ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ, გადადგა პირველი ნაბიჯი კატალონიის ავტონომიის სტატუსის გასაუქმებლად, რათა რეგიონი უშუალოდ მადრიდს დაექვემდებაროს და შეჩერებულ იქნეს დამოუკიდებლობისაკენ მისი სწრაფვა. პირველ ნაბიჯად მიჩნეულია რახოის მოთხოვნა, რომლითაც მან 11 ოქტომბერს მიმართა კატალონიის ხელმძღვანელობას: მკაფიოდ თქვან, მიიჩნევენ თუ არა კატალონიას დამოუკიდებლად მას შემდეგ, რაც 10 ოქტომბრის საღამოს დამოუკიდებლობის საკითხზე მოხსენებით გამოვიდა რეგიონის პრეზიდენტი, კარლეს პუჩდემონი.
მადრიდი მოითხოვს მკაფიო პასუხს
- კატალონიის ლიდერის 10 ოქტომბრის გამოსვლა გაურკვევლობას იწვევს
- მადრიდი მოითხოვს მკაფიო პასუხს კითხვაზე, გამოცხადდა თუ არა კატალონიის დამოუკიდებლობა
- კატალონია, შესაძლოა, უშუალოდ ესპანეთის მთავრობას დაექვემდებაროს
- მადრიდი ემზადება საკონსტიტუციო რეფორმისათვის
მკაფიო პასუხის დადგენა აუცილებელი ნაბიჯია ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებაზე გადაწყვეტილების მისაღებად. 155-ე მუხლი გულისხმობს რეგიონისთვის ავტონომიის სტატუსის მოხსნას. თუ ეს მოხდა, მოსალოდნელია კატალონიაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.
მაინც რა თქვა კარლეს პუჩდემონმა?
კატალონიის ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა, 10 ოქტომბრის საღამოს ბარსელონაში გამოაცხადა, რომ 1 ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, „კატალონია უნდა გახდეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა“. მანვე ხელი მოაწერა დოკუმენტს, სახელწოდებით „კატალონიის წარმომადგენელთა დეკლარაცია“. მაგრამ პუჩდემონმა გამოაცხადა ისიც, რომ მთავრობა პარლამენტს სთავაზობს „შეაჩეროს დამოუკიდებლობის გამოცხადების შედეგები მომდევნო კვირებში მოლაპარაკებების გასამართად. მათ (მოლაპარაკებების) გარეშე შეუძლებელი იქნებოდა შეთანხმებაზე დაფუძნებული გამოსავლის მიღწევა“. იგულისხმება მოლაპარაკებები ესპანეთის ცენტრალურ მთავრობასთან. მოკლედ, კატალონიის ლიდერმა დამოუკიდებლობა, რაღაცნაირად, თან გამოაცხადა, თან არ გამოუცხადებია. გაურკვევლობის შექმნით, პუჩდემონის მიზანია, როგორც ჩანს, გაურთულოს ცენტრალურ ხელისუფლებას კატალონიის მმართველთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება და ასეთი ზომების მართებულობის დასაბუთება.
რეაქციები კარლეს პუჩდემონის გამოსვლაზე
კატალონიის პრეზიდენტის გამოსვლამ უკმაყოფილო დატოვა მისი მრავალი მხარდამჭერი - მაგალითად, ხალხი, ვინც 10 ოქტომბრის საღამოს ქუჩებში იყო შეკრებილი დამოუკიდებლობის გამოცხადების საზეიმოდ. უარყოფითია რეაქციები დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებისგანაც: ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალფონსო დასტისის, ინტერპრეტაციით, პუჩდემონი „ერთს ამბობს და იმის საწინააღმდეგოს“ აკეთებს. ხოლო ესპანეთის ვიცე-პრემიერმა, სორაია საენს დე სანტამარიამ, დაასკვნა: პუჩდემონმა აშკარად არ იცის, „სად დგას, საით მიდის და ვისთან ერთად წასვლა სურსო“.
კატალონიის პრეზიდენტის პასუხზე იქნება დამოკიდებული მომავალი მოვლენები მომდევნო რამდენიმე დღეში...მარიანო რახოი
11 ოქტომბერს ესპანეთის მინისტრთა კაბინეტმა საგანგებო სხდომაზე იმსჯელა კატალონიაში შექმნილ ვითარებასა და მთავრობის საპასუხო ნაბიჯებზე, რის შემდეგაც მარიანო რახოიმ საზოგადოებას აცნობა, რომ ესპანეთის მთავრობა კატალონიის რეგიონის მთავრობას მიმართავს ოფიციალური თხოვნით, დაადასტუროს, თუ მართლაც გამოცხადებული აქვს კატალონიის დამოუკიდებლობა. რახოის არ დაუსახელებია ვადა, როდის მოელის ბარსელონიდან პასუხს, მაგრამ აღნიშნა, რომ „კატალონიის პრეზიდენტის პასუხზე იქნება დამოკიდებული მომავალი მოვლენები მომდევნო რამდენიმე დღეში“.
კატალონიის პრეზიდენტის დილემა
თუ კარლეს პუჩდემონი დაადასტურებს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ესპანეთის მთავრობა მას, სავარაუდოდ, უპასუხებს კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებით, ხოლო თუ უარზე დადგება და იტყვის, რომ დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებია, მოსალოდნელია, რომ მის კოალიციურ მთავრობას (სხვათა შორის, უმცირესობის მთავრობას) გამოეყოფა დამოუკიდებლობის მომხრე ულტრამემარცხენე პარტია CUP-ი და, საერთოდ, პოლიტოლოგების აზრით, გაძლიერდება ფრაგმენტაცია კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა შორის.
მადრიდი უარს ამბობს დიალოგზე
ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება უკანონოდ მიიჩნევს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმს და, შესაბამისად, აღნიშნავს, რომ ბარსელონას არა აქვს უფლება იმოქმედოს უკანონო კენჭისყრის შედეგების მიხედვით. როგორც 11 ოქტომბერს აღნიშნა ესპანეთის ვიცე-პრემიერმა, სორაია საენს დე სანტამარიამ, „დემოკრატებს შორის დიალოგი კანონის ჩარჩოებში უნდა გაიმართოს“. მან კატალონიის ხელმძღვანელებს მოუწოდა კვლავ იმოქმედონ კანონების მიხედვით.
საკონსტიტუციო რეფორმის პერსპექტივა
ესპანეთის ოპოზიციონერი სოციალისტების ლიდერმა, პეტრო სანჩესმა, ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს შეუთანხმდა, დაიწყონ მუშაობა საკონსტიტუციო რეფორმაზე, რათა შეიცვალოს ავტონომიური რეგიონების - მათ შორის, კატალონიის - მართვის წესები. გეგმით, საგანგებო კომიტეტი ექვსი თვე იმუშავებს რეგიონალური ავტონომიის სისტემის შესასწავლად, რის შემდეგაც პარლამენტი იმსჯელებს საკონსტიტუციო რეფორმაზე.