Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისკუსია ქუთაისში – აქტიური მოქალაქე რეალური თვითმმართველობის საფუძველი


დისკუსია ქუთაისში
დისკუსია ქუთაისში

თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე, ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობასა და არჩევნებისადმი მოქალაქეთა ინტერესის შემცირებაზე იმსჯელეს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ორგანიზებით ქუთაისში გამართულ საჯარო დისკუსიაზე. ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი დემოკრატიის ქართულ გამოცდილებაზე, თვითმმართველობის ფორმირების პროცესსა და მის შედეგებზე.

საჯარო დისკუსიის მომხსენებლის, ჟურნალისტ ზვიად ქორიძის, შეფასებით, იმის მაგალითი, თუ როგორი არ უნდა ყოფილიყო თვითმმართველობის რეფორმა, საქართველოში 2006 წელს მიღებული კანონია, რომელმაც დანიშნული მერები და გამგებლები მთლიანად დაუქვემდებარა ცენტრალურ ხელისუფლებას:

თვითმმართველობის პრობლემები იმერეთში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“:

  • არ სრულდება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ამოქმედებული საკანონმდებლო ნორმები
  • შეინიშნება მოქალაქეთა ნაკლები ინფორმირებულობა ჩართულობის ფორმებსა და მექანიზმებზე
  • ორი წლის განმავლობაში მოქალაქეებმა იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან პეტიციით მხოლოდ ერთს მიმართეს
  • ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საერთოდ არ შექმნილა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, ხოლო იქ, სადაც საბჭოები არსებობენ, მათი საქმიანობა ფორმალურია

„გამგებლები წყვეტდნენ რა გაკეთებულიყო და უკვე თავისთავად სასაცილო იყო, რომ, მაგალითად, ერთ წელს გადაწყვიტეს გამგებლებმა მთელ საქართველოში სასაფლაოებს შესცვლოდა ჭიშკრები და ღობეები, მეორე წელს მთელ საქართველოში უნდა აშენებულიყო ავტობუსების ახალი მოსაცდელები და რატომღაც ყველა მათგანი ვარდისფრად შეიღება. ეს იმას ნიშნავს,რომ ადგილობრივი ხელისუფლების შიში ყოველთვის აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ჩვენი ცენტრალური ხელისუფლება ბუნებით უნიტარისტულია“.

ზვიად ქორიძის თქმით, თვითმმართველობის რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანი იყო თავდაპირველი პროექტის სახით შენარჩუნებულიყო 2014 წელს მიღებული ახალი კოდექსი. ზვიად ქორიძის განცხადებით, კანონპროექტზე მუშაობისას დოკუმენტიდან ამოიღეს მნიშვნელოვანი პუნქტები, რომლებიც რეალურ თვითმმართველობას განაპირობებდა:

„ძირშივე ამ კოდექსს ამოაცალეს ის, რითაც თვითმმართველობა საქართველოში იქნებოდა ძლიერი. პირველი იყო, რომ, რაც შეიძლება მეტად მომხდარიყო დეცენტრალიზაცია. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ განვითარებაზე, უნდა დავიწყოთ ქვემოდან, დემოკრატია არასოდეს მოდის ზემოდან. რა თქმა უნდა, ადამიანებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა უნდა იყოს ის პირველადი რგოლი, სადაც ჩვენ შეიძლება თვითმმართველობა ჩამოვაყალიბოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მე ყველაზე კარგად აღვიქვამ იმ სივრცეს, სადაც ვცხოვრობ, მე ყველაზე კარგად ვხედავ იმ პრობლემებს, რომლებიც მაქვს და ვირჩევ იმ ადამიანს, რომელიც ამ პრობლემების მოგვარებას შეძლებს ჩემთან ერთად, უშუალოდ ჩემთან კომუნიკაციით“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კოორდინატორ ლელა მოწონელიძის შეფასებით, რეალურად არ სრულდება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ამოქმედებული საკანონმდებლო ნორმები და ორი პრობლემა იკვეთება თვითმმართველი ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით: მოქალაქეთა ნაკლები ინფორმირებულობა ჩართულობის ფორმებსა და მექანიზმებზე და მათი ეფექტიანობა. ლელა მოწონელიძის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ სპეციალური კვლევა ჩაატარა და გაირკვა, რომ ორი წლის განმავლობაში მოქალაქეებმა იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან პეტიციით მხოლოდ ერთს მიმართეს. ამასთან, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საერთოდ არ შექმნილა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, ხოლო იქ, სადაც საბჭოები არსებობენ, მათი საქმიანობა ფორმალურია:

„გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, მაგალითად, მოქალაქეები კანონით განსაზღვრულ ნორმებს არ იყენებენ სრულად და არის მუნიციპალიტეტები, სადაც ფორმალურად არის შექმნილი მრჩეველთა საბჭოები - დღემდე ისინი არ შეკრებილან და არ მიუღიათ რაიმე სახის გადაწყვეტილება“.

ქუთაისი
ქუთაისი

საჯარო დისკუსიის მომხსენებლის, ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული ასოციაციის - „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ - კოორდინატორის, ნინო თვალთვაძის, განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოსთვის ჯერ კიდევ ახალი ინსტიტუტია და მიმდინარეობს მისი ფორმირების პროცესი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობა:

„თვითმმართველობა არ არსებობს ჩვენ გარეშე და, საერთოდ, სახელმწიფო არ არსებობს ცალკე და ჩვენ ცალკე არ ვარსებობთ, ნებისმიერი სისტემა საზოგადოების გამოძახილია, რა თქმა უნდა. თუ გვინდა, რომ ეფექტური თვითმმართველობა არსებობდეს, ჩვენ თავად უნდა შევქმნათ ის. ნებისმიერი თანამდებობის პირი იქნება ზუსტად ისეთი, როგორსაც მას ჩვენ შევქმნით. მთავარია სისტემა იძლეოდეს იმის შესაძლებლობას, რომ აქტივობა, რაც წამოვა საზოგადობიდან, იყოს რეალიზებული. ლიდერები უნდა იყვნენ ისეთი, რომ სისტემაში არ უნდა ჩარჩნენ და ინიციატივა უნდა გამოიჩინონ და თუნდაც შეეწინააღმდეგონ, რისი უფლებაც კანონით აქვთ, მათ შორის ჩივილის, გაპროტესტების შესაძლებლობას კანონი ნამდვილად იძლევა, მთავარია პრეცედენტები შეიქმნას“.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის შენობა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის შენობა

ნინო თვალთვაძის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოქალაქეთა დაბალ აქტივობას განაპირობებს თვითმმართველი ორგანოებისთვის კანონით მინიჭებული კომპეტენციები. ნინო თვალთვაძის თქმით, თუ მოქალაქე ვერ ხედავს, რომ თვითმმართველობას მისი პრობლემების მოგვარება შეუძლია, კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილიც ნაკლებად აქვს. ნინო თვალთვაძის განმარტებით, კანონმდებლობით მკვეთრად არ არის გამიჯნული ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციები და თვითმმართველობას ძირითადად აქვს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის უფლება:

„რაც შეეხება ისეთ თემებს, როგორიც არის უსაფრთხოება, ჯანდაცვა და განათლება, თვითმმართველობას აბსოლუტურად არა აქვს შეხება მათთან. შესაბამისად, როდესაც ისმება შეკითხვა, რატომ არის ნაკლები აქტივობა თვითმმართველობის არჩევნებზე, რატომ არ ერთვებიან ადამიანები გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო აქტიურად, - იმიტომ რომ მოქალაქეები ვერ ხედავენ კავშირს თავიანთ პირად პრობლემებსა და თავიანთ ირგვლივ მიმდინარე პროცესებსა და თვითმმართველობას შორის, რადგან თვითმმართველობას ხშირ შემთხვევაში არ შეუძლია მათი ძირითადი პრობლემების მოგვარება“.

ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისში გამართული საჯარო დისკუსიის მონაწილეთა შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღონ აქტიური მონაწილეობა, არამედ არჩევნების შემდგომ პერიოდში თვითმმართველ ორგანოებს აქტიურად მიმართონ თავიანთი ინიციატივებით და რეალური თვითმმართველობა მოითხოვონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG