Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავება ბერშუეთში, ახალი ხნულები ყარაფილაში


საოკუპაციო ზოლი
საოკუპაციო ზოლი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ზაზა ბერიანიძე და ლევან ტურაშვილი სამების ეკლესიასთან იმყოფებოდნენ, როცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. ბერიანიძე და ტურაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. გორის გამგებლის წარმომადგენელი ბერშუეთის თემში, დავით ცერცვაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ სოფლის ეკლესია საოკუპაციო ხაზიდან 200 მეტრშია და ადგილობრივი მცხოვრებლები იქ ხშირად მიდიან. ის ეჭვობს, რომ რუსეთის მესაზღვრეები ბერშუეთში იყვნენ შემოსულები და ჩასაფრებულები.

გადმოწერა

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში გავრცელებული ინფორმაცია უკვე დაადასტურეს. მომხდარის შესახებ საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამოქმედდა ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით.

ხვალიდან სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ყარაფილასთან სამართალდამცავებთან ერთად პატრულირებას დაიწყებენ.

3-კაციანი ჯგუფები საოკუპაციო ხაზთან ვითარებას 25 ივლისიდან დააკვირდებიან. აქტივისტები ამ დროისთვის სამხარეო პოლიციასთან პატრულირების დეტალებს ათანხმებენ.

მათი თქმით, პატრულირება მცოცავი ანექსიის პრევენციის მიზნით განხორციელდება, ხოლო ოკუპანტების მხრიდან უკანონო ქმედებების შესახებ მიღებულ ინფორმაციას საინიციატივო ჯგუფი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდის. 21 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან, ე.წ. სასაზღვრო ბანერთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხნულები გაავლეს. ხნულებს მიღმა აღმოჩნდა ბაქო-სუფსას ნავთობსადენის კიდევ ერთი მონაკვეთი. მანამდე სოფელ ორჭოსანთან ნავთობსადენის მცირე მონაკვეთი უკვე მოქცეული იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ყარაფილასთან არსებულ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერთან 14 ივლისს იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, რომელმაც მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ სპეციალური განცხადება გააკეთა. ერთი კვირის შემდეგ სწორედ ამ ბანერთან გამოჩნდნენ ტრაქტორებით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები.

ყარაფილელები არ გამორიცხავენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფლის განაპირას არსებული 7 ჰექტარი მიწის ფართობის მითვისება სცადოს.

XS
SM
MD
LG