Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კაბელების საქმე“ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოლოდინში


სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასასრულს უახლოვდება ე. წ. „კაბელების საქმის“ პროცესი, რომელსაც, უკვე დიდი ხანია, თან ახლავს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და შერჩევით სამართალთან დაკავშირებული შეშფოთება. ეს საქმე ამავე კონტექსტშია ნახსენები „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ბოლო ყოველწლიურ ანგარიშშიც. სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, რომელიც 16 იანვრის სხდომის შემდეგ სათათბიროდ გავიდა, გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში უნდა გამოაცხადოს. კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხუთ ყოფილ თანამშრომელს, რომლებსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედება ბრალად.

კაბელების საქმე
please wait

No media source currently available

0:00 0:06:04 0:00
გადმოწერა

დასკვნითი პროცედურების შესაბამისად, მსჯავრდებულთა საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ სააპელაციო სასამართლოს კოლეგია სათათბიროდ გავიდა. საბოლოო განაჩენის მოლოდინში განწყობა და მიდგომები ურთიერთგანსხვავებულია. არავის გაჰკვირვებია, რომ უცვლელად რჩება ბრალდების მხარის პოზიცია და, როგორც 16 იანვარს განაცხადა პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა, მსჯავრდებულებმა დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს:

„ჩვენ ვფიქრობთ და ყოველთვის, ამ საქმის განხილვის პროცესში, ვფიქრობდით, რომ ამ საქმეში ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება არის გამამტყუნებელი განაჩენი, რადგანაც ბრალდებულებმა ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული“.

თავდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელი, რომელიც დაიკითხა, მათ შორის, მინისტრის მოადგილეები და სხვა თანამდებობის პირები ერთხმად ადასტურებენ, რომ ეს არის სახელმწიფოსთვის უაღრესად დიდი მოგებისა და სარგებლის მომტანი ხელშეკრულება...
სოსო ბარათაშვილი

ცხადია, მთელი პროცესის განმავლობაშიც კარგად ჩანდა და 16 იანვარსაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ დაცვის მხარისთვის მსჯავრდებულები პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნი არიან. დაკავებულთა მხარდამჭერებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის 5 ყოფილი თანამშრომლის - გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძის, დავით წიფურიას, გიზო ღლონტისა და ნუგზარ კაიშაურის -დაკავება იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას, პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. მილიონობით ლარის გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის 28 ოქტომბერს დაკავებული 5 პირი რამდენიმე თვეში სასამართლომ თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა 2016 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულები წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო, 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და ისინი სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ყოვლად დაუსაბუთებლად მიიჩნევს „კაბელების საქმის“ ერთ-ერთი ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, მთელი ამ ხნის განმავლობაში საპატიმროში სრულიად უდანაშაულო ადამიანები ისხდნენ:

„თავდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელი, რომელიც დაიკითხა, მათ შორის, მინისტრის მოადგილეები და სხვა თანამდებობის პირები ერთხმად ადასტურებენ, რომ ეს არის სახელმწიფოსთვის უაღრესად დიდი მოგებისა და სარგებლის მომტანი ხელშეკრულება... და, ფაქტობრივად, წარმოჩნდა, რომ არავითარი პოზიცია ბრალდების მხარეს ამ მიმართულებით არ გააჩნია. თანაც ისინი (დაკავებულები) იყვნენ ქვედა რგოლი ამ საქმეში: გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, თანხის გამოყოფას პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი, ხოლო დაკავებულთაგან არც ერთს არ მიუღია და არ გაუცია ეს თანხა. მათ ამ თანხაზე არ ჰქონიათ წვდომა“.

ჩვენი აზრით, არის საშიშროება, რომ ეს საქმე იყოს პოლიტიკურად მოტივირებული - იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიების მიერ არ იქნა დადგენილი დანაშაულის მოტივი...
გიორგი გოგია

„კაბელების საქმემ“ ბოლო პერიოდში არაერთ საერთაშორისო მიმართვასა თუ დოკუმენტში იჩინა თავი. „ჰიუმან რაიტს უოჩის“ 2017 წლის ანგარიშში, რომელიც 13 იანვარს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ „ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმართულმა რამდენიმე საქმემ წარმოშვა შეკითხვები შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. ქვეთავში, სახელწოდებით „მართლმსაჯულების პოლიტიზებასთან დაკავშირებული შეშფოთება“, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, საქმესთან ერთად მოყვანილია, ასევე, „კაბელების საქმის“ მაგალითიც. აქვე აღნიშნულია, რომ თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხუთი ყოფილი თანამშრომელი 2014 წელს დააკავეს, რასაც შემდეგ მალევე მოჰყვა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას პოსტიდან გადადგომა. "ჰიუმან რაიტს უოჩის" წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას შეშფოთების მიზეზებს განმარტავს:

„ჩვენი აზრით, არის საშიშროება, რომ ეს საქმე იყოს პოლიტიკურად მოტივირებული - იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიების მიერ არ იქნა დადგენილი დანაშაულის მოტივი. აგრეთვე, თვითონ „გაფლანგვის“ განმარტებაც ბუნდოვანია კანონმდებლობით. მიგვაჩნია, რომ ეს არის პრობლემატური საქმე“.

„ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშში ნათქვამია, ასევე, რომ „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა მეგობრის მოსაზრებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს ფაქტი 2016 წლის აგვისტოს მიწურულს მოხდა. ომბუდსმენის აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – გაფლანგვა - ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, ეს ნორმა ნათლად არ ადგენს, არის თუ არა ანგარების მოტივი აუცილებელი გაფლანგვის ჩასადენად. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი ვერ აკმაყოფილებს „განჭვრეტადობის სტანდარტს“, კერძოდ, ბუნდოვანია, „ანგარების მოტივი არის თუ არა აუცილებელი გაფლანგვის ჩადენისთვის“. ეს საკითხი ომბუდსმენმა იმ ფაქტის გათვალისწინებით წამოსწია, რომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნით, „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით „მოტივი გავლენას არ ახდენს ქმედების გაფლანგვად დაკვალიფიცირებაზე“. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს „გაფლანგვის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის კონსტიტუციურობა, კერძოდ, აკმაყოფილებს თუ არა იგი კანონისმიერების პრინციპს“.

თუმცა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა დღემდე ვერ მოხერხდა საკონსტიტუციო სასამართლოში. გარდა იმისა, რომ გასული წლის ზაფხულში რამდენიმე პროცესი მოსამართლეთა ნაწილის გამოუცხადებლობის გამო ჩაიშალა, საქმის განხილვის შემაფერხებელ ბარიერად იქცა, ასევე, საკონსტიტუციო მოსამართლეთა შემადგენლობის განახლება. ადვოკატი სოსო ბარათაშვილი შეგვახსენებს, რომ ორიოდე კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესი, რომელიც ითვალისწინებდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას 10-წლიანი ვადის გასვლისთანავე, რაც კონკრეტული საქმეების განხილვას აფერხებს.

29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, „საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია უფლებამოსილების შეწყვეტა იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი სახელმწიფო ორგანო კანონით დადგენილ ვადაში არ ანაცვლებს მოსამართლეს და ეს, საქმის განხილვისათვის საჭირო კვორუმის არარსებობის გამო, შეუძლებელს ხდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უფლებამოსილების განხორციელებას“. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ასეთ ვითარებაში სადავო ნორმა საფრთხეს შეუქმნიდა საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტის, ფუნქციონირებას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG