Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონია სამოქალაქო დაუმორჩილებლობით იმუქრება, მადრიდი პირდაპირ მმართველობას ამზადებს


კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო დემონსტრაცია ბარსელონაში
კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო დემონსტრაცია ბარსელონაში

კატალონიამ ორშაბათს გამოაცხადა, რომ მის ტერიტორიაზე ყველა უწყება, პოლიციის ჩათვლით, წინააღმდეგობას გაუწევს მადრიდის მცდელობას რეგიონს პირდაპირი მმართველობა დაუწესოს. ასეთ ფონზე, ესპანეთის ევროპელ მოკავშირეებს შორის იზრდება შეშფოთება, რომ ესპანეთში შესაძლოა დესტაბილიზაციამ დაისადგუროს.

ესპანეთის მთავრობა ციტირებს კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებამოსილებას რეგიონალური მთავრობის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ, დამოუკიდებლობის მოძრაობის შესაჩერებლად. ეროვნულ სენატში პარასკევს არის დანიშნული კენჭისყრა კატალონიისთვის პირდაპირი მმართველობის დანიშვნის თაობაზე.

კატალონია სამოქალაქო დაუმორჩილებლობით იმუქრება, მადრიდი პირდაპირ მმართველობას ამზადებს

  • კატალონიის ლიდერები და პარტიები სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოწოდებებით გამოდიან
  • კატალონიაში მუნიციპალიტეტები აცხადებენ, რომ ეწინააღმდეგებიან მადრიდის პირდაპირ მმართველობას
  • ესპანეთი მსჯელობს რეგიონის მმართველად ერთი პირის დანიშვნის შესახებ

მაგრამ კატალონიაში სეპარატისტთა კამპანიის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ 1 ოქტომბრის რეფერენდუმმა, რომელშიც ელექტორატის 43-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, მათ მისცა მანდატი ესპანეთისგან გამოყოფის მოთხოვნისთვის.

„საქმე ის კი არ არის, რომ ჩვენ [ბრძანებებს] არ დავემორჩილებით. ეს პერსონალური გადაწყვეტილება არ გახლავთ - ეს გადაწყვეტილება შვიდმა მილიონმა პირმა მიიღოო“, უთხრა კატალონიის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელმა, რაულ რომევამ, ბიბისის რადიოინტერვიუში.

რომევას ჰკითხეს, მისი აზრით ვის დაემორჩილება რეგიონის უწყებები, მათ შორის პოლიცია - კატალონიის ინსტიტუტებს თუ ესპანეთის მთავრობას.

„ამ პერსპექტივიდან, ეჭვი არ მეპარება, რომ კატალონიაში ყველა საჯარო მოხელე დაემორჩილება არჩეულ და ლეგიტიმურ ინსტიტუტებს, რომლებიც [კატალონიაში] მოქმედებს ახლაო“, განაცხადა მან.

კატალონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ 1 ოქტომბრის რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლიდან დამოუკიდებლობას 90-მდე პროცენტი მიემხრო, თუმცა რეფერენდუმზე ამომრჩეველთა მხოლოდ 43 პროცენტი მივიდა, გამოყოფის მოწინააღმდეგეთა დიდი ნაწილი იქ არ გამოცხადებულა.

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო დემონსტრაცია
კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო დემონსტრაცია

ესპანეთის ამ მდიდარ რეგიონში, კატალონიაში, შექმნილმა კრიზისმა ევროპის სხვა ქვეყნებში გააჩინა შიში, რომ ის შესაძლოა კონტინენტის სხვა ადგილებშიც გავრცელდეს.

ჩრდილოეთ იტალიის ორმა მდიდარმა რეგიონმა კვირას მხარი დაუჭირა ავტონომიის გაფართოებას, თუმცა ეს რეფერენდუმები კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ჩატარდა და რომისთვის სავალდებულოს არ წარმოადგენს. სეპარატისტები აქტიურობენ ბელგიის ფლანდრიის რეგიონსა და საფრანგეთის კორსიკაში.

გასულ კვირაში გამართულ ევროკავშირის სამიტზე ლიდერები შეეცადნენ ესპანეთში შექმნილი კრიზისის მნიშვნელობის მინიმალიზაციას და აცხადებდნენ, რომ კატალონიაში სეპარატისტული მოძრაობა შიდაპოლიტიკური საკითხია.

კატალონიის პრეზიდენტმა, კარლეს პუჩდემონმა, კატალონიის პარლამენტს მოუწოდა ამ კვირაში სხდომა გამართოს და შეთანხმდეს მადრიდისთვის გასაცემ პასუხზე, რაც, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, შესაძლოა ნიშნავდეს სვლას დამოუკიდებლობის ოფიციალური გამოცხადებისკენ.

პარლამენტის სხდომა ხუთშაბათს გაიმართება. ამასთან, სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, პუძდემონი გეგმავს ესპანეთის სენატში გამოსვლასაც საკუთარი პოზიციის უკეთ ასახსნელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG