Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიცია და ორპარტიული თანამშრომლობა


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციურ ფორმატში მიიღებს მონაწილეობას, კოალიციის შემადგენლობაში რესპუბლიკური პარტიაც იქნება - ეს ინფორმაცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაადასტურეს, როგორც რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა, ისე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მათ შორის საგანგებო შეხვედრა კი 3 მარტს დასრულდა გადაწყვეტილებით, რომ „ქართული ოცნება“ და რესპუბლიკური პარტია საერთო მიზნებისთვის ბრძოლას, სტრატეგიულ პარტნიორულ რეჟიმში, ორპარტიული თანამშრომლობის შეთანხმებით გააგრძელებენ. როგორ განმარტავენ თანამშრომლობის მოცემულ ფორმატს შეთანხმების სუბიექტები და როგორ აისახება ეს კოალიციის ერთიანობაზე?

პირველი განცხადება რესპუბლიკურ პარტიასა და პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის თანამშრომლობის შეთავაზებული ფორმატის შესახებ 3 მარტს, ღამით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა დავით უსუფაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის დასრულებისთანავე გააკეთა:

“მალე ჩვენ დავასრულებთ ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობას, რომელიც მიმართული იქნება მომავალზე, იმისათვის რომ კოალიციამ თავისი ამოცანები წარმატებით შეასრულოს არა მხოლოდ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში, არამედ მომავალშიც. ამ საკითხში პრემიერის პოზიცია და რესპუბლიკური პარტიის პოზიცია არის ძალიან მყარი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას - სტრატეგიულს და არა ცალკეულ საკითხებზე თემატურს და მოკლევადიანს“.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერების განმარტებით, ორპარტიული შეთანხმების დეტალები მალე გახდება ცნობილი. თავად პრემიერ-მინისტრი კი დამატებით აღნიშნავს, რომ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში მოლაპარაკებები გაიმართება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში:

“ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ ფორმატში იქნება მიღწეული, შემდგომ იქნება მრავალმხრივ ფორმატში დასადასტურებელი. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ პარტია „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანწილად განახლდება და მოხდება კონსოლიდაცია ერთიანი მიზნების გარშემო. და მთლიანად თუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გუნდი, რომელიც შეიკრიბება, შეიკრიბება ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო. ეს მიზნები იქნება, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, დაფუძნებული ჩვენს საუკეთესო ფასეულობებზე და ტრადიციებზე და, რა თქმა უნდა, იქნება კონსენსუსი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე“.

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დაიწყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი და არჩევნებამდე მუშაობა კოალიციურ რეჟიმში გრძელდება. მისივე შეფასებით, კოალიცია აზრთა გარკვეულ სხვადასხვაობას იტანს, რასაც ვერ ვიტყვით მთავრობაზე, რომელსაც უმნიშვნელოვანესი მიზნების მისაღწევად მონოლითურობის მაღალი ხარისხი ესაჭიროება.

რესპუბლიკური პარტია მთავრობაში სამი მინისტრითაა წარმოდგენილი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შემდეგ „რესპუბლიკელები“ სიდიდით მეორე კოალიციური ფრაქციაა პარლამენტშიც. ორივე მოცემულობით, რესპუბლიკური პარტია კოალიციაში, „ქართული ოცნების“ გარდა, ყველა პარტნიორს აღემატება,მათ შორის, „მრეწველებს“, რომელთან დაპირისპირებაც ძირითადად ღირებულებებსა და ქვეყნის საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით კოალიციის კრიზისად იქნა შეფასებული. ბოლო ხანს განსაკუთრებით დაიძაბა ურთიერთობა თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელსა და დეპუტატ გოგი თოფაძეს შორის. ამ უკანასკნელმა მინისტრი, თანაპარტიელ თამარ ხიდაშელის სასარგებლოდ, საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა, თავად მინისტრმა კი მრეწველთა ლიდერი - ანტიდასავლური, პრორუსული ძალების მხარდაჭერასა და ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკაში. კოალიციის შიგნით არსებულ ამ დაპირისპირებას, თავის მხრივ, ორჯერ გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, განსაკუთრებით მკაცრად - 3 მარტს, როდესაც განაცხადა, რომ თუ პოლიტიკური პარტნიორები სადავო საკითხებს კოალიციის შიგნით არ განიხილავენ, განახორციელებს ცვლილებებს, რომლებიც მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას უზრუნველყოფს. ამ განცხადების ტონი, გაწონასწორებულობისა და კონსტრუქციულობის ნიშნით, თავის მხრივ, სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძისათვის, რომელიც რესპუბლიკელებისა და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სტრატეგიულ პარტნიორობას კოალიციის გარეთ ორ სუბიექტს შორის თანამშრომლობად განიხილავს, კოალიციური ერთიანობის შენარჩუნებით:

“იმუშავებენ ცალკე და გაარკვევენ, ვის რა პოზიცია აქვს და როგორ აქვს. თუ მოხდება რაღაც შეთანხმება და კოალიცია დაეთანხმება ამ შეთანხმებას, მაშინ ის იქნება კოალიციის პოზიცია. თუ არ დაეთანხმება და, ჩვეულებრივად, იქნება შეთანხმება ორ სუბიექტს შორის. ამიტომ მე ამას არ განვიხილავ როგორც კოალიციის შიგნით ცალკე პატარა დაჯგუფებას, განვიხილავ ამას როგორც კოალიციის გარეთ ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის მოლაპარაკებას“.

პოლიტიკურ ექსპერტ თორნიკე შარაშენიძისთვის კი გაუგებარია, რას შეიძლება ნიშნავდეს კოალიციის შიგნით სტრატეგიული თანამშრომლობა და ორპარტიული ურთიერთობა. იგი ფიქრობს, რომ გამოსავალი, რომელიც ამ შეთანხმებების სახით მოჰყვა შიდაკოალიციურ დაპირისპირებას, რეალურად რესპუბლიკური პარტიის დატუქსვაა. რაც შეეხება პროცესებს, რომელიც კოალიციაში შესაძლოა განვითარდეს, თორნიკე შარაშენიძე ამბობს:

“მე უფრო მგონია, რომ ისინი ეძებენ უფრო გარეთ ახალ სახეებს. ახალი პარტიის მოძიება, ალბათ, შეუძლებელია. ახალ სახეებს ეძებენ ინდივიდუალურად, მე ესე მგონია. ახალგაზრდებში მუშაობენ უფრო მეტად, რაც კარგია, უნდა მივესალმოთ ამას, მაგრამ რამდენად მოახერხებენ, არ ვიცი, იმიტომ რომ მათ უნდათ, რომ მიუერთდნენ სერიოზული ადამიანები, ამისათვის კი, ბოლოს და ბოლოს, უნდა ჩამოყალიბდნენ, რა პლატფორმა აქვთ. მათი პლატფორმა 2012 წელს იყო „ძირს „ნაციონალური მოძრაობ“, სააკაშვილი“, მერე იყო 9 წელი, 9 წელი. მობეზრდა ხალხს ეს 9 წელი, ახალი რამის გაგონება უნდა, ფაქტია“.

აქვე თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ პროცესებმა, რომელიც ბოლო დროს განვითარდა „ქართულ ოცნებაში“, ნათლად გამოავლინა, რომ რესპუბლიკური პარტია კოალიციაში ბევრისთვის მიუღებელი პოლიტიკური ძალაა, მაგრამ, ამის მიუხედავად, პოლიტიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, პარტიას კოალიციის დატოვება არ ემუქრება. კოალიციის იმიჯისთვის, მისივე შეფასებით, ნაკლები წონა აქვს „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, თუმცა, შიდაკოალიციური ბალანსის საჭიროების გათვალისწინებით, საფრთხე არც მას ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG