Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფლება ხადიჯას!


ხადიჯა ისმაილოვას მხარდასაჭერი აქცია თბილისში
ხადიჯა ისმაილოვას მხარდასაჭერი აქცია თბილისში

10 დეკემბერს თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოს წინ, ჟურნალისტებმა და ადამიანის უფლებათა დამცველებმა თავიანთი აზერბაიჯანელი კოლეგის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას დაპატიმრების ფაქტი გააპროტესტეს. საელჩოსთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას ხადიჯას და სხვა არაერთი დაპატიმრებული აზერბაიჯანელი ბლოგერისა თუ უფლებადამცველის გათავისუფლებისაკენ მოუწოდეს.

ხელში პლაკატები: „თავისუფლება ხადიჯას“, „ნუ მიიყვანთ მედიას თვითმკვლელობამდე“, ხადიჯა ისმაილოვას ფოტოები, შავი მაისურები, დაპატიმრებული აზერბაიჯანელი უფლებადამცველების ფოტოებითა და სახელ-გვარებით - თბილისში აზერბაიჯანის საელჩოსთან, ხოლო ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოსთან ქართველმა ჟურნალისტებმა და უფლებადაცველებმა ერთდროულად გააპროტესტეს 5 დეკემბერს ბაქოში ხადიჯა ისმაილოვას დაპატიმრების ამბავი. და არამხოლოდ. აქციის მონაწილეების პროტესტი ბოლო დროს აზერბაიჯანში აზრის გამოხატვისათვის, ასევე ჟურნალისტური საქმიანობის გამო არაერთი აქტივისტის დაპატიმრებამ გამოიწვია. ცნობილ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რადიო თავისუფლების რეპორტიორს, ხადიჯა ისმაილოვას სასამართლომ 5 დეკემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აზერბაიჯანელი კოლეგის მხარდასაჭერად თბილისში გამართულ აქციაში მონაწილეობა ორმოცდაათამდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყო ჟურნალისტი და ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ რედაქტორი მაია მეცხვარიშვილიც. ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი სანქციები, რაც ჟურნალისტების მიმართ აზერბაიჯანში მოქმედებს, ხშირად გადამდებ ხასიათს იღებს, ამიტომ ამ სოლიდარობას და პროტესტს დიდი მნიშვნელობა აქვს:

მაია მეცხვარიშვილი
მაია მეცხვარიშვილი

„ჩვენი პროტესტი და აღშფოთება სწორედ იმას უკავშირდება, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ არა მარტო ხადიჯა, არამედ ყველა ის ბლოგერი და ჟურნალისტი, რომელიც ბოლო წლებში აზერბაიჯანში დააპატიმრეს. მე დეტალურად ვიცნობ მათ საქმეებს და საოცარია, რომ ყველა მათგანი „მხილებულია“ ვითომ ნარკოტიკების უკანონო შეძენაში, იარაღის უკანონო კონტრაბანდაში, ახლა მათ ხადიჯაც დაემატა სუიციდამდე მიყვანის მცდელობისათვის, რაც აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებაა და ყველამ კარგად იცის, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებამაც, რომ ყველა მათგანი დაპატიმრებულია სწორედ მათი ჟურნალისტური საქმიანობის გამო“.

მაია მეცხვარიშვილი მიიჩნევს, რომ ყველამ - განსაკუთრებით კი, საერთაშორისო საზოგადოებამ - ამ ადამიანების დასაცავად ხმა უნდა აიმაღლოს, რათა არც ერთი ჟურნალისტი თავისი საქმიანობისათვის ხელისუფლებამ არ დააკავოს:

„ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული და, ვფიქრობ, ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს და გადადგას უკან ნაბიჯები და გაათავისუფლოს ყველა, ვინც დღეს ისჯება თავისი პროფესიული საქმიანობის გამო“.

აზერბაიჯანის საელჩოსთან ხადიჯასა და სხვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისა თუ უფლებადამცველების გათავისუფლების მოთხოვნით მივიდა თბილისის „ადამიანის უფლებათა სახლის“ კოორდინატორი ნინო ღვედაშვილიც. ის და მისი კოლეგები მსგავს აქციას, დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, აწყობენ ყველა ქვეყანაში, სადაც კი ერთად მოხვდებიან. სულ ბოლოს სამხრეთკავკასიელმა უფლებადამცველებმა ერთობლივი პროტესტი გამოხატეს უკრაინაში, აზერბაიჯანის საელჩოსთან. იმასვე იმეორებენ თბილისში:

ნინო ღვედაშვილი
ნინო ღვედაშვილი

„აქციიდან რამდენიმე დღეში დააკავეს ცნობილი ჟურნალისტი, ხადიჯა. ახალი პროტესტი სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. ეს პროცესი გრძელდება და ყოველდღიურად არაერთი ბლოგერი, ჟურნალისტი და ადამიანის უფლებების დამცველი დგას ამ საფრთხის წინ. ჩვენ შევახსენებთ აზრებაიჯანის ხელისუფლებას, რომ მათ უნდა დაიცვან ადამიანის უფლებები“.

აქციაზე მისული ადამიანების ნაწილს შავ მაისურებზე აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული ბლოგერებისა და უფლებადამცველების ფოტოები ეხატა, ქვეშ მიწერილი მათივე სახელებითა და გვარებით. მათ შორის იყო ნინო ელბაქიძეც, „ადამიანის უფლებათა სახლიდან“. ის გვეუბნება, რომ ამ ხალხის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები აბსურდული და, რაც მთავარია, უსაფუძვლოა:

„ჩვენ სწორედ ამას შევახსენებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ არსებობენ ადამიანის უფლებათა დამცველები, რომელთაც აქვთ უფლება იყვნენ თავისუფალნი და არ დააკავონ უსაფუძვლო ბრალდებებით. ჩენ აქ მოსვლით შევახსენებთ საზოგადოებას ამ ამბავს და ვითხოვთ აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან გაათავისუფლოს ეს ადამიანები“.

აზერბაიჯანის საელჩოსთან მისული აზერბაიჯანელი ბლოგერი, ჟურნალისტი და აქტივისტი ჰაჯი ჰაჯიევი დღეს თავის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უპრეცედენტო რეპრესიებად მიიჩნევს. მისი შეფასებით, ეს შესაძლოა მრავალი ფაქტორით იყოს განპირობებული, კერძოდ, იმით, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი ეცემა, რაც, თავის მხრივ, სირთულეებს უქმნის აზერბაიჯანს და, კონკრეტულად, მმართველ რეჟიმს, რომელიც ამ ნავთობით საზრდოობს:

ჰაჯი ჰაჯიევი
ჰაჯი ჰაჯიევი

„ის, რომ დღეს ხადიჯა დაპატიმრებულია, გასაკვირი სულაც არ არის. გასაკვირი უფრო ისაა, რომ ის აქამდე არ დაიჭირეს, იმიტომ რომ ხადიჯამ თავისი საქმიანობით დიდი ხანია „დაიმსახურა“ აზერბაიჯანული ციხე - ვგულისხმობ იმ პოლიტიკით, რაც იქ მოქმედებს. უბრალოდ, დიდხანს ვერ წყვეტდნენ მის დაპატიმრებას, რადგან ხადიჯა მსოფლიოში ძალიან ცნობილი ჟურნალისტი და ავტორია ალიევების ოჯახის შესახებ ძალიან ხმაურიანი გამოძიებებისა, რომელშიც მან ფაქტებით დაამტკიცა, რომ აზერბაიჯანში ყველა მთავარი ბიზნესი სწორედ ალიევების ოჯახს ეკუთვნის“.

ჰაჯი ჰაჯიევი, თავის სტატიაში წერს, რომ აზერბაიჯანში ცნობილი ჟურნალისტისა და უფლებადამცველის ხადიჯა ისმაილოვას დევნა 2010 წლის ივნისიდან დაიწყო, როდესაც მან გამოაქვეყნა საგამოძიებო სტატია, სათაურით „ალიევის იმპერია იზრდება - თამაშში მისი ქალიშვილი ჩაერთო“. ალიევების მმართველობასა და მათი ბიზნესწილების შესახებ ხადიჯამ სტატიების მთელი ციკლი გამოაქვეყნა. 2012 წელს ხადიჯამ მუქარის წერილი მიიღო - ის გააფრთხილეს, რომ თუ ჟურნალისტურ გამოძიებას არ შეწყვეტდა, მისი ინტიმური ცხოვრების ამსახველ კადრებს ინტერნეტით გაავრცელებდნენ. ხადიჯა არ დანებდა, მისი სექსუალური ცხოვრების ამსახველი ვიდეო კი ათასობით ადამიანმა ნახა.

ამ ამბავს ხადიჯას მხრიდან კიდევ სამი მწვავე შინაარსის საგამოძიებო სტატია მოჰყვა, რომლებიც კვლავაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის ბიზნესინტერესებს ასახავდა. 2014 წელს ხადიჯა ისმაილოვამ კიდევ სამი სერიოზული გამოძიება გამოაქვეყნა: ერთი - თუ როგორ ყიდდა პრეზიდენტის შვილი არზუ ალიევა მის კუთვნილ, ჩეხეთში დაფუძნებულ კომპანიას აზერბაიჯანელ მოხელეზე, მეორე - რა უნდა ვიცოდეთ „ფაშა“ ჰოლდინგის“ შესახებ და კიდევ ერთი გამოძიება „აზერსელის“ წილებსა და მასში ასევე ალიევის ქალიშვილების ინტერესებზე.

ხადიჯა ისმაილოვას მხარდასაჭერი აქცია თბილისში
ხადიჯა ისმაილოვას მხარდასაჭერი აქცია თბილისში

ეს ბოლო წვეთი იყო. ამის შემდეგ ელმან ჰასანოვის საჩივრის საფუძველზე ხადიჯას წინააღმდეგ საქმე აღიძრა. ის ხადიჯას მისი თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში სდებდა ბრალს. მალევე აზერბაიჯანის პროკურატურამ ხადიჯა იმ დოკუმენტების გავრცელებაში დაადანაშაულა, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანის სპეცსამსახურები უკანონოდ უთვალთვალებდნენ ოპოზიციის აქტივისტს და ინტიმური ვიდეოთი აშანტაჟებდნენ, რათა მას მათთვის ოპოზიციის სხვა წევრებზე ინფორმაცია მიეწოდებინა. 5 დეკემბერს ხადიჯა დააპატიმრეს. მას ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

რაც მთავარია, ხადიჯას გამოძიებებში ასახულ ფაქტებს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერაფერი დაუპირისპირა. ჰაჯი ჰაჯიევი გვეუბნება, რომ ბოლო გამოძიებებს აღარც კი ჰქონდა ისეთი რეზონანსი, რადგან ხადიჯამ, ფაქტობრივად, თავისი საგამოძიებო სერიებით ყველაფერი თქვა. ალიევების ბიზნესინტერესების შესახებ მთელმა ქვეყანამ გაიგო.

თბილისში მიმდინარე აქციას თვალს ადევნებდა აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელი, რომელმაც მედიასთან კომენტარზე უარი განაცხადა. დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა გვთხოვეს, რომ გადაღებისას საელჩოს შენობა არ გამოგვეჩინა. აქციას საელჩოდან სხვა არავინ გამოხმაურებია. ბათუმში კი, სადაც საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 20 ადამიანი მივიდა, აზერბაიჯანის საკონსულომ ხადიჯას გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერილი პეტიციის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG