Accessibility links

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი 13 მარტს მოულოდნელად ჩავიდა ქაბულში, სადაც ჯეიმს მატისი შეხვდება ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის, და ასევე მაღალი რანგის ამერიკელ მეთაურებს, მათ შორის გენერალ ჯონ ნიკოლსონს. იუწყებიან, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი თალიბანის ზოგიერთ წარმომადგენელსა და ავღანეთის მთავრობას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაა.

  • აშშ-ის თავდაცვის მინისტრი 13 მარტს მოულოდნელად ჩავიდა ქაბულში, სადაც ჯეიმს მატისი შეხვდება ავღანეთის პრეზიდენტს.
  • იუწყებიან, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი თალიბანის ზოგიერთ წარმომადგენელსა და ავღანეთის მთავრობას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაა.
  • ქაბულის მიერ შეთავაზებული წინადადებით, თალიბანმა უნდა აღიაროს ავღანეთის მთავრობა და პატივი სცეს სამართლის უზენაესობას.
  • ვაშინგტონი მომხრეა, რომ თალიბანთან მოლაპარაკებები ქაბულმა.

28 თებერვალს პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თალიბანს შესთავაზა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბება და შეჰპირდა, რომ სამხედრო დაჯგუფებისთვის სანქციების გაუქმებაზეც იმუშავებდა, თუ ისინი მთავრობას სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან მიუსხდებოდნენ.

ქაბულის მიერ შეთავაზებული წინადადებით, თალიბანმა უნდა აღიაროს ავღანეთის მთავრობა და პატივი სცეს სამართლის უზენაესობას, თუმცა აქამდე თალიბანი გამორიცხავდა დასავლეთის მხარდაჭერილ მთავრობასთან რაიმე ფორმატის მოლაპარაკებებს. დაჯგუფების თქმით, ისინი მოლაპარკებებზე დაეთანხმებოდნენ მხოლოდ შეერთებულ შტატებს, რომელსაც "საერთაშორისო საოკუპაციო ძალას" უწოდებენ. დაჯგუფება ასევე მოითხოვს ნატოს ჯარების გასვლას ავღანეთიდან, სანამ მოლაპარაკებები დაიწყება.

ვაშინგტონი მომხრეა, რომ თალიბანთან მოლაპარაკებები ქაბულმა წარმართოს. "ჩვენ გვინდა, რომ ავღანეთმა წარმართოს და თავად უზრუნველყოს შერიგების პროცესი", - გაიმეორა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ქაბულში.

აღსანიშნავია, რომ ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს მოლაპარაკებები უკვე ჰქონდათ 2015 წელს, თუმცა ეს მცდელობა მალევე შეწყდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2017 წლის აგვისტოში გამოცხადებული ეროვნული სტრატეგიის მიხედვით კი, ვაშინგტონმა განაგრძო ავღანეთის ჯარების მხარდაჭერა იმ პირობით, რომ სიტუაცია ჩიხიდან გამოვიდოდა და მებრძოლები ისევ დასხდებოდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

თეთრმა სახლმა 3 500 სამხედრო მოსამსახურით გაზარდა თავისი დაჯგუფება ავღანეთში, სადაც ნატოს სარდლობით მოქმედი კოალიციის მთავარი შეტევითი პოტენციალი სწორედ ამერიკული ავიაციის მიერ განხორცილებული იერიშებია ექსტრემისტების პოზიციებზე. ამჟამად ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების 14 000 სამხედრო მოსამსახურეა.

პენტაგონის ლიდერი მიიჩნევს, რომ თალიბანის მებრძოლებმა უნდა დაინახონ, რომ ისინი ვერ გაიმარჯვებენ, რაც მათ მოლაპარაკებების დაწყებისკენ უბიძგებს. ჯეიმს მატისის თქმით, ამ შემთხვევაში აშშ-ისთვის გამარჯვება სწორედ პოლიტიკური შერიგება იქნება.

თალიბანის მებრძოლები ავღანეთის დიდ ნაწილს აკონტროლებენ და ყოველწლიურად მათთან ბრძოლაში ათასობით ავღანელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება. 12 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა საქმეების კოორდინაციის სააგენტომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც წლის დასაწყისიდან 30 000 ადამიანი გახდა იძულებული კონფლიქტის გამო საცხოვრებელი მიეტოვებინა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG