Accessibility links

კითხვები პაატა პავლიაშვილის საქმეში - რა ვერ შეინახა სამხრე კამერამ?


მოქალაქის გარდაცვალების ფაქტმა პოლიციის მიერ დაკავების პროცესში, რაც 25 ნოემბერს თბილისში მოხდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პოლიციის სისტემური რეფორმისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობა - ასე ეხმაურება 7 არასამთავრობო ორგანიზაცია პაატა პავლიაშვილის საქმეს და საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავრობასა და პარლამენტს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს. საქმეს იძიებს საქართველოს პროკურატურა, რომელმაც დააკმაყოფილა პაატა პავლიაშვილის ოჯახის მოთხოვნა და მას საქმის მასალების გაცნობის საშუალება მისცა.

პაატა პავლიაშვილის საქმის გამოძიება მოწმეთა დაკითხვის ეტაპზეა. რაც შეეხება საქმის მასალებს, ოჯახისა და საზოგადოების ძირითად ინტერესს იწვევს პოლიციელთა სამხრე ვიდეოკამერებისა და საპატრულო ეკიპაჟის მანქანაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელიც, სამართალდამცავი ორგანოების მტკიცებით, მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს ინციდენტის განვითარებას, ანუ არ მოიცავს მთავარს - პაატა პავლიაშვილის დაკავებისა და დაკავებამდე პერიოდს, როდესაც მან პოლიციელებს უთხრა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. საქმის მასალები ნახა პაატა პავლიაშვილის ოჯახის ადვოკატმა ლევან ვეფხვაძემ, რომელიც ამბობს, რომ მასზე დასაწყისში აღბეჭდილია მეზობლების საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე მხარეებთან გასაუბრების მომენტი მანამ, სანამ პაატა პავლიაშვილი გამოჩნდებოდა. რაც შეეხება უშუალოდ მის ეპიზოდს:

“როცა უკვე გარდაცვლილთან ხდება ურთიერთობის გარკვევა და მათ შორის, როგორც პატრული განმარტავს, უნდა დაეკავებინათ, ეს კადრები აღარ არის. ასევე აღარ არის, რა წინაპირობა იყო დაკავების, რა დააშავა გარდაცვლილმა, რომ უნდა დაეკავებინათ, და არის შემდეგ კადრი, როცა უკვე ცუდადაა გარდაცვლილი, ზის ქვაფენილზე და ხდება მის მიმართ პირველადი ღონისძიების ჩატარება. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი იყო ის კადრი, დაკავება რატომ უნდა მომხდარიყო და დაკავება რომ ხდებოდა, მაშინ რა მოხდა. და ეს კადრები საქმეში არ არის. საქმეში არ არის იმიტომ, რომ, როგორც პროკურატურამ განგვიმარტა, ეს კადრები საერთოდ არ არსებობს, ანუ არ არის გადაღებული“.

თუმცა, ამავდროულად, პროკურატურის მიერ დანიშნულია ექსპერტიზა იმის დასადგენად, მიზანმიმართულად ხომ არ წაიშალა კადრები, რომელშიც გამოჩნდებოდა, იყო თუ არა საფუძვლიანი მოქალაქის დაკავება და როგორ მოიქცა პოლიცია მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ პაატა პავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

ამ კითხვებს ერთობლივ განცხადებაში სვამენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ აუცილებელია დადგინდეს, რა არის რეალურად ჩანაწერების არარსებობის მიზეზი და ხომ არ ჰქონდა ადგილი მათზე მანიპულირებას, ჩანაწერების დაზიანების ან განადგურების მიზნით. „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ადამიანის უფლებების იურისტი, ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში გაწერილი რეკომენდაციების იმ პუნქტს განმარტავს, რომელიც პოლიციელთა მიერ სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების პრაქტიკასა და წესს შეეხება:

“დღეს ჩვენ ვიცით, რომ საპატრულო სამსახური არის აღჭურვილი ვიდეოტექნიკით და შიდა ინსტრუქცია ავალდებულებს პატრულის თანამშრომელს, რომელიც განაწესში არის, რომ ატარებდეს სამხრე ვიდეოკამერას. ამ ჩანაწერის ერთადერთი მიზანი, ცხადია, არის ის, რომ ეს ვიდეოკამერა უნდა იყოს ჩართულ მდგომარეობაში და უნდა აფიქსირებდეს საპოლიციო საქმიანობის განხორციელებას, თუმცა დეტალური მოწესრიგება საკითხის, როდის უნდა ჩართოს პატრულმა კამერა, რა შემთხვევაში შეუძლია გამორთოს, მწყობრში რომ უნდა იყოს ეს კამერა, როგორ ხდება კამერის მონაცემების შენახვა-დაარქივება, დამუშავება -ეს დეტალური წესები ამ დრომდე სამინისტროს შემუშავებული არა აქვს“.

სოფო ვერძეული ამბობს, რომ ერთიანი წესის არარსებობის გამო სტანდარტი და პრაქტიკა ერთმანეთისგან განსხვავებულია და ამას ადასტურებს არაერთი შემთხვევა, როდესაც სამხრეჩანაწერის მომხდარის მტკიცებულებად გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით, შეიმუშაოს პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ერთიანი სტრატეგია და განსაზღვროს ვიდეოტექნიკის გამოყენების ერთიანი წესები.

პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების თაობაზე ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის მიხედვით, პოლიციის სისტემურ პრობლემებზე ლაპარაკობს, თავის მხრივ, ერთობლივი განცხადების კიდევ ერთი ხელმომწერი ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი, გია გვილავა. იგი ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავტომატურად ყოველთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ცდილობს და ამის გამოძახილია რეაგირების ის არაეთიკური ფორმაც, როდესაც უწყების მიერ მომზადებულ ვიდეოსიუჟეტში მეზობელი გარდაცვლილის ჯანმრთელობასა და ვითომდა მავნე ჩვევებზე ლაპარაკობს. არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ სამინისტრომ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებაც, რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული ვიდეოს მომზადება და ვინ არის პასუხისმგებელი მასზე. რაც შეეხება სხვა საკითხებს:

„ჩვენი მთავარი შეშფოთება არის ის, რომ, სამწუხაროდ, გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება ქვეყანაში, როდესაც სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირება არის არასაკმარისი ან საერთოდ არ არსებობს. ჩვენ ამის შიში გვაქვს, რომ ამ შემთხვევაშიც ეს არ მოხდეს. კარგია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ძალიან კარგია ეს, მაგრამ მთავარია, დაიდოს შედეგი და იყოს ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიება. კამერების გამორთვა, შშს-ს ასეთი ქმედებები, ნაადრევი და გაუმართლებელი ქმედებები ჩვენს ეჭვებს აღრმავებს, უბრალოდ. პირველი შემთხვევა არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხი წამოიჭრას თავიდან“.

არასამთავრობო ორგანიზაციები, შესაბამისად, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან ერთად, საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდებენ გადადგან ნაბიჯები შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური რეფორმის მიმართულებით და დაიწყოს მუშაობა ახალი ტიპის სამართალდამცავი სამსახურების ჩამოყალიბებაზე, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე იქნება ორიენტირებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი პირობას დებს, რომ გამოძიება პაატა პავლიაშვილის საქმეში არსებულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს. საქმის შესასწავლად, თავის მხრივ, საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის საპარლამენტო ოპოზიცია და შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. დაზარალებულად ცნობის მოლოდინშია გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახი, რომელიც არ ეთანხმება საქმის კვალიფიკაციას და ფიქრობს, რომ გამოძიება არა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის, არამედ სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით უნდა წარიმართოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG