Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ევროსაბჭოში


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული გართულებული ვითარება და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებებია აღწერილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშში, რომელიც 8 ნოემბერს სტრასბურგში მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

გადმოწერა

ანგარიში, სახელწოდებით „კონფლიქტი საქართველოში“, მინისტრთა მოადგილეების დონეზე გამართულ სხდომაზე თავად გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა წარადგინა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მიმართ გამოიხატა სრული მხარდაჭერა, ხოლო რუსეთი კვლავ უმცირესობაში აღმოჩნდა.

„კონფლიქტი საქართველოში“

  • 8 ნოემბერს სტრასბურგში, მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, განიხილეს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიში.
  • ანგარიშის სახელწოდებაა „კონფლიქტი საქართველოში“
  • ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის ფაქტსა და მის შინაარსს კმაყოფილებით შეხვდნენ თბილისში

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ გაუარესებული მდგომარეობა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ბარიერების აღმართვა საოკუპაციო ხაზზე, ე. წ. საბაჟო პუნქტების გახსნა, ქართველების ეთნიკური ნიშნით დევნა და მათი კერძო საკუთრების განადგურება (მაგალითად, სოფელ ერედვში) - ეს და სხვა პრობლემური საკითხები, რაც მშვიდობიანი მოქალაქეების ყოველდღიურობას ამძიმებს, დეტალურად არის აღწერილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის, კონსოლიდირებულ ანგარიშში, რომელიც 2017 წლის მარტიდან სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

8 ნოემბერს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში მოადგილეების დონეზე გამართულმა განხილვამ კმაყოფილი დატოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი, რომელიც თავადაც გამოვიდა სიტყვით. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოს პოზიციებს მხარი დაუჭირა უკლებლივ ყველა დელეგაციამ და ძალიან მძაფრი, მკაფიო განცხადება გაკეთდა ევროკავშირის სახელით:

„კერძოდ, ამ განცხადებაში მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის ფედერაციის, როგორც ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალის, მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განხორციელებული ქმედებები, რომლებიც არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს. ამასთანავე, მწუხარებაა გამოხატული იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი ზეწოლისა, ადგილზე სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესებულია და ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდა მოხსნას ნებისმიერი სახის დაბრკოლება, აკრძალვა ან შეზღუდვა, რომელიც ე. წ. ადმინისტრაციული საზღვრის ხაზების გასწვრივ გადაადგილების თავისუფლებაზე, ადამიანის უკანონო დაკავებაზე და მათ შორის ე. წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის კონტექსტშია განხორციელებული“.

დავით ზალკალიანის თქმით, 8 ნოემბერს ვერც ერთი მხარდამჭერი ვერ მოიპოვა ევროსაბჭოში რუსეთის ელჩმა, რომელიც სხდომის მონაწილეებისთვის იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის საკითხები მოცემულ ფორმატში განსახილველი არ არის. მიუხედავად ამისა, ვითარების შეფასების პროცესი გაგრძელდება და საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშებს, რომლებიც წელიწადში ორჯერ ქვეყნდება.

დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

„ეს არის იმის დადასტურება, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია მუდმივად არის საერთაშორისო თანამეგობრობის და, კერძოდ, ევროპის საბჭოს დღის წესრიგში და ჩვენ საკმაოდ მკაფიოდ ვართ ევროპის საბჭოს რადარებზე... მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს არ უშვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენ გვაქვს სრული გარანტია იმისა, რომ მაინც გაგრძელდება კონსოლიდირებული ანგარიშის წარდგენა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წინაშე“.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის ფაქტსა და მის შინაარსს კმაყოფილებით შეხვდნენ თბილისშიც. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშები პრაქტიკული შედეგების მომტანია:

„რეგულარული ანგარიშებით გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს და ამ შემთხვევაში ევროპის საბჭოს დღის წესრიგში პრიორიტეტულად განიხილავს საქართველოს საკითხს, იმ ჩვენს მთავარ გამოწვევას, რაც გადაუჭრელი კონფლიქტი და მიმდინარე ოკუპაციაა და ინფორმაციას აწვდის ჩვენს პარტნიორებს - მათ შორის, ევროსაბჭოს მიღმაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო იმის თაობაზე, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სწორედ აქედან გამომდინარე იგეგმება ძალიან ბევრი პოლიტიკური მიმართულება იგივე ჩართულობის მიმართულებით და საჭიროებათა გამოვლენის მიმართულებით“.

ტორბიორნ იაგლანდი საქართველოში ვიზიტის დროს. 2017 წლის 30 იანვარი
ტორბიორნ იაგლანდი საქართველოში ვიზიტის დროს. 2017 წლის 30 იანვარი

მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიში არ წარმოადგენს მყისიერი შედეგების მომტან დოკუმენტს, ანალიტიკოსები მას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ იმ კუთხით, რომ საქართველოს საკითხმა აქტუალურობა არ დაკარგოს საერთაშორისო სარბიელზე. საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა ზაზა შენგელიამ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ტორბიორნ იაგლანდის მიერ კონსოლიდირებული ანგარიშების რეგულარულ მომზადებას საქართველოსთვის „სასარგებლო“ პრაქტიკა უწოდა:

„ეს, შესაძლოა, ინსტრუმენტად იქნეს გამოყენებული საქართველოს დიპლომატიური ბრძოლის პროცესში, რადგანაც ეს არ არის კონფლიქტში ჩართული რომელიმე მხარის დასკვნა. ეს არის დამოუკიდებელი ორგანიზაციის დასკვნა, რომელიც თავისთავად შესაძლებელია არგუმენტად იქნეს გამოყენებული როგორც დებატებში, კამათში, ასევე, ვთქვათ, პროცედურულ საკითხებში, რომლებიც შეიძლება იყოს განხილული“.

კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლები ენგურის ხიდზე
კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლები ენგურის ხიდზე

შესაბამისად, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშები, ისევე როგორც საერთო სარბიელზე შემუშავებული სხვა მსგავსი დოკუმენტები, საჭირო დროს აუცილებლად იქნება გამოყენებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG