

ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკოსების მოწონების პერსონალურ რეიტინგში „შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი, მხოლოდ დავით ბაქრაძესა და კახა კალაძეს ჩამორჩება, მაშინ როცა საკუთრივ პარტია ბოლო ადგილზეა.

კვლევის ამ ნაწილის ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება ოპოზიციის მაღალი ჯამური რეიტინგია. ოპოზიციურ პარტიებს, ჯამში, ამომრჩეველთა 41 % უჭერს მხარს, მაშინ როცა მმართველი პარტიის ანალოგიური მაჩვენებელი 23 %-ია. თუმცა უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის ამგვარ „ჯამურ უპირატესობას“ მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში აქვს აზრი. ალბათ, ამის გამო იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა დაპირება და უარი თქვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე. მმართველი პარტიის არგუმენტი, რომ ხალხი ვერ ერკვევა საარჩევნო სისტემების დეტალებში და მისთვის სულერთია, როგორი სისტემით ჩატარდება არჩევნები, როგორც ჩანს, საფუძველს არის მოკლებული, რაზეც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებიც მეტყველებს: მოსახლეობის 78 %, რომელსაც სმენია მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა ამ ცვლილებას.

„დამატებით, გამოკითხულთა 58 % მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დადებითად იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება, მთავარი უპირატესობის მქონე ძალა ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი“, - წერია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი კვლევის დოკუმენტში.

„არაფერი“, როგორც ხელისუფლების მთავარი მიღწევა

IRI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 36 %-მა არ იცის (ან არ აქვს პასუხი), რა არის მოქმედი ხელისუფლების მთავარი მიღწევა, 21% კი ფიქრობს, რომ „არაფერი“.

გამოკითხულთა 13 % მოქმედი ხელისუფლების მთავარ მიღწევად ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს, 4-4% - ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ძალადობაზე უარის თქმას, განათლებას, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, 3-3% კი - გზების გაუმჯობესებას, სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიას. 2 %-ს პენსიების გაზრდა მიაჩნია ხელისუფლების მთავარ მიღწევად, ხოლო 1 %-ს - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან გაშვება.

რა არის ხელისუფლების ყველაზე დიდი ჩავარდნა? - ამ შეკითხვის პასუხად გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ მთავარი ჩავარდნა დაპირებების შეუსრულებლობაა, 8 %-ისთვის - ლარის გაუფასურება; „20 ივნისის მოვლენები“ მთავარ ჩავარდნად მიაჩნია 7 %-ს, ეკონომიკური კრიზისი - 6 %-ს, მცოცავი ოკუპაცია - 5%-ს; შემდეგ 4-4 %-ით მოდის უმუშევრობა და სიღარიბე. მხოლოდ გამოკითხულთა 2 % ამბობს, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია ჩავარდნა, 28 %-ს კი არ აქვს კითხვაზე პასუხი.

IRI-ის კვლევის ამ მონაცემებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ხელისუფლება ცუდად ასრულებს დაპირებებს, თუმცა დიდად არც არაფერს ჰპირდება და, შესაბამისად, არც მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს და არც ჩავარდნები.

რუსეთი - მუდმივი მეზობელი

როგორია რუსეთისადმი დამოკიდებულება?

IRI-ის მიხედვით, მეზობელ ქვეყანასთან დიალოგის გაღრმავებას მხარს სრულად უჭერს გამოკითხულთა 48 %, ნაწილობრივ დიალოგს - 26 %.

რუსეთთან დიალოგის გაღრმავების წინააღმდეგია 12 %, ნაწილობრივ წინააღმდეგი - 9 %.

აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის მოვლენებამდე ჩატარებულ კვლევაში რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას მხარს გამოკითხულთა 46 % უჭერდა. ამასთან, ეს მაჩვენებელი განუხრელად იკლებს ბოლო ათი წლის განმავლობაში, თუმცა ასეთი მკვეთრი ვარდნა პირველად დაფიქსირდა.

რუსეთთან საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას დადებითად აფასებს მხოლოდ 7 %, ხოლო ნაწილობრივ დადებითად - 27 %. ბევრად მაღალია იმათი რაოდენობა, ვინც უარყოფითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობას: 24 % - ძალიან უარყოფითად, 32 % - ნაწილობრივ უარყოფითად.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 77 % თვლის, რომ რუსეთის აგრესია საქართველოსადმი ახლაც გრძელდება. 15 %-ის აზრით, აგრესია დასრულებულია, თუმცა შეიძლება განახლდეს. მხოლოდ 4 % მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია საბოლოოდ დასრულდა.

რაც შეეხება საგარეო კურსს. როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი? - ამ კითხვას გამოკითხულთა 27%-მა უპასუხა, რომ კურსი უნდა იყოს მხოლოდ პროდასავლური, 49%-ის აზრით კი, პროდასავლურ კურსთან ერთად უნდა შენარჩუნდეს რუსეთთან ურთიერთობაც. მხოლოდ 2 % ამბობს, რომ საქართველოს საგარეო კურსი უნდა იყოს პრორუსული.

საით მივდივართ?

საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, - ასე ფიქრობს გამოკითხულთა 68 %, მხოლოდ 22 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 10 %-მა კი არ იცის, ვითარდება საქართველო თუ არ ვითარდება.

66 % თვლის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაუარესდა ეკონომიკა, 45 %-ს მიაჩნია, რომ გაუარესდა კრიმინალთან ბრძოლა, 39 %-ის აზრით, გაუარესდა კორუფციასთან ბრძოლა, 33 % მიიჩნევს, რომ გაუარესდა ეროვნული უსაფრთხოება... თუმცა, ვითარების გაუარესების

აღქმის ამგვარი მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, პარტიებს შორის მაინც მმართველი პარტია ლიდერობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG