Accessibility links

მოკავშირეები კატალონიის ლიდერს სთხოვენ გამოაცხადოს სრული დამოუკიდებლობა


კატალონიის დროშა

კატალონიის ლიდერი, კარლეს პუჩდემონი, თავისი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის ზეწოლის ქვეშ მოექცა - მოკავშირე მას სთხოვს გამოაცხადოს სრული დამოუკიდებლობა და უგულებელყოს ესპანეთის ცენტრალური მთავრობის მუქარა, რომ შემოიღებს პირდაპირ მმართველობას.

სამშაბათ საღამოს პუჩდემონმა სიმბოლურად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რამდენიმე წამში კი ის უკან წაიღო და გამოვიდა მადრიდთან მოლაპარაკების გამართვის მოწოდებით.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, მარიანო რახოი, აცხადებს, რომ გააუქმებს კატალონიის ავტონომიას, თუ პუჩდემონი მაინც უერთგულებს დამოუკიდებლობის იდეას.

ულტრამემარცხენე პოლიტიკური ჯგუფი CU-ი პუჩდემონს მოუწოდებს უკომპრომისოდ გამოაცხადოს დამოუკიდებლობა, მიუხედავად მადრიდის მიერ დაწესებული ვადისა საიმისოდ, რომ კატალონიის ლიდერმა თავის პოზიციაში მეტი სიცხადე შეიტანოს.

„თუ მადრიდის ცენტრალურ მთავრობას კვლავაც სურს დაგვემუქროს და გაგვაჩუმოს, ეს უნდა გაუკეთოს რესპუბლიკას, რომელიც უკვე გამოცხადებული იქნებაო“, - აცხადებს პარტია.

ამ ჯგუფს მხოლოდ 10 მანდატი აქვს კატალონიის 135-ადგილიან პარლამენტში, მაგრამ პუჩდემონის უმცირესობის მთავრობა მასზე დამოკიდებულია კანონმდებლობის გატანის პროცესში.

რეფერენდუმის შემდეგ ამ მდიდარი რეგიონის, კატალონიის, სეპარატისტულმა მისწრაფებამ ესპანეთში შექმნა ყველაზე მძიმე კრიზისი მას შემდეგ, რაც იქ 1981 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო.

„როიტერსი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პუჩდემონი და მისი გუნდი მუშაობენ რახოისთვის გასაცემ პასუხზე, თუმცა დეტალებს ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.

CUP-ის განცხადება ირეკლავს პოზიციას, რომელიც ხუთშაბათ საღამოს გამოაცხადა დამოუკიდებლობის მომხრე გავლენიანმა ჯგუფმა, კატალონიის ეროვნულმა ასამბლეამ, - „დიალოგთან მიმართებით ესპანეთის უარყოფითი პასუხის გათვალისწინებით“, მოვუწოდებთ რეგიონალურ პარლამენტს აღარ შეაჩეროს დამოუკიდებლობის გამოცხადებაო.

მაგრამ პუჩდემონის პარტიის ლიდერი, არტურ მასი, რომელიც 2016 წლამდე რეგიონის პრეზიდენტი იყო, და, გავრცელებული ცნობებით, ახლაც დიდ გავლენას ახდენს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადება არ არის ერთადერთი გზა.

„თუ სახელმწიფო საკუთარ თავს დამოუკიდებლად გამოაცხადებს, მაგრამ შესაბამისად მოქცევა არ შეუძლია, მაშინ ეს დამოუკიდებლობა მხოლოდ ესთეტიკურიაო“, უთხრა მან კატალონიის ტელეარხ TV3-ს.

მასმა დასძინა, ამიერიდან მიღებულ გადაწყვეტილებებში გარე ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებულიო.

ევროკავშირმა, აშშ-მა და მსოფლიოს სხვა გავლენიანმა ძალებმა ღიად თქვეს, რომ მათ სურთ კატალონია ესპანეთის შემადგენლობაში დარჩეს.

„თუ კატალონიას გამოყოფაზე ნებას დავრთავთ, - და ეს ჩვენი საქმე არც არის, - სხვებიც იმასვე გააკეთებენ, ეს კი არ მინდაო, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, ლუქსემბურგის უნივერსიტეტში წარმოთქმულ სიტყვაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG