Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ წევრებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა


საქალაქო სასამართლო
საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა პოლიტიკური კოალიციის „ქართული ოცნების“ სამ წევრს. ”ქართულ ოცნებაში” შემავალი კონსერვატიული პარტიის წევრი მერაბ კაჭახიძე და „ეროვნული ფორუმის“ წევრები ტარიელ ქარდავა და თეიმურაზ შეყლაშვილი 16 ივლისს დააკავეს და ბრალი დასდეს სისხლის სამართლის კანონის 164-ე პრიმა მუხლით დადგენილი შეზღუდვისთვის, რაც გულისხმობს კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცურ გარიგებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამივე დაკავებულმა, საერთო ჯამში, 8 750 ლარი გადასცა რამდენიმე პირს, რომელთაც შემდეგ ეს თანხა კონსერვატიული პარტიისა და „ეროვნული ფორუმის“ ანგარიშებზე გადარიცხეს საწევრო შენატანის სახით, რაც წინასწარ შედგენილი თვალთმაქცური სქემით განხორციელდა. „ქართული ოცნების“ წევრების დაკავებას ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” გამოეხმაურა. ორგანიზაცია ითხოვს „ქართული ოცნების“ დაკავებული წევრების მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას და საქმის ადმინისტრაციული წესით განხილვას.

საქალაქო სასამართლოში კოალიცია ”ქართული ოცნების” სამი წევრის სასამართლო პროცესი დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. პროცესიდან გამოსულმა კონსერვატიული პარტიის აღმასრულებელი მდივნის მერაბ კაჭახიძის ადვოკატმა ლადო მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ, მიუხედავად პროკურატურის სუსტი არგუმენტაციისა, არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და იმ მოტივით, რომ მერაბ კაჭახიძე გამოძიების პროცესზე იქონიებდა გავლენას, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ლადო მაჭარაშვილი ასევე უკანონოდ მიიჩნევს საქმის განხილვას სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

”აქ სადავო იყო თანხის წარმომავლობის საკითხი, რომელიც არ ჯდება სისხლის სამართლის კანონის განხილვის ფარგლებში და აღნიშნული უნდა წასულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წესით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა შეესწავლა ამ თანხების წარმომავლობის საკითხი და შემდგომ პარტიის საბანკო ანგარიშებზე მათი გადარიცხვის წესი, ანუ სისხლის სამართლის დანაშაულებრივი ნიშნები არ შეინიშნება და სწორედ ამ საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება სასამართლო პროცესზე”, - განაცხადა მერაბ კაჭახიძის ადვოკატამ ლადო მაჭარაშვილმა.
ეს მოხდა იმიტომ, რომ მუხლის არაგონივრულად ფართო ინტერპრეტაცია მოახდინა გამოძიების ორგანომ, რაც არის საკმაოდ საშიში პრეცედენტი და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, რომ არ მოხდეს ამგვარი პრეცედენტის გაგრძელება და მოხდეს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა...
სოფო ვერძეული

შეგახსენებთ, რომ კონსერვატიული პარტიის აღმასრულებელ მდივანს, მერაბ კაჭახიძეს, და „ეროვნული ფორუმის“ 2 წევრს, ტარიელ ქარდავას და თეიმურაზ შეყლაშვილს, ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით, რაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ 18 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში შეუსაბამო ბრალად არის მიჩნეული, ვინაიდან ეს მუხლი სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებად მიიჩნევს მხოლოდ ამომრჩევლის მოსყიდვას. თუმცა ამავე მუხლში მოხსენიებულია „კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება“, რაზეც შინაგან საქმეთ სამინისტრო 17 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში მიუთითებს.

როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი სოფო ვერძეული ირწმუნება, ეს ჩანაწერი გაცილებით ვიწროა და მისი გამოყენება ფართო ინტერპრეტაციით არ უნდა ხდებოდეს.

სოფო ვერძეული ამბობს, რომ როდესაც პარლამენტი განიხილავდა კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, მისი ორგანიზაცია სწორედ მოსალოდნელ საფრთხეზე ამახვილებდა ყურადღებას დ მაშინ, მისი სიტყვებით, საქართველოს პარლამენტის წევრები მმართველი პარტიიდან - ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები - შეთანხმდნენ, რომ კანონის ინტერპრეტირება არ მოხდებოდა. სოფო ვერძეული ამბობს, რომ დაკავებული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა შეწყდეს და მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყოს:

”ეს მოხდა იმიტომ, რომ მუხლის არაგონივრულად ფართო ინტერპრეტაცია მოახდინა გამოძიების ორგანომ, რაც არის საკმაოდ საშიში პრეცედენტი და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, რომ არ მოხდეს ამგვარი პრეცედენტის გაგრძელება და მოხდეს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა.”

სოფო ვერძეულის სიტყვებით, გამოძიების ხელთ არსებულ მასალებში ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები არ ჩანს. საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ უკანონო საწევრო შენატანებსა ან უკანონო შემოწირულებებზე, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ისჯება, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, გარიგების ღირებულების ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმების გზით.
მე მგონი, აქ უფრო დიდი როლი ითამაშა პიარმა, რომლის აგორების სურვილიც აქვთ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ და ასევე როლი ითამაშა ბრალდების მხარის არაკომპეტენტურობამ, არაკომპეტენტურობამ იმ საკითხში, რა კვალიფიკაციითაც სდებენ ბრალს...
დავით დეკანოიძე

კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა 17 ივლისს სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვიდეოჩანაწერი, რომელიც შსს-მ გაავრცელა, მხოლოდ იმას ასახავს, თუ როგორ შეაქვთ საწევრო შენატანები პარტიის წევრებს. ამასთან, "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის წევრების დაკავებას პოლიტიკური დევნის გაგრძელება უწოდა.

„ეროვნული ფორუმის“ დაკავებული წევრების ტარიელ ქარდავასა და თეიმურაზ შეყლაშვილის ადვოკატი დავით დეკანოიძე მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება წაყენებული ბრალდების ფარგლებში ოპოზიციის მიმართ აგორებული პიარის ნაწილია:

”მე მგონი, აქ უფრო დიდი როლი ითამაშა პიარმა, რომლის აგორების სურვილიც აქვთ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ და ასევე როლი ითამაშა ბრალდების მხარის არაკომპეტენტურობამ, არაკომპეტენტურობამ იმ საკითხში, რა კვალიფიკაციითაც სდებენ ბრალს.”

დაკავებულების ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში სარჩელს წინასწარი პატიმრობასთან დაკავშირებით 48 საათის განმავლობაში შეიტანენ. 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში მყოფთა წინასასამართლო მოსმენა 4 სექტემბერს შედგება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG