Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იმოქმედებდა კატალონიის გამოყოფა საფეხბურთო კლუბ "ბარსელონაზე"?


კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ პოლიტიკური დისკუსია, რომელიც მოჰყვა საკამათო რეფერენდუმს, სადაც მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირეს, წამოჭრის კითხვებს "ბარსელონის" საფეხბურთო გუნდის გარშემო.

სამშაბათს გუნდი შეუერთდა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ გაფიცვას, რათა გაეპროტესტებინა „სერიოზული მოვლენები, რომლებიც მოხდა კატალონიაში დამოუკიდებლობის ჩატარების დღეს“.

1 ოქტომბერს შეტაკებებში დაშავდა სულ მცირე 893 სამოქალაქო პირი და 431 პოლიციელი. ამ მონაცემებს რეგიონალური და ცენტრალური უწყებები ავრცელებენ.

ძალადობის მიმდინარეობისას "ბარსელონა" ცარიელი ტრიბუნების პირობებში ეთამაშებოდა "ლას პალმასს".

კატალონიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა ორ მილიონზე მეტმა მოქალაქემ, ანუ რეფერენდუმზე მისულთა 90-მა პროცენტმა.

კატალონიის ხელისუფლება მსჯელობს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებაზე, თუმცა მადრიდი გადაჭრით ეწინააღმდეგება კენჭისყრას, რომელზეც ამომრჩევლის აქტიურობამ 42 პროცენტი შეადგინა.

რეგიონის პოლიტიკური მომავლის ბუნდოვანების ფონზე, "ბარსელონა", ესპანეთის 24-გზის ჩემპიონი, ეროვნული საფეხბურთო ლიგიდან გამოსვლის შესაძლებლობის წინაშეა.

კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ ამბობს, რომ "ბარსელონის" საბჭოს მოუწევს განიხილოს ეროვნული ლიგიდან გამოსვლის შესაძლებლობა, თუ კატალონია გამოეყო ესპანეთს.

„ლიგაში "ბარსელონის" მომავლის გარშემო ამ ეტაპზე პრობლემები არ არის“, - უთხრა მან ჟურნალისტებს ორშაბათს, თუმცა დასძინა, იმის გათვალისწინებით, თუ რა მოხდება მომავალში, მმართველთა საბჭოს მოუწევს შესაძლებლობების განხილვაო.

„ჩვენ საუკეთესო გამოსავალს გამოვნახავთ. თუ დამოუკიდებლობა შედგება, ვითარება ფრთხილად უნდა განვიხილოთო“, - თქვა ბარტომეუმ.

ფეხბურთის ექსპერტთა თქმით, ერთადერთი გზა, რითაც ევროპის ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებული კატალონიის გამოყოფის შემდეგაც შეძლებს ესპანეთის ლიგაში დარჩენას, პარლამენტის მიერ ქვეყნის კანონებში ცვლილების შეტანა იქნება.

მიუხედავად გავრცელებული ხმებისა, რომ გუნდი, შესაძლოა, ინგლისის პრემიერ-ლიგაში გადავიდეს, ექსპერტები თვლიან, რომ ესპანეთის ლიგაში დარჩენა "ბარსელონისთვის" მთავარი პრიორიტეტი იქნება.

მეტიც: ანალიტიკოსების აზრით, "ბარსელონის" ლიგაში დატოვება საკუთრივ ესპანეთის ლიგისა და "ბარსელონის" მთავარი მეტოქის, მადრიდის "რეალის" ინტერესებშიც შედის, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში "ბარსელონის" დაკარგვა თავად ლიგას აზარალებს.

"ბარსელონის" მსგავს ვითარებაში არიან კატალონიის სხვა გუნდებიც - "ესპანიოლი" და "ხირონა", რომლებიც ასევე ესპანეთის პირველ ლიგაში ასპარეზობენ.

„ბარსამ“, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, მხარი დაუჭირა კატალონიის უფლებას, გააკეთოს არჩევანი, თუმცა დამოუკიდებლობის მომხრე პირდაპირი განცხადება არ გაუკეთებია.

გუნდი ერთ-ერთია იმ, სულ ცოტა, 4 000 ხელმომწერს შორის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „ეროვნულ შეთანხმებას არჩევანის უფლების შესახებ“. ესენია პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ორგანიზაციები და სხვა ძალები, რომლებიც მხარს უჭერდნენ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამართვას.

„ბარსას“ გულშემატკივართა უზარმაზარი არმია ჰყავს - შინაც და საზღვარგარეთაც.

"ტვიტერზე" კლუბს 25 მილიონამდე მიმდევარი ჰყავს. "ფეისბუკზე" მისი გვერდი მილიარდზე მეტ პირს აქვს მოწონებული.

XS
SM
MD
LG