Accessibility links

1 იანვრიდან ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების ახალი რეგლამენტი ამოქმედდა


თბილისის ერთ-ერთი ბაზარი

ცნობილია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულება სხვა საკითხებთან ერთად კვების სტანდარტების დაახლოების პროცესს გულისხმობს. ცოტა ხნის წინ მედიის ნაწილში ირონიული შინაარსის მასალები გამოქვეყნდა ღორების თუ ძროხების პასპორტიზაციის თემაზე, თუმცა, სინამდვილეში, აქ ლაპარაკია, ევროპული სტანდარტის თანახმად, მოსახლეობისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებაზე იმ პროდუქტის შესახებ, რომლითაც ის იკვებება.

დღეისთვის უკვე სტანდარტია, რომ, მაგალითად, სუპერმარკეტებში რძის პროდუქტს ან რძის შემცვლელით დამზადებულ პროდუქტებს პირდაპირ აწერია, ბუნებრივი პროდუქტია თუ, მაგალითად, სპრეი ან მცენარეულ ცხიმზე დამზადებული არაჟანი და მყიდველსაც თავად შეუძლია გააკეთოს არჩევანი ფასსა და ხარისხს შორის. ასეთი არჩევანის გაკეთების საშუალება კი მომხმარებელს რძის რეგლამენტის ამოქმედებამ მისცა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ეტიკეტირებაში ამ საკითხების მითითების ვალდებულებასაც მოიცავდა.

2017 წლის იანვრიდან უკვე ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის შესახებ ახალი რეგლამენტი ამოქმედდება. რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

რეგლამენტი ბაზარზე განთავსებული საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების წარმოება-გადამუშავებას და დისტრიბუციისას სავალდებულო ეტიკეტირებას განსაზღვრავს. რეგლამენტის მიხედვით, ხორცის ეტიკეტზე უნდა განთავსდეს შემდეგი ძირითადი ინფორმაცია: საცნობარო ნომერი, რომელიც ენიჭება ცხოველს სასაკლაოზე შესვლისას; იმ სასაკლაოს აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი; თუ ხორცი სასაკლაოზე არ დაიჭრა, იმ ბიზნესოპერატორის აღიარების ნომერი, რომელმაც ხორცი დაჭრა; თუ ხორცი მიღებულია ცხოველისაგან, რომელიც დაიბადა, გაიზარდა და დაიკლა საქართველოში, ეტიკეტზე უნდა მიეთითოს სასაკლაოზე ცხოველის მიმყვანის პირადი ნომერი; თუ ცხოველის დაბადების, მოშენების, სუქებისა და დაკვლის ადგილი განსხვავდება ერთმანეთისგან, ეტიკეტზე მიეთითება ინფორმაცია თითოეულის შესახებ; თუ ხორცი იმპორტირებულია ან მიღებულია საქართველოში იმპორტირებული ცოცხალი ცხოველისაგან, ეტიკეტზე უნდა მიეთითოს „ცოცხალი ცხოველის იმპორტი“ და იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; იმ შემთხვევაში, თუ ხორცის დაჭრა სასაკლაოზე არ ხდება, ხორცზე უნდა განთავსდეს ერთი ეტიკეტი, ხოლო თუ იჭრება, ეტიკეტი უნდა განთავსდეს ყველა ნაჭერზე ისე, რომ ადვილად არ მოსცილდეს;

ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესოპერატორმა, რომელიც დაჭრილ ხორცს აწარმოებს, პარტიის ფორმირება მხოლოდ ერთი სასაკლაოდან მიღებული ხორცის პარტიიდან უნდა მოახდინოს. გამონაკლისის სახით, დასაშვებია დაჭრილი ხორცის პარტიის ფორმირება სამი სხვადასხვა სასაკლაოდან მიღებული ხორციდან. დაჭრილი შეუფუთავი ხორცისათვის პარტიის ზომა შესაძლებელია აღემატებოდეს დამჭრელი საწარმოს დღიურ წარმადობას;

ხორცი, რომელიც მიღებულია სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოშობილი ცხოველისაგან, ბიზნესოპერატორმა საცალო ვაჭრობაში ერთმანეთისგან გამიჯნულად უნდა განათავსოს. ინფორმაცია ხორცის ნაჭრებთან ახლოს ისე უნდა განთავსდეს, რომ მომხმარებელმა ადვილად განასხვაოს სხვადასხვა წარმოშობის ხორცი;

ბიზნესოპერატორი საცალო ვაჭრობაში ვალდებულია, ყოველდღიურად, თარიღის მითითებით, აწარმოოს ცხოველის სასაკლაოსა და ხორცის დამჭრელი საწარმოს აღიარების ნომრის რეგისტრაცია და მომხმარებელს მოთხოვნისთანავე მიაწოდოს. ეს, ერთი შეხედვით, საკმაოდ დეტალური და ბიუროკრატიული მოთხოვნები მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს არ მოტყუვდეს და ცოცხალი ხორცის ნაცვლად არ იყიდოს გაყინული ან, ქართული პროდუქტის მაგივრად, იმპორტირებული ხორცი და ა.შ.

თუმცა ერთია მოთხოვნა და მეორე - მისი აღსრულება. ცხადია, ეს პროცესი ეტაპობრივ მოხდება და, პირველ რიგში, ისევე როგორც რძის რეგლამენტის შემთხვევაში, მის აღსრულებას სუპერმარკეტების ქსელში უნდა ველოდოთ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG