Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონიაში ჩვეულებრივი სამუშაო დღეა მას შემდეგ, რაც ესპანეთმა პირდაპირი მმართველობა დაამყარა


ორშაბათს, 30 ოქტომბერს, კატალონიაში ჩვეულებრივი სამუშაო დღე დადგა, ქუჩებში სიმშვიდით, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთისგან გამოყოფის მომხრე პოლიტიკოსები მოქალაქეებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდნენ. სააგენტო “როიტერსის” ანალიტიკოსის აზრით, ეს სიმშვიდე შესაძლოა იყოს იმ ზომების ეფექტიანობის პირველი ნიშანი, რომლებსაც ესპანეთი მიმართავს კატალონიის დამოუკიდებლობის შესაჩერებლად.

სიმშვიდე დადებითად აისახა ფინანსურ ბაზრებზეც, რომლებიც გაიზარდა.

კატალონიამ, ესპანეთის მდიდარმა რეგიონმა თავისი ენითა და კულტურით, ბიძგი მისცა ათწლეულების განმავლობაში ესპანეთის უდიდეს პოლიტიკურ კრიზისს, როცა 1 ოქტომბერს ჩაატარა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, რომელსაც ესპანეთის სასამართლოები უკანონოდ მიიჩნევენ.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ, პარასკევს რეგიონზე პირდაპირი კონტროლი დაამყარა, დაითხოვა მისი სეპარატისტი მთავრობა და ვადამდელი არჩევნები მოიწვია 21 დეკემბერს.

კატალონიაში ჩვეულებრივი სამუშაო დღეა მას შემდეგ, რაც ესპანეთმა პირდაპირი მმართველობა დაამყარა

  • კატალონიის ლიდერები არ ეურჩებიან მადრიდის ძალაუფლებას
  • კატალონიის ქუჩებში სიმშვიდეა, საპროტესტო გამოსვლები არ ტარდება
  • გამოკითხვები მოწმობს, რომ დამოუკიდებლობის იდეის მხარდაჭერა შესაძლოა იკლებდეს

კატალონიის ადმინისტრაციის ზოგიერთმა გავლენიანმა წევრმა, პრეზიდენტ კარლეს პუძდემონის ჩათვლით, განაცხადა, რომ ცენტრალური ხელისუფლების ნაბიჯებს არ დაემორჩილება და რომ მათი დათხოვნის უფლება მხოლოდ კატალონიის ხალხს აქვს.

ესპანეთის სახელმწიფო პროკურორი ორშაბათს გამოვიდა ინიციატივით კატალონიის ლიდერებს წაეყენოს ამბოხებისა და ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებები, ესპანეთისგან გამოყოფის მოძრაობის გამო. არსებობს ასევე სახელმწიფო სახსრების უმართებულო ხარჯვის ბრალდების წაყენების ალბათობაც.

ესპანეთის იურიდიული სისტემის თანახმად, ეს ინიციატივა ახლა მოსამართლემ უნდა განიხილოს.

დამოუკიდებლობის კამპანიის მომხრე სამოქალაქო ჯგუფები სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ფართომასშტაბიანი კამპანიის გამართვის მოწოდებებით გამოვიდნენ. მათი თქმით, საჯარო მოსამსახურეებს - მათ შორის მასწავლებლებს, მეხანძრეებსა და პოლიციას - წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ ცენტრალური ხელისუფლების ბრძანებებისთვის, მაგრამ ორშაბათს მოსამსახურეთა უმრავლესობა გამოცხადდა სამსახურში და დაოუმორჩილებლობის კამპანიის ნიშნები არ ჩანდა.

საპროტესტო გამოსვლები კატალონიაში
საპროტესტო გამოსვლები კატალონიაში

კატალონიის დათხოვნილი ლიდერების უმრავლესობა ორშაბათს ორაზროვანი განცხადებებით შემოიფარგლა და ესპანეთის ხელისუფლებისთვის პირდაპირი დაუმორჩილებლობა არ გამოუცხადებია.

კატალონიის რეგიონში საჯარო სექტორის ორას ათასამდე მუშაკი ხელფასს ადგილობრივი ხელისუფლებისგან იღებს, კიდევ ასი ათასი კი - მადრიდიდან, ცენტრალური ხელისუფლებისგან.

კვირას ასიათასობით დემონსტრანტმა გამართა აქცია ერთიანი ესპანეთის მხარდასაჭერად.

ორი სხვადასხვა გამოკითხვაც მოწმობს, რომ დამოუკიდებლობის იდეის მიმართ მხარდაჭერა შესაძლოა იკლებდეს. Sigma Dos-ის გამოკვლევა, რომელიც გამოცემა „მუნდომ“ გამოაქვეყნა, მოწმობს, რომ დამოუკიდებლობას ემხრობა კატალონიის მოსახლეობის 33,5 პროცენტი, ხოლო ორგანიზაცია Metroscopia-ს მიერ ჩატარებული გამოკვლევა, რომელიც „პაისში“ გამოქვეყნდა, დამოუკიდებლობის მხარდამჭერად 29 პროცენტს ასახელებს - ეს მაშინ, როცა, კატალონიის ხელისუფლების მიერ ივლისში ჩატარებული ოფიციალური გამოკითხვის თანახმად, დამოუკიდებლობას მოსახლეობის 41,1 უჭერდა მხარს.

გამოყოფის მოწინააღმდეგეებმა დიდწილად ბოიკოტი გამოუცხადეს 1 ოქტომბრის რეფერენდუმს, რომელზეც ამომრჩევლის აქტივობა 43 პროცენტს გაუტოლდა, თუმცა რეფერენდუმზე მისული მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რეგიონის ესპანეთისგან გამოყოფის პერსპექტივას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG