Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი მიდის და მოდის


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
20 ნოემბერი ბიძინა ივანიშვილისთვის ბოლო დღეა პრემიერ-მინისტრის რანგში და დასაწყისია 20-წლიანი ციკლისა, რომელსაც ის სამოქალაქო სექტორის განვითარებას მიუძღვნის. ბიძინა ივანიშვილის ასეთ გეგმას ექსპერტების არაერთგვაროვანი მოსაზრებები, ვარაუდები და მოლოდინი უკავშირდება. პასუხისმგებელია თუ არა ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაზე?

იმას, რომ პოლიტიკაში სულ რაღაც 2-3 წლით მოდიოდა, ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს, საზოგადოებისთვის მოძღვნილ პირველივე წერილებში საგანგებოდ გაუსვა ხაზი, თუმცა ამ იდეის რეალობად გადაქევის პროცესი მაინც მოულოდნელი და არასასურველი აღმოჩნდა ბევრისთვის და, მათ შორის, ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებისთვისაც. ანალიტიკოსებისთვის ცხადი გახდა, რომ ახალ ხელისუფლებას უჭირდა წარმოედგინა თავი უმთავრესი გამწევი ძალის გარეშე, მაგრამ თავად ეს ძალა როგორც ამბობდა, მესიის როლში ყოფნა არ სურდა.
ამ ხელისუფლებამ უკვე იცის, რომ, თუკი ივანიშვილმა გადაწყვიტა მოსახლეობის ფეხზე წამოყენება და პოლიტიკური ცვლილებების გამოწვევა, ის ამას შეძლებს. ასეთი ბერკეტი ახლა, ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში ივანიშვილს ნამდვილად აქვს...
რამაზ საყვარელიძე

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის თვლიდა, რომ ამ საკითხში ის თანმიმდევრული იყო და თუკი ვინმე განსხვავებულად ფიქრობდა, მას ის საკმაოდ მწვავედ უპირისპირდებოდა. მაგალითად, ასეთი მწვავე იყო კამათი მასა და ექსპერტ ვაჟა ბერიძეს შორის 25 სექტემბერს გამართულ იმ ცნობილ შეხვედრაზე, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა კიდევ არაერთი ექსპერტი დატუქსა:

”ბიძინა ივანიშვილი: იმას როდესაც ამბობთ, რომ არათანმიმდევრული ვარ და არ ვასრულებ დავალებებს, რომ მივდივარ ხელისუფლებიდან და განცხადებები გავაკეთე, ბატონო ვაჟა, კეთილი ინებეთ, თუკი თქვენ ექსპერტობაზე გაქვთ პრეტენზია, თქვენ უნდა წაგეკითხათ და გაგეგოთ ჩემი პირველი ინტერვიუც, მეორეც, მესამეც...
ვაჟა ბერიძე: პირველიც წავიკითხე და მეორეც წავიკითხე...
ბიძინა ივანიშვილი: მეტი თანმიმდევრულობა რა გინდათ?! პირველსავეში ვამბობდი, რომ წავალ ამ დროს და რა არ მოგწონთ?!
ვაჟა ბერიძე: რამდენიმე წლის შემდეგო...
ბიძინა ივანიშვილი: 2-3 წელი ვთქვი მე. 2 წელიწადი და 2 თვე გადის უკვე. რა არ გაწყობთ?! სად გინახავთ პოლიტიკოსი ასეთი თანმიმდევრული?! აბა, მაგალითი მოიყვანეთ სადმე ისტორიაში”.

პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებასა და პოლიტიკიდან წასვლას ბიძინა ივანიშვილი არა წასვლას, არამედ უფრო რთულ და საზოგადოებისთვის საჭირო ადგილას გადასვლას უწოდებს და აღნიშნავს, რომ აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ის, მინიმუმ, 20 წლის განმავლობაში აპირებს. მისი მიზნები ჩამოყალიბებულია 2 სექტემბერს გამოქვეყნებულ ღია წერილშიც, სადაც სამოქალაქო სექტორის განვითარების 3-პუნქტიან გეგმასაც ვხვდებით: 1. სამოქალაქო საზოგადოების აქტორების - ”აზრის ლიდერების” პროფესიული ზრდა; 2. ადამიანური რესურსის,ახალი სახეების შემოყვანა სამოქალაქო სექტორში და მათთვის მოტივაციის გაჩენა; ინოვაციური იდეების აკუმულირება და დანერგვა; 3. ხელისუფლების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება,რაც გულისხმობს არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ მისთვის ჯანსაღი იდეების შეთავაზებას ქვეყნისა თუ ხელისუფლების ნებისმიერი შტოს განსავითარებლად.

მათ რიგებში, ვინც ბიძინა ივანიშვილის მიერ სამოქალაქო სექტორის განვითარების მიზანს სკეპტიკურად უყურებს, ელენე ხოშტარიაც არის - საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, ეს პროცესი სახიფათოც კი შეიძლება აღმოჩნდეს:

ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია
”ბუნებრივია, ისეთი პოლიტიკური გავლენის და ფინანსური გავლენების მქონე ადამიანისგან ასეთი ამბიციის არსებობა, რომ უნდა განავითაროს, გააუმჯობესოს სამოქალაქო სექტორი, მხოლოდ საშიში გავლენის საწინდარი შეიძლება იყოს, რადგანაც ეს განვითარება მოხდება მისი სურვილების შესაბამისად და იმის მიხედვით, რა მოსწონს და რა არ მოსწონს”.

ელენე ხოშტარიას შეკითხვები აქვს ბიძინა ივანიშვილის სამომავლო ზეგავლენებზეც შიდაპოლიტიკაში. ის თვლის, რომ ხელისუფლებაზე ზეგავლენების შენარჩუნება დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. თუმცა, როგორც რამაზ საყვარელიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, პოლიტიკური სტრუქტურებიდან გასვლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს თავისთავად შეუნარჩუნდება პოლიტიკური წონა და მის ხელში დარჩენილი მაკონტროლებელი ბერკეტი უახლესი წარსულის გამოცდილება იქნება:

”ამ ხელისუფლებამ უკვე იცის, რომ, თუკი ივანიშვილმა გადაწყვიტა მოსახლეობის ფეხზე წამოყენება და პოლიტიკური ცვლილებების გამოწვევა, ის ამას შეძლებს. ასეთი ბერკეტი ახლა, ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში ივანიშვილს ნამდვილად აქვს, რადგანაც მანაც იცის, ამ ხელისუფლებამაც იცის და ხალხმაც იცის, რომ ივანიშვილი არსებობს როგორც პოლიტიკური თვალი”.

სხვაგვარი შეფასებები აქვს, მაგალითად, „საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელს კახა კახიშვილს. ექსპერტის აზრით, ეს ყველაფერი ივანიშვილის მაღალი ავტორიტეტიდან გამომდინარეობს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყოფილი პრემიერ-მინისტრის თანამშრომლობა სასარგებლო კონსულტაციების ფარგლებს არ გასცდება. ამასთან, კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ, თავისთავად, იოლი არ არის პოლიტიკოსების მართვა და რომ ამის მცდელობა არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი არ წავიდოდა პოსტიდან.
მე ვიძლევი გარანტიას, რომ მთავრობა დარჩება ქმედითი, ევროპული ტიპის, არაკორუმპირებული და ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს...
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის რეაქციები ძალიან მწვავე იყო ყველა იმ პოლიტიკოსისა თუ ექსპერტის მიმართ, ვინც ფიქრობდა, რომ პოლიტიკიდან წასვლით ის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების პასუხისმგებლობას გაურბოდა. ასეთი რეაქცია რამაზ საყვარელიძემაც იგემა, რადგანაც მას სექტემბრის ბოლოს გამართულ იმ ცნობილ შეხვედრაზე გაუჭირდა ბიძინა ივანიშვილის დარწმუნება, რომ ის ასე არ ფიქრობს და რომ ერთ-ერთ სტატიაში, უბრალოდ, ჟურნალისტმა გადაამლაშა. მართალია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას კვლავაც ნაადრევად მიიჩნევს, მაგრამ რამაზ საყვარელიძე არც ახლა თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო დაპირებებს გაურბის. როგორც ექსპერტმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამის მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტად და პრემიერ-მინისტრად საგულდაგულოდ შერჩეულ თანამოაზრეებს ტოვებს.

წინასაარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც რომ გაიზიარებს, ბიძინა ივანიშვილმა ეს თავადაც არაერთხელ დაადასტურა. ”მე ვიძლევი გარანტიას, რომ მთავრობა დარჩება ქმედითი, ევროპული ტიპის, არაკორუმპირებული და ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს”, - ამბობს ის 2 სექტემბერს გამოქვეყნებულ წერილში და ამის გარანტიად ”პატიოსან სიტყვას” ასახელებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG