Accessibility links

კონსტიტუციის პროექტის არსებულ ვარიანტთან მიმართებით კონსენსუსი მხოლოდ მისი შეჩერებით ან პარლამენტიდან გამოწვევით შეიძლება იქნეს მიღწეული, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პასუხად. 6 ივლისის მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ უმრავლესობა მზად არის თანხმობის მისაღწევად დიალოგი განაგრძოს, თუმცა მას არ დაუზუსტებია რა შეიძლება იქცეს კონსენსუსის საფუძვლად.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ვარიანტთან მიმართებით საერთო თანხმობა არსებულ ვითარებაში ძნელი წარმოსადგენია. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, აცხადებს, რომ დისკუსიას აზრი ექნება მხოლოდ კონსტიტუციის პროექტის საპარლამენტო განხილვის შეჩერებისა ან მისი გამოწვევის შემთხვევაში:

„კონსტიტუციურ საკითხებზე რეალური კონსენსუსის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, საჭირო, აუცილებელი, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია შეჩერდეს ან გამოწვეული იქნეს პარლამენტიდან კონსტიტუციის არსებული პროექტი. შესაბამისად, ამის შემდგომ აქვს აზრი დისკუსიას და ამის შემდგომ, შესაძლოა, გაჩნდეს კონსენსუსისთვის გარკვეული ტიპის რესურსები. შეუძლებელია, საქართველოს კონსტიტუცია, თანხმობის დოკუმენტი, მიღებულ იქნეს ერთპარტიულად. ეს ვერ იქნება ვერანაირი ლეგიტიმაციის მატარებელი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვიღებთ საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის და არა ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის წესდებისთვის“.

ყველა პოლიტიკური პარტია ცალსახად ადასტურებს იმას, რომ საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ ცვლილება უნდა მოხდეს, გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა, დარჩეს ბლოკები, საარჩევნო ბარიერი ჩამოიწიოს 3 %-მდე და ბონუს სისტემა შეიცვალოს...

გიორგი აბაშიშვილის ეს სიტყვები მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის განცხადებას მოჰყვა. კერძოდ, გიორგი კვირიკაშვილმა ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოსთან გამართული სატელეფონო საუბრის თაობაზე ილაპარაკა და დასძინა, რომ ხელისუფლება მზადაა დიალოგი გააგრძელოს, თუმცა პრემიერს არ დაუკონკრეტებია, თუ რა საფუძვლით შეიძლება დიალოგის წარმოება.

„ბატონმა ჯანი ბუკიკიომ გამოხატა კმაყოფილება ჩვენი მზადყოფნის გამო, რომ გავაგრძელოთ დიალოგი, რათა ჩვენ მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ნამდვილად იქნება გამოხატულება ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ნების. ეს არის მნიშვნელოვანი. შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად არის მზადყოფნა პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსის მიმართულებით. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯები, რომელზეც მე დეტალურად აღარ ვისაუბრებ და კიდევ ერთხელ ვამბობ, მზად ვართ გავაგრძელოთ და კიდევ მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება რაღაცებზე კიდევ შეთანხმება“.

შეთანხმების მიღწევის რა ზომებს გულისხმობდა პრემიერი, ძნელი სათქმელია, მით უფრო, თუ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, კომენტარსაც მივიღებთ მხედველობაში. მედიასთან საუბრისას მან აღნიშნა, კონკრეტულ ინიციატივებთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადებას ვერ გავაკეთებ, თუმცა დისკუსიის, კონსულტაციებისა და ამ კონსულტაციების საფუძველზე გარკევული შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არსებობსო.

ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობას აქვს წინადადება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით კი ჩატარდეს, მაგრამ მაჟორიტარული წესით არჩეული მანდატების რაოდენობა შემცირდეს პროპორციულის გაზრდის ხარჯზე. ამგვარ ინიციატივაზე მსჯელობას გამორიცხავენ „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი სუბიექტები და მედიასთან საუბარში ადასტურებენ, რომ პარლამენტში მესამე მოსმენით მხოლოდ კონსტიტუციის იმ ვარიანტს დაუჭერენ მხარს, რომელსაც უკვე ორი მოსმენით ეყარა კენჭი.

არასაპარლამენტო პარტიების საკოორდინაციო საბჭომ 5 ივლისს გამართულ შეხვედრაზე ერთიანი პოზიცია დაადასტურა, რომელიც რესპუბლიკელმა თამარ კორძაიამ შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:

„ყველა პოლიტიკური პარტია ცალსახად ადასტურებს იმას, რომ საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ ცვლილება უნდა მოხდეს, გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა, დარჩეს ბლოკები, საარჩევნო ბარიერი ჩამოიწიოს 3 %-მდე და ბონუს სისტემა შეიცვალოს“.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, შეთანხმების მისაღწევად გამოიძებნოს ახალი გზები, წერილობით გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად „შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი. მან პრემიერს მოუწოდა გადადგას მკვეთრი ნაბიჯები, ვინაიდან მხოლოდ ამას შეუძლია „უკვე გადაბრუნებული ურმის გზაზე დაყენება“:

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, წინ ორი გზაა: თქვენი პოლიტიკური გუნდი ან ბოლომდე მიიყვანს 2015 წელს დაწყებულ საქმეს და 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ან იგი ერთპარტიულ ავტორიტარიზმს დაისახავს მიზნად და ამ მიზანს შეელეწება, როგორც ყველა მისი წინამორბედი. მახსოვს, ჩვენი საერთო ოცნება მსგავსი შელეწვებისგან ქვეყნის დაზღვევა იყო...“

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე კონსტიტუციის პროექტთან მიმართებით არსებულ ვითარებაში კომპრომისის შესაძლებლობას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ახლა მხარეები კონსენსუსის ძიებაზე ალაპარაკდნენ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ვენეციის კომისიის პოზიციის გამო, მაგრამ საქმე ამაზე შორს ვერ წავა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG