Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალხისა და პოლიტიკური პარტიების ინტერესები არჩევნებზე – იმედი და იმედგაცრუება 


საარჩევნო პლაკატები ქუთაისის ქუჩაში
საარჩევნო პლაკატები ქუთაისის ქუჩაში

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 21 ოქტომბერს, დილის 8 საათზე, ქალაქში გაიხსნება 124 საარჩევნო უბანი. მათი უმრავლესობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლები სამ ბიულეტენს მიიღებენ - ერთს ქუთაისის მერის, ორს კი მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით ქალაქის საკრებულოს წევრების ასარჩევად. ქუთაისის საკრებულოს 25 დეპუტატიდან მაჟორიტარული წესით 10 აირჩევა. საერთო ჯამში, სულ 14-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა მაჟორიტარი დეპუტატობის 81 კანდიდატი, ქუთაისის მერობისთვის კი 8 კანდიდატი იბრძოლებს. რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული ქუთაისელების ის ნაწილი, რომელიც კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებს ორად იყოფა - ნაწილს განსაკუთრებული ცვლილებების იმედი არ აქვს, ნაწილი კი სწორი არჩევანის შედეგად სასიკეთო გადაწყვეტილებების მოლოდინშია:

ქუთაისი
ქუთაისი

“მე ახლა მაქვს იმედი, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს და გაკეთდეს ყველაფერი. ხალხი გასაცოდავებულია და დახმარების მოლოდინშია. დახმარებას არ უნდა ელოდნენ, უნდა იყოს ყველა დასაქმებული და ყველას ჰქონდეს სამსახური, ვისაც მუშაობა შეუძლია. უნდა გამოკეთდეს ცხოვრება და უნდა შეიცვალოს. მივცემ ხმას ვისაც ეკუთვნის“.

„სწორ გადაწყვეტილებას დავაფიქსირებ, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. გასაკეთებელი ბევრი რამაა, გადასაშენებელია ფაროსანა“.

„მინდა, რომ ისეთმა ადამიანმა გაიმარჯვოს, ვისაც ნამდვილად შეტკივა გული ხალხზე. უკეთესი ცხოვრება უნდა ხალხს, დაიღალა უკვე“.

„იმედით ცოცხლობს ადამიანი, იმედი გვაქვს, რომ გამოკეთდება ყველაფერი“.

„ვაპირებ მისვლას არჩევნებზე, მაგრამ არაფერი შეიცვლება“.

„არაფრის შეცვლის იმედი არ მაქვს, არჩევნებზე იმისთვის მივდივარ, რომ ყველას გადავუსვა ხაზი“.

„იმედი თუ არ გვექნა, ვერ ვიცოცხლებთ, მაგრამ იმედით ვხვდებით ყველაფერს, ვაკეთებთ იმედით და ბოლოს იმედგაცრუებულნი ვამთავრებთ იმედს“, – ამბობენ რადიო თავისუფლების რესპონდენტები.

ქუთაისი
ქუთაისი

რადიო თავისუფლების რესპონდენტების ის ნაწილი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, მიზეზად ასახელებს შეუსრულებელი დაპირებებით გამოწვეულ უიმედო განწყობას და მიიჩნევს, რომ ხალხისა და პოლიტიკური პარტიების ინტერესები ერთმანეთისგან განსხვავებულია:

„გაკეთდა რამე? არაფერი არ გაკეთებულა და მომავალში რა გაკეთდება?“

„არ მინდა ლაპარაკი, იმიტომ რომ არ ვღებულობ არჩევნებში მონაწილეობას“.

„არ ვთვლი, რომ მნიშვნელობა აქვს ჩემს მისვლას იქ“.

„რად მინდა არჩევნებზე მისვლა? გაჭირვებული ადამიანისთვის არავინ არ არის“.

„რა გზებით აპირებენ გადაჭრას მოსახლეობის პრობლემის, მე, მაგალითად პასუხი ვერ მივიღე ვერც ერთი პარტიის მხრიდან“.

ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისში რეგისტრირებულია 151 561 ამომრჩეველი. მოქალაქეები, რომლებსაც კენჭისყრაში მონაწილეობა გადაწყვეტილი აქვთ, ხმის მიცემას 21 ოქტომბერს დილის რვიდან საღამოს 8 საათის ჩათვლით შეძლებენ. უბანზე მისულ ამომრჩეველს ევალება მარკირების პროცედურის გავლა, საარჩევნო სიაში იდენტობის დადასტურება, კომისიის წევრის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული ბიულეტენების კაბინაში ფარულად შევსება და მათი მოთავსება სპეციალურ კონვერტში, რომელსაც შემდეგ ყუთში ჩაუშვებს. ხმის მიცემის შემდეგ ამომრჩეველმა უბანი უნდა დატოვოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG