Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიალოგი კონსტიტუციისთვის


გიორგი კვირიკაშვილი, ჯანი ბუკიკიო და ირაკლი კობახიძე
გიორგი კვირიკაშვილი, ჯანი ბუკიკიო და ირაკლი კობახიძე

არასამთავრობო სექტორი მზადაა ჩაერთოს დიალოგის პროცესში და, საჭიროების შემთხვევაში, მოდერაციაც გაუწიოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს იმისათვის, რომ პოლიტიკური სპექტრი საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდეს. ამ შედეგით დასრულდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს, შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. სწორედ ამ შეხვედრას მოჰყვა მისი შედარებით ოპტიმისტური განცხადებაც, რომ არსებობს საფუძველი შესაძლო კომპრომისისთვის.

დიალოგი კონსტიტუციისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:05:39 0:00
გადმოწერა

საქართველოში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესზე მყოფი ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 30 ივნისს, დილით, ბათუმში შეხვდა. ჯანი ბუკიკიოს საუბარს „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურსა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორ მიხეილ ბენიძესთან წინ უძღოდა 29 ივნისს გამართული შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრებზე საქართველოში მიმდინარე საარჩევნო რეფორმით იმედგაცრუებულმა ჯანი ბუკიკიომ პროცესის მხარეებს დიალოგისა და კონსტიტუციის საკითხზე გადაწყვეტილებების მხოლოდ ფართო კონსენსუსის საფუძველზე მიღებისკენ მოუწოდა. ამ მიმართულებით, მისი შეფასებით, განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან, როგორც პროცესის ნეიტრალურ მოთამაშესთან:

“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ისინი ამ პროცესში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რადგან ნეიტრალურები არიან, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნებიან და ფიქრობენ, რომ პრობლემის გადაწყვეტაში თავიანთი წვლილის შეტანა შეუძლიათ. მოგეხსენებათ, მე არაერთი შეხვედრა გავმართე და მქონდა შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიების პოზიციებს გავცნობოდი. და ბოლოს, დღეს, მე ცოტა უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ, ჩემი აზრით, არსებობს საფუძველი შესაძლო კომპრომისისთვის. გუშინ მხარეებს დიალოგისკენ მოვუწოდე - მათ უნდა ისაუბრონ ერთმანეთში. ჩემი აზრით, მხოლოდ კარგი, კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციურ და მმართველ პარტიას შორის გადაარჩენს კონსტიტუციას. კიდევ ვიმეორებ, რომ კონსტიტუციის პროექტი კარგია. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომელთა გამოსწორებაც საჭიროა, თუმცა, ზოგადად, კარგია. ეს პროექტი მიღებულ უნდა იქნეს არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ“.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრით კმაყოფილი დარჩნენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. ისინი ჯანი ბუკიკიოსთან სამოქალაქო სექტორის იმ ნაწილის შეჯერებული პოზიციებით წარდგნენ, რომლითაც საკონსტიტუციო პროცესით საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაუარესების საფრთხეზე საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ვენეციის კომისიას, ამ რამდენიმე დღის წინ მიმართეს:

„გავცვალეთ მოსაზრებები და ვისაუბრეთ სიტუაციიდან, ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის გზებზე. ბუნებრივია, მან კიდევ ერთხელ ახსენა დიალოგის აუცილებლობა და საჭიროება და ჩვენც შევთავაზეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია ჩავერთოთ ამ პროცესში, რომ, გარკვეულწილად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგეს შეთანხმება“, - განაცხადა, მიხეილ ბენიძემ.

“ცხადია, ვსაუბრობდით იმაზე, რომ მიუღებელია ის, რომ დემოკრატიული პროცესების გადავადება ხდება 7 წლით ამ ქვეყანაში და ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსთვის არ არის კარგი. ცხადია, ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს როლზე ამ პროცესში და ბატონი ბუკიკიო, ცხადია, მიესალმა იმას, რომ ჩვენ ვართ მზად მოდერაცია გავწიოთ“, - თქვა ეკა გიგაურმა.

შედგება თუ არა პოლიტიკური დიალოგი ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე, მაშინ როდესაც კონსტიტუციის ორი მოსმენა ოპოზიციის ტოტალური ბოიკოტის ფონზე წარიმართა და მმართველმა პარტიამ ერთხმად დაუჭირა მხარი თავისივე უმრავლესობის კონსენსუსით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ქვეყანა 2024 წლიდან გადავიდეს? ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული დიალოგი პოლიტიკური სპექტრისთვის მისაღებია, თუმცა რადიკალურად განსხვავებულია პოლიტიკური მხარეების დამოკიდებულება სადავო საკითხისადმი, კერძოდ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თარიღთან დაკავშირებით:

“მთავრობამ და ხელისუფლებამ ეს კონსტიტუცია უნდა გაიწვიოს. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. ფორმა არის გამოსაძებნი. როგორი ფორმით იქნება ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება და როდის დაიწყება, ამაზე უნდა იყოს ფართო კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებს შორის“, ამბობს „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციური პარტიების სახელით დეპუტატი რომან გოცირიძე. „ევროპული საქართველო“ კი კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის ყველაზე ოპტიმალურ გზად პლებისციტს მიიჩნევს. კონსულტაციებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თავის მხრივ, მმართველი გუნდი, თუმცა პრინციპულ საკითხებზე შეთანხმების პერსპექტივას ვერ ხედავს.

„მმართველი გუნდი ყოველთვის იყო დიალოგისთვის მზად. ჩვენი ოპონენტების მხრიდან ამაზე საპასუხოდ არ მიგვიღია არც ერთი კონსტრუქციული წინადადება. არც ერთი კონსტრუქციული წინადადება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კომპრომისს, ჩვენ კონსენსუსს ვერ მივაღწევდით სწორედ ამის გამო“.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს იმასაც, რომ დიალოგის პირობებში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. მის ამ მოსაზრებას კი წინ უძღოდა პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილის ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მაჟორიტარებმა, როგორც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგეებმა, კომპრომისი პროპორციული არჩევნების ბონუსური სისტემისადმი მხარდაჭერით უკვე გამოხატეს და ჯერი ახლა ოპოზიციურ სპექტრზეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG