Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩების დავა


მაიკლ მაკფოლი და ჯეკ მეტლოკი ერთ დროს რუსეთში შეერთებული შტატების ელჩები იყვნენ. ორივე დღემდე ყურადღებით ადევნებს თვალს კრემლის საგარეო პოლიტიკას, თუმცა მნიშვნელოვან საკითხებში ერთმანეთისაგან განსხვავებულ შეფასებებს გამოთქვამს. ეს კარგად გამოჩნდა ვაშინგტონში, როცა მაკფოლმა და მეტლოკმა კონგრესმენებთან შეხვედრის დროს რუსეთზე ისაუბრეს.

მაიკლ მაკფოლი და ჯეკ მეტლოკი 14 ივნისს მიწვეული იყვნენ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სადაც კონგრესის არაერთი წევრის განცხადებებმა ცხადყო კრემლის პოლიტიკის მიმართ ერთობ კრიტიკული დამოკიდებულება. მაიკლ მაკფოლი 2012-2014 წლებში იყო მოსკოვში შეერთებული შტატების ელჩი, მეტლოკი გაცილებით უფრო ადრე - 1987-91 წლებში, თუმცა ორივე იზიარებს შეფასებას, რომ ის, რაც კრემლის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს, არის საკუთრივ რუსეთის საშინაო პოლიტიკა და არა უცხოეთში მიღებული, თუნდაც შეერთებული შტატების, გადაწყვეტილებები.

მაგრამ ორი ელჩის შეფასებები განსხვავებულია, როცა საქმე ეხება ვაშინგტონის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით. ჯეკ მეტლოკი შეშფოთებულია იმით, რომ ვაშინგტონის ნაბიჯებს კრემლი აღიქვამს რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევად. ამ საკითხის წამოჭრით, მეტლოკმა კონგრესმენებს შეახსენა პოზიცია, რომელიც ბოლო წლებში ბევრჯერ გამოუთქვამს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს:

ჯეკ მეტლოკი
ჯეკ მეტლოკი

„პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია აღქმა. მათი აღქმა კი არის ის, რომ ჩვენ მუდმივად ვმოქმედებთ მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ და ვცდილობთ მათ ალყაში მოქცევას, მათ საშინაო პოლიტიკაში ჩარევასაც კი. დიახ, პრეზიდენტმა პუტინმა ბევრი შეცდომა დაუშვა - ბევრი გააკეთა, რაც არ შედის რუსეთის ინტერესებში, მაგრამ პუტინის მთავრობაზე გადაწყვეტილება რუსებმა უნდა მიიღონ. მათი სკანდალი არის ის, რასაც თვითონვე უნდა გაართვან თავი“.

მეტლოკმა და მაკფოლმა ერთმანეთისაგან განსხვავებულად უპასუხეს კონგრესმენების შეკითხვებს - მართლაც მოახდინა თუ არა დასავლეთმა რუსეთის პროვოცირება, როცა ნატო გაფართოვდა ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში, და მოსკოვის დასამშვიდებლად მართლაც უნდა განიხილოს თუ არა ალიანსმა მოკავშირეების მიმართ მხარდაჭერის შესუსტების შესაძლებლობა.

მეტლოკმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ მოსკოვში ელჩობის პერიოდში (გავიმეორებ, 1987-91 წლებში) არ ემხრობოდა ნატოს გაფართოებას და ახლა ზოგჯერ ფიქრობს, რომ ალიანსი საქმეს ურთულებს ვაშინგტონს.

ხოლო მაიკლ მაკფოლის აზრით, მოსკოვი ნატოთი ამართლებს თავის აგრესიულ პოლიტიკას... 2012 წელს მოსკოვში ელჩად ჩასვლამდე ის მუშაობდა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში და ფიქრობს, რომ ალიანსს მტკიცე პოზიცია უნდა ჰქონდეს, რათა რუსეთმა აღარ გააგრძელოს აგრესიული ქმედება.

„არ იდგა ნატოს უკრაინაში გაფართოების საკითხი... მე ხუთი წელი ვიყავი მთავრობაში. და პუტინთან და მედვედევთან თითქმის ყველა შეხვედრაზე და ყველა სატელეფონო საუბრის დროს, ერთის გარდა, არ წამოჭრილა ნატოს გაფართოების საკითხი, რადგან ეს საკითხი წარსულს იყო ჩაბარებული. უკრაინა არ ითხოვდა ნატოში გაწევრიანებას! ნატოს არ სურდა უკრაინის მიღება! 2010 წელს იანუკოვიჩის არჩევის შემდეგ მით უმეტეს არ მდგარა ეს საკითხი. ეს არის ფაქტის შემდეგ დაწყებული განმარტება იმის ასახსნელად, რაც პუტინმა უკრაინაში გააკეთა“, - უთხრა კონგრესმენებს მაიკლ მაკფოლმა, რომელიც კატეგორიულად უარყოფს მცდელობებს, შეერთებულ შტატებს დააკისრონ პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც რუსეთი აკეთებს, თითქოსდა, თავდაცვის მიზნით.

მაიკლ მაკფოლი
მაიკლ მაკფოლი

„რომ გვქონდეს ათი მცნება, რომლებიც განსაზღვრავს, როგორ უნდა იქცეოდეს მრავალმხრივი ურთიერთობების დამცველი ქვეყანა, როგორ უნდა იქცეოდეს კარგი საერთაშორისო მოქალაქე, სამი მთავარი მცნებიდან ერთ-ერთი იქნებოდა: არ მიიტაცო მეზობლის ტერიტორია! და ძალიან ვწუხვარ - ეს არის ის, რაც რუსეთმა გააკეთა. ჩვენ არ მოგვიხდენია ვინმეს ტერიტორიის ანექსია, არ გაგვიჩაღებია რევოლუცია მის წინააღმდეგ“, - აღნიშნა მაკფოლმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, გამოსვლის დროს.

მანაც და რუსეთის მიმართ რბილი პოლიტიკის მომხრე ჯეკ მეტლოკმაც საერთო მოსაზრება გამოხატეს, როცა განაცხადეს, რომ ვაშინგტონმა უნდა გააგრძელოს უკრაინის დახმარება სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად, მაგრამ ამის მერე მეტლოკმა ისევ განსხვავებული და ბევრისათვის მიუღებელი მოსაზრებით გააგრძელა: დასავლეთი ერთ მშვენიერ დღეს უნდა შეურიგდეს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, უკრაინისთვისვეა უკეთესი ყირიმის გარეშე ყოფნაო! - ასე ფიქრობს რუსეთში აშშ-ის ეს ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლისაგან განსხვავებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG