Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლხური კულტურა ფოტოებზე


დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დაცული კოლხური ყოფის ამსახველი ნივთების პოპულარიზაციის მიზნით, ზუგდიდში ფოტოგამოფენა მოეწყო. ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის მიწურულითა და I ათასწლეულის დასაწყისით დათარიღებული კოლხური კულტურის ნიმუშები - მათ შორის, ოქროს, ვერცხლის და ძვირფასი ლითონისგან დამზადებული საყურეები, სამაჯურები, გულსაკიდები, სხვადასხვა თვლებით დამშვენებული მძივები, საბრძოლო იარაღები და სხვადასხვა დანიშნულების ნივთები - არტგალერეაში რამდენიმე დღის განმავლობაში იყო წარმოდგენილი ფოტოების სახით. გამოფენა, რომელიც მიზნად ისახავს ზუგდიდის მუზეუმის როლის გაძლიერებასაც კულტურული ტურიზმის განვითარებაში, გაიხსნა არქეოლოგ რევაზ პაპუაშვილის მოხსენებით - „კოლხეთის უძველესი ოქრო“.

რევაზ პაპუაშვილი, რომელიც ამჟამად ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობს, სტუმრებს კოლხეთის ტერიტორიის მნიშვნელოვან აღმოჩენებზე ესაუბრა. მისი სიტყვებით, ქართულ სახელმწიფოებრიობას საფუძველი ჩაეყარა ძველ კოლხეთში და ყველა ის მასალა, რომელიც კოლხეთის ტერიტორიაზე იყო აღმოჩენილი, აძლიერებს ჩვენს წარმოდგენას იმაზე, თუ როგორი ძლიერი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო მაშინ. რევაზ პაპუაშვილი ამბობს, რომ ყველაზე ძველი, რაც კოლხეთის ტერიტორიაზე ფიქსირდება, ოდიშის ქვის ნამოსახლარია. ის 10 ათას წელზე მეტს ითვლის. აღმოჩენების თვალსაზრისით კი აქტიურ ზონებად ითვლება სოფლები: ერგეტა, ანაკლია, ჯიხაშკარი და ცაიში.

„აღმოჩენილია ათეულათასობით ნივთი, რომელთა შორის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თავისი მაღალი დონის შესრულებით ბრინჯაოს ნივთები, კერამიკა, ოქროს და ვერცხლის ნაწარმი, რომელიც ამ გამოფენაზეც ფართოდ არის წარმოდგენილი. განსაკუთრებულია კოლხეთის ოქროს ნაწარმი, ამ რეგიონში მოპოვებული ოქროს ნაწარმი, რამდენადაც ის ყველაზე უძველესია დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე“, - აცხადებს რევაზ პაპუაშვილი.

არქეოლოგი მიიჩნევს, რომ აღმოჩენების თვალსაზრისით კოლხეთის უძველეს ტერიტორიას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს და ამ მხრივ მუშაობის გაძლიერებაა საჭირო. მას დაეთანხმა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა:

„ვიცით, რომ მუშაობა ახლაც მიმდინარეობს ერგეტის, ხობის, სენაკის და ცაიშის ტერიტორიაზე, მაგრამ სპეციალისტები დღეს ამბობენ, რომ არის შესაძლებლობა და პოტენციალი სხვა ტერიტორიებზეც აღმოჩნდეს რამდენიმე საინტერესო სამაროვანი და ამაზე მუშაობა და მეტი ყურადღებაა საჭირო როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან“.

არქეოლოგიური სამუშაოების პარალელურად, შეხვედრის მონაწილეები თანხმდებიან, რომ აუცილებელია კოლხური უნიკალური ნაკეთობების პოპულარიზაცია ჯერ ქვეყნის შიგნით, შემდეგ კი მის ფარგლებს გარეთ. როგორც ქალაქ მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი ბესიკ არახამია ამბობს, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და ეს გამოფენაც ამ სამუშაოს ერთ-ერთი ნაწილია:

„ცნობილია, რომ ხდება ვანის არქეოლოგიური აღმოჩენების პოპულარიზაცია, ხდება მისი გატანა ქვეყნის გარეთ. ეს არის პირველი მცდელობა იმისა, რომ თუ, სიტყვაზე, გერმანიაში წელიწადში იმართება 9 ათასზე მეტი თემატური გამოფენა... რომ მოხდეს ჩვენი ქალაქის ერთადერთი მუზეუმის - ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის-პოპულარიზაცია და იმ მასალების წინ წამოწევა, რაც მართლაც უკავშირდება უძველეს კოლხეთს და უძველეს წარსულს“.

ბესიკ არახამიას სიტყვებით, მერიამ ცოტა ადრე ფოტოკონკურსი გამოაცხადა ერგეტაში, ანაკლიასა და ცაიშში აღმოჩენილი ნივთების თემაზე. მერიის თანამშრომლის თქმით, სწორედ ამ კონკურსის შედეგად შეარჩია მერიამ ფოტოები, რომლებიც მოგვიანებით საკუთარი სახსრებითვე დაბეჭდა საგამოფენო ფორმატში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG