Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძრისგან დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ


ბავშვთა სამყაროშიგაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. ისინი კომპენსაციებს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვდნენ. პარალელურად, მოვაჭრეების ნაწილი გადარჩენილი ნივთების გამოსატანად დამწვარ შენობაში შესვლას ითხოვს.

გადმოწერა

მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე მოვაჭრეების ულტიმატუმების შესახებ ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა ილაპარაკა. აქციის მონაწილეები კომპენსაციების გაცემას ითხოვენ და ამისთვის მთავრობას ათდღიან ვადას აძლევენ, შემდეგ კი ისევ აქციებით იმუქრებიან.

„პირველ რიგში, უნდა დაითვალონ ზიანი, უნდა მოხდეს ამ ზიანის 100 პროცენტით ანაზღაურება. როდესაც ეს ხალხი დასაქმდება, მათ უნდა მიეცეთ ერთწლიანი შეღავათი, რათა დანაკარგის ანაზღაურება შეძლონ. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას აქვს თითქმის ბანკში ვალი. ერთი წლით უნდა შეწყდეს საპროცენტო განაკვეთებისა და საერთოდ თაანხის მოთხოვნა“, - ამბობს ზაზა ხატიაშვილი.

თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ ცდილობენ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციას გადარჩენილი საქონლის დროულად გამოტანაში დაეხმარონ:

„გუშინ სია გადაეგზავნათ დაზარალებული ადამიანებისა, რათა მათ ბანკებმა და საკრედიტო დაწესებულებებმა გარკვეული შეღავათები გაუკეთონ“.

"ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეები
"ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეები

მას შემდეგ, რაც მთავრობის ადმინისტრაციიდან მოვაჭრეებთან შესახვედრად არავინ გამოვიდა, აქციის მონაწილეები ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, ბიზნესცენტრისკენ გაემართნენ და იქაც აქცია გამართეს. ისინი ივანიშვილისგან მთავრობის წევრებზე ზეწოლას მოითხოვდნენ.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა იმდენად სუსტია, სახელმწიფოს პირდაპირ პასუხისმგებლობას ძნელად მოსთხოვ, თუმცა ხელისუფლებას წინასწარ უნდა ეზრუნა, მსგავსი სიტუაცია არ წარმოქმნილიყო:

„სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და რაღაც ტიპის ბერკეტები შეიმუშაოს, რომელიც მისაღები იქნება ამ ადამიანებისთვის და შესაძლებელს გახდის სახელმწიფომ ამოიყვანოს იმ სასოწარკვეთილებიდან, რომელშიც ისინი ჩავარდნენ. სახელმწიფოს გაუჭირდება თქვას, რომ მათ არანაირი პასუხისმგებლობა არა აქვს იმ ასეულობით ოჯახზე, რომელიც შეიძლება ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ეს ქვეყნისთვისაც არის რთული, არა მხოლოდ ამ ოჯახებისთვის“.

მისივე თქმით, არსებობს, ზოგადად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აკონტროლოს უსაფრთხოება მსგავსი ტიპის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ღვინიანიძე ამბობს, ასევე, რომ ეს შემთხვევა ბიძგი უნდა იყოს იმისათვის, რომ დაიწყოს ზრუნვა სხვადასხვა სახის სადაზღვევო მოდელებზე, რომელიც გაუთვალისწინებელი უბედურებისას ხალხს ზარალს შეუმსუბუქებს:

„შეიძლება სახელმწიფომ იფიქროს სხვადასხვა ტიპის სადაზღვევო სქემების შემუშავებაზე, რომელიც შექმნის სისტემას და ადამიანებს მსგავსი უცაბედი შემთხვევის დროს სრულიად ნულზე არ დატოვებს“.

ამ დრომდე ვერ ხერხდება „ბავშვთა სამყაროში“ დარჩენილი ნივთების გამოტანა. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შენობაში შესვლა სახიფათოა. ამჯერად „ბავშვთა სამყაროს“ გარშემო ღობეს აკეთებენ, რის შემდეგაც ტერიტორიიდან საფრთხის შემქმნელ ფილებს გაიტანენ. ადგილზე კვლავ რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები და პოლიცია, რომელიც პერიმეტრს იცავს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG