Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კონფლიქტის მოგვარების პროცესში ადამიანი უნდა დავინახოთ“


ნუგზარ კოხრეიძე, ლინდა არგუნი
ნუგზარ კოხრეიძე, ლინდა არგუნი

გადაცემაში ვაგრძელებთ საუბარს აფხაზეთის ომის თემაზე. მაშინ, როცა ახლობლის დაკარგვით გამოწვეული განსაცდელი საერთოა, ადამიანებს თანაგრძნობა უჩნდებათ, - ამბობენ გადაცემის სტუმრები. „გადაკვეთის წერტილში“ სოხუმიდან გვერთვება ლინდა არგუნი, ბერგჰოფის პროცესის ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის მონაწილე, ფასილიტატორი, ხოლო ქუთაისიდან - ნუგზარ კოხრეიძე, თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბისა „თაობათა დიალოგი“. გადაცემაში მოისმენთ ეთნიკურად აფხაზი ქალის მონათხრობსაც. „მიუხედავად იმისა, რომ ძმა დამეღუპა, ომი დამთავრდა“ და „მე ის ქართველი დედებიც მეცოდებიან, ვინც ომში შვილები დაკარგეს“, - ამბობს სოხუმის მკვიდრი რესპონდენტი.

გადმოწერა

“მიუხედავად იმისა, რომ ძმა დავმარხე, ძალიან მიჭირს, ლაპარაკიც მიჭირს. ძალიან მიძნელდება მისი გახსენება. მაგრამ რა მინდა მათ ვუთხრა, არ შეიძლება გაბოროტება, არ შეიძლება კვლა, არ შეიძლება ომი. ფაქიზი სამყარო ძვირფასია ომთან შედარებით. ომს მხოლოდ უბედურება მოაქვს. არ დამიჯერებთ და მე ის ქართველი დედებიც მებრალებიან, დედები, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ იპოვეს თავიანთი შვილები. ისინი დაიღუპნენ და სადღაც აქ არიან დამარხულები. ისიც ხომ დედაა, მასაც ხომ უნდა თავისი შვილი, ცოცხალიც და თუნდაც მკვდარი. ეს დიდი შეცდომა იყო, მათი აქ საომრად გამოშვება, მაგრამ მე ისინი მაინც მეცოდებიან. მე მინდა მათი მესმოდეს. ახლობლის დაკარგვისას სული ყველას ერთნაირად ეწვის, მთელი შიგნეული გეწვის, ყველაფერი გეწვის. მიუხედავად იმისა, რომ მე ძმა დამეღუპა, ომი დამთავრდა. ომი დამთავრდა, მაგრამ ის არ დამთავრდა ჩვენთვის. მას 9 დღე ვეძებდით, ის სოხუმის გათავისუფლების დღეს დაიღუპა. ვერსად ვპოულობდით. ყველგან ვეძებდით, სამხედრო დანაყოფებში, გალში... ყველგან , მაგრამ ვერსად ვპოულობდით. და აი, გავიდა 9 დღე და აღმოჩნდა, რომ ის არ დაუმარხავთ. როგორც გაირკვა, მორგში ესვენა. არ დაუმარხავთ იმიტომ, რომ ყაბარდოელს ჰგავდა. ახოვანი აღნაგობის იყო და ყაბარდოელი ეგონათ. საბუთები არ აღმოაჩნდა. არ აღმოაჩნდა ერთი მარტივი მიზეზით, - ის ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაური იყო. იმ ჯგუფმა, რომელიც აქეთ მოემართებოდა, შეამჩნიეს. სანამ ჩემი ძმა სროლის კოორდინატებს მიაწვდიდა თავის ნაწილს, მანამდე ესროლეს და ჭურვის ნამსხვრევებმა მოკლა. საბუთები ჯიბიდან უცებ ამოაცალეს და გაიქცნენ თავის საშველად - ან ზევით, ან გვერდით გაიქცნენ. ის კი მიატოვეს, მიატოვეს იმიტომ, რომ იქ დარჩენა სახიფათო იყო. რომელიღაც ისტორიულ სახლში დატოვეს. მერე, როგორც ჩანს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამოიყვანა და გუდაუთაში წაასვენეს, საბუთები კი თან არ ჰქონდა. რომელიღაც ჯიბეში უპოვიათ ფურცელი წარწერით „კვიცინია“. უფიქრიათ, რომ ის გვარად კვიცინია იყო. კვიცინიები მოდიოდნენ ამოსაცნობად, მაგრამ მათი არ იყო. მორგში ვინც მიდიოდა ამოსაცნობად, ამბობდნენ, ჩვენი ახლობელი არ არისო. ჩვენ კი გვარით ვეძებდით და ვერ ვპოულობდით. მერე უკვე, როცა შევდიოდით და ყველას სათითაოდ ვათვალიერებდით, აღმოჩნდა, რომ ის იყო.

კიდევ ერთი მომენტი, რაც არასოდეს დამავიწყდება... ჩემს უმცროს ძმასთან ერთად სოხუმში ვიყავი. ჩვენი სახლი დაწვეს და მეზობლებთან ვიმყოფებოდით და მესმოდა ჩურჩულის ხმა, ჩემი ძმა ვიღაცას ეჩურჩულებოდა. მივედი და ვკითხე : „რა, რა, რა ხდება, მითხარით-მეთქი “. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ძმა ცოცხალი აღარ იყო, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ის შეიძლებოდა სადმე დაღუპულიყო და ვკითხე: „რა მოხდა, ჩემს ძმას რამე მოუვიდა?“ და ის მომიბრუნდა და მითხრა: „ხო, ხო, ჩვენი ძმა აღარ არის! მაგრამ ყვირილი არ შეიძლებაო“ . თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? ჩემი ძმა აღარ არის და ტირილიც კი არ შეიძლება! იმიტომ, რომ დედამ ჯერ კიდევ არ იცოდა, ის მოსვენებულიც არ იყო და იმ დროს ნაპოვნიც კი არ იყო და მე უნდა მომეთმინა, უნდა მომეთმინა და ეს ძალიან ძნელი იყო, ძალიან რთული. და, დაახლოებით, 1 საათის ან შეიძლება მეტის შემდეგ - უკვე აღარ მახსოვს - მოასვენეს. მოასვენეს და ჩვენი სახლი არ არსებობდა. დაწვეს. მთელი ეზო ბალახში იყო. ბალახი იყო ყველგან მოდებული. არ დამავიწყდება, როგორ გლეჯდნენ მეზობლები ბალახს, რომ ეზოში მაინც შემოგვეტანა კუბო. ვყვიროდი, რომ „ეს ის არ არის!“ მაგრამ შემდეგ გახადეს და მაჩვენეს და ის მართლაც ის იყო. გონებას ვკარგავდი, მერე ისევ მოვდიოდი გონს. მერე ბიძაჩემმა, რომელიც „მაიაკზე“ ცხოვრობდა და რომლის სახლიც გაქურდეს, გაასუფთავეს, - ორი სახლი ჰქონდა, ორივე გაქურდეს, მაგრამ სახლები დარჩა, - თქვა, რომ სად დავასვენოთო? ეზოში ხომ არ გვეყოლება დასვენებულიო? ჰოდა, ჩემ დისშვილს ქართველების სახლში არ დავიტირებო. სახლი კი ცარიელია, მაგრამ იქ დავიტირებთო და გადავასვენეთ. სამშენებლო ბლოკები დავალაგეთ და კუბო იმაზე შემოვდგით. ასე დავტიროდით.

ქართველები ძალიან ცუდად მოგვექცნენ. საშინელებაა, აუტანელია ახლობლის დაკარგვა. მოვახერხეთ მისი დაკრძალვა ტამიშში. არასოდეს დამავიწყდება, მივასვენებდით და გზადაგზა დამწვარი ცხედრები ეყარა. ამ ყველაფრის ყურება ძალიან ძნელ იყო. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ... ომი არ მინდა, არ მინდა ომი!..”

გადაცემა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. ​გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG