Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფინარ ჯემილევა: ყველა რუსეთის გასვლას ველოდებით


საფინარ ჯემილევა
საფინარ ჯემილევა

ავტორი: მამინ შარიკოვი

საფინარ ჯემილევა ყირიმელი თათრების დედაქალაქად მიჩნეულ ბახჩისარაიში, დიდ კერძო სახლში, ცხოვრობს. რადიო თავისუფლების სტუმრობით გახარებულმა მასპინძელმა ქალმა ჩემს კოლეგას აჩვენა თავისი ქმრის სამეცნიერო ნაშრომები და რდიომიმღები, რომელიც მუსტაფა ჯემილევს ცნობილმა საბჭოთა დისიდენტმა, ანდრეი სახაროვმა, აჩუქა. საუბრის დიდი ნაწილი, ცხადია, სწორედ მუსტაფა ჯემილევს შეეხებოდა, პოლიტიკოსს, რომელიც უკრაინის საკანომდებლო ორგანოს, „ვერხოვნა რადას“, დეპუტატია, თუმცა აკრძალული აქვს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში დაბრუნება. საფინარ ჯემილევას თქმით, მისი ქმარი ბევრს მოგზაურობს საზღვარგარეთ და ცდილობს ყველას დაუმტკიცოს, რომ ყირიმელი თათრები არიან ამ ნახევარკუნძულის მკვიდრი მოსახლეობა, რომლის ნების გაუთვალისწინებლად არავის აქვს ამ მიწების დაპატრონების უფლება:

„როდესაც რუსებმა ყირიმის ანექსია მოახდინეს, გვეგონა, რომ ჩვენ გაგვასახლებდნენ და დაგვხვრეტდნენ. მაგრამ მათ სხვა გზა აირჩიეს. ისინი შექმნიან ისეთ პირობებს, რომ ხალხი თვითონ გაიქცეს აქედან და გადაარჩინოს შვილები. მაგრამ დღესდღეობით ყირიმელი თათრების მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობამ დატოვა აქაურობა და გაემგზავრა მატერიკზე, უკრაინაში. ძირითადი მასა კი რჩება და ელოდება“.

ისინი გვისმენენ კიდეც, გვითვალთვალებენ კიდეც. და არამხოლოდ ჩვენ. საკმარისია სადმე სამმა კაცმა დაილაპარაკოს, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს გაიგებს...
საფინარ ჯემილევა

რუსეთმა ყირიმის ანექსია გასული წლის მარტში განახორციელა. საოკუპაციო რეჟიმი დაეყრდნო უკანონო რეფერენდუმს, რომელიც, სეპარატისტულად განწყობილი ყირიმელი თათრების ნების საწინააღმდეგოდ, ყირიმის უზენაესმა საბჭომ დაგეგმა. საფინარ ჯემილევას თქმით, ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება ინფორმატორებისა და ჯაშუშების საშუალებით ყირიმელ თათრებში საპროტესტო განწყობის ჩახშობას ცდილობს:

„ისინი გვისმენენ კიდეც, გვითვალთვალებენ კიდეც. და არამხოლოდ ჩვენ. საკმარისია სადმე სამმა კაცმა დაილაპარაკოს, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს გაიგებს. მათ ხელ-ფეხი გაუხსნეს ყირიმში მცხოვრებ დამსმენებს, რომლებიც აქ მრავლად არიან“.

ყირიმის ანექსიამდე საფინარ ჯემილევა ორი ათეული წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყირიმელი თათარი ქალების ლიგას“ ედგა სათავეში. ანექსიის შემდეგ საფინარმა უარი თქვა რუსეთის ხელისუფლების მიერ ორგანიზაციის ხელახლა დარეგისტრირებაზე, ხოლო ნახევარკუნძულის ანექსიის გამო „ქალთა ლიგა“ საერთოდ ვეღარ ახერხებს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას და ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელებას.

მუსტაფა ჯემილევი
მუსტაფა ჯემილევი

„ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა ეფუძნებოდა უკრაინის, თურქეთის ორგანიზაციებთან მუშაობას, ურთიერთობა გვქონდა „წითელ ნახევარმთვარესთან“, რუმინეთისა და ბულგარეთის დიასპორებთან. ჩვენ ვმუშაობდით ჰუმანიტარული დახმარების ამერიკულ განყოფილებასთან და ამით მთელი ყირიმი ღებულობდა ჰუმანიტარულ დახმარებას. ახლა კი ყველაფერი დაკეტილია. როდესაც ყირიმიდან აკრძალულია გასვლა-შემოსვლა, რა საქმიანობაზე შეიძლება საუბარი? მოვდივარ სამსახურში, სადაც ყველა ერთსა და იმავეს მეკითხება: როდის გავა რუსეთი“.

შექმნილ მდგომარეობაში ყირიმელი თათრები მაინც იმედიანად არიან განწყობილნი. „ჩვენ არაფერი გვინდა. მზად ვართ ვიცხოვროთ პურსა და წყალზე, შუქისა და ბუნებრივი აირის გარეშე, ოღონდ თავისუფლება დაგვიბრუნეთო“, - ამბობს საფინარ ჯემილევა, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წევრისა და ყირიმელი თათრების დევნილობაში მყოფი ლიდერის, მუსტაფა ჯემილევის, მეუღლე, რომელიც ანექსირებულ ყირიმში განაგრძობს ცხოვრებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG