Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყიზილაჯლოს ინციდენტი - რას დაადგენს გამოძიება?


პოლიცია ინციდენტის ადგილას სოფელ ყიზილაჯლოში
პოლიცია ინციდენტის ადგილას სოფელ ყიზილაჯლოში

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 19 ოქტომბრის ღამით დაჭრილი 4 პირიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიების დასრულებამდე ინციდენტის გამომწვევ მიზეზებზე რამდენიმე ვერსია ვრცელდება.

გადმოწერა

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, საკრებულოს დეპუტატსა და მათ თანმხლებ პირებს 19 ოქტომბერს, დაახლოებით 23 საათისთვის, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილები მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ორს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა:

“ჩატარდა ოპერაცია, ორივეს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. რჩებიან რეანიმაციულ განყოფილებაში. ორ პაციენტთან იყო რბილი ქსოვილების დაზიანება, არასისხლმდენი, სტაბილურად არიან ისინი, ამბულატორიულ რეჟიმში რჩებიან ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ“, განაცხადა ექიმმა თეა ზარიძემ.

ფაქტის გამოძიების დასრულებამდე კი, კითხვებზე კონკრეტული პასუხების არარსებობის პირობებში, ინციდენტის ვერსიებად სახელდება: შიდაპარტიული დაპირისპირება, ანგარიშსწორება პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან და ბიზნესინტერესები. მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა სავარაუდო ვერსიაზე მუშაობს და ინციდენტის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არამიზანშეწონილია. ამ აზრს იზიარებენ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის მარნეულის მერობის კანდიდატი, თემურ აბაზოვი:

“სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ შიგნით „ქართულ ოცნებაში“ არანაირი დაპირისპირება არ არის. რაც შეეხება ინციდენტს, მოკლე ხანში, ვინაიდან პირადად მინისტრია ჩართული ამ საქმეში, ძაან მოკლე ხანში იქნება პასუხი და დაველოდოთ გამოძიებას“.

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი

მარნეულში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, თემურ აბაზოვის გარდა, ყიზილაჯლოს 19 ოქტომბრის ინციდენტში შიდაპარტიული დაპირისპირების კვალს გამორიცხავს მარნეულის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ამირან გიორგაძეც. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ ოპოზიციური პარტიები. კერძოდ, „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი, აჰმედ იმამყულიევი, ამბობს, რომ ინციდენტი, სავარაუდოდ, მარნეულის მერობის კანდიდატად ამირან გიორგაძის თემურ აბაზოვით ჩანაცვლების ნიადაგზე არსებულ უკმაყოფილებას მოჰყვა:

“მოსახლეობას ინფორმაცია არა აქვს იმასთან დაკავშირებით, რის გამო მოხდა, რატომ მოხდა. ჩვენ ვიცით ჭორის დონეზე, რომ ეს შესაძლოა იყოს შიდაპარტიული დაპირისპირება“.

პარტიული ელფერის მიცემა კონკრეტულად ამ ინციდენტისთვის, მე მგონი, რომ არ არის სწორი, იმიტომ რომ რეგიონში არის იმ გარკვეული ჯგუფების დაინტერესება, რომლებიც ყოველთვის იცვლიან პარტიულ კუთვნილებას 20 წლის მანძილზე, ალბათ...
არნო სტეპანიანი

აჰმედ იმამყულიევი ამბობს, რომ მარნეულში გავლენებისთვის „ქართული ოცნების“ სამი დაპირისპირებული ნაწილი იბრძვის. არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი არნო სტეპანიანი კი კიდევ უფრო განაზოგადებს პრობლემას და აღნიშნავს, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, კერძოდ, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ცალკეული სპეციფიკური ჯგუფების ინტერესები იკვეთება ხოლმე:

“პარტიული ელფერის მიცემა კონკრეტულად ამ ინციდენტისთვის, მე მგონი, რომ არ არის სწორი, იმიტომ რომ რეგიონში არის იმ გარკვეული ჯგუფების დაინტერესება, რომლებიც ყოველთვის იცვლიან პარტიულ კუთვნილებას 20 წლის მანძილზე, ალბათ. ეს საკმაოდ სტაბილური ჯგუფებია, ლოკალური ჯგუფები, რომლებიც იბრძვიან პირველობისთვის, ასე ვთქვათ, რეგიონში. ეს კონკრეტული სოფელი კი იმით განსხვავდება, რომ, ჯერ ერთი, დიდი სოფელია ძალიან, მეორეც, სხვადასხვა კლანის და ჯგუფის ხალხი ცხოვრობს იქ, მრავალფეროვანია ამ მხრივ“.

საინფორმაციო სააგენტოები კი ავრცელებენ ინფორმაციას, რომ პოლიტიკის მიღმა, შესაძლოა, დაპირისპირების საგნად ბიზნესინტერესებიც განიხილებოდეს.

კამილა მამედოვა
კამილა მამედოვა

“თუ დავუჯერებთ ხალხის გამოკითხვას, რომელიც ჩავატარეთ ყიზილაჯლოში, ვივარაუდებთ, რომ ამ ადამიანის, ანუ მაჟორიტარობის კანდიდატის, დაცხრილვა შეიძლება იყოს დაკავშირებული მის ბიზნესთან. მეორე მხრივ, შეიძლება ესეც ვივარაუდოთ და სულ არ დავუკავშიროთ მის ბიზნესს, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, მას ძალიან სურდა პოლიტიკაში შესვლა და მაჟორიტარად დასახელება. რატომ სურდა ეს, ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვიცით“, ამბობს სათემო რადიო „მარნეულის“ მთავარი რედაქტორი, კამილა მამედოვა.

საარჩევნო ვნებათაღელვა კი, თავისი რადიკალური გამოვლინებებით, პირველი არ არის მარნეულის რაიონისა და უშუალოდ სოფელ ყიზილაჯლოსათვის. შესაბამისად, იმის მიუხედავად, რა დასკვნას გამოიტანს გამოძიება და გამოიკვეთება თუ არა ინციდენტის არჩევნებთან კავშირი, ინციდენტი თავისთავად , „სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის, აზრით, აუცილებლად აისახება 21 ოქტომბრის თვიმმართველობის არჩევნების საარჩევნო გარემოზე:

მიხეილ ბენიძე
მიხეილ ბენიძე

“სხვათა შორის, ზუსტად ამავე ტერიტორიაზე, 48-ე უბანზე, მოხდა შარშან უშუალოდ არჩევნების დღეს ძალადობრივი ინციდენტი და უბანზე შეჭრა და თავდასხმა. ამიტომ, ზოგადად, მარნეული წარმოადგენს, სამწუხაროდ, ერთ-ერთ ცხელ წერტილს არჩევნებზე და, ბუნებრივია, ჩვენი ყურადღებაც ამ კუთხით იქნება მიპყრობილი ამ მუნიციპალიტეტზე, ამ ოლქზე. ჩვენ სრული დაფარვა გვექნება, ანუ ყველა საარჩევნო უბანს ვაკვირდებით მარნეულში“.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი ყიზილაჯლოს ინციდენტი უკვე შეაფასეს წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევებიდან ყველაზე მძიმე შემთხვევად. შემთხვევა დაგმეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა. მმართველმა პარტიამ კი, თავის მხრივ, უარყო „ქართული ოცნების“ მარნეულის ორგანიზაციაში განხეთქილების არსებობა და მოუწოდა პოლიტიკურ ოპონენტებს, ყიზილაჯლოს ინციდენტი თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG