Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანი ბუკიკიო პოლიტიკურ სპექტრს კონსტიტუციის პროექტზე დიალოგის გაგრძელებას ურჩევს


საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან

ახალი კონსტიტუცია მხოლოდ ერთმა პარტიამ არ უნდა მიიღოს და საჭიროა გაგრძელდეს კონსულტაციები იმისთვის, რომ ფართო კონსენსუსის მისაღწევად საერთო ენა გამოინახოს - ესაა საქართველოში, ბათუმში მყოფი ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს, მთავარი რეკომენდაციები. გამოხატავს რა საქართველოს კონსტიტუციის შესწორებების შეჯერებულ პროექტში მმართველი პარტიის მიერ შეტანილი თვითნებური ცვლილებებით იმედგაცრუებას, ჯანი ბუკიკიო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხის მხოლოდ კონსენსუსის გზით გადაჭრის აუცილებლობაზე ლაპარაკობს. თუმცა კონსენსუსის საგანი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში სხვადასხვაგვარად ესმით. მმართველი პარტია მხარდაჭერას მაჟორიტარული სისტემის მხოლოდ 2024 წლიდან გაუქმების საკითხზე ითხოვს, დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის კი პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ეგრეთ წოდებული გარდამავალი პერიოდის გარეშე, მხოლოდ 2020 წლიდანაა მისაღები. იმისათვის, რომ კონსტიტუციის ლეგიტიმაცია პრობლემად არ იქცეს და ქვეყნის მთავარი კანონი ფართო კონსენსუსის საგანი გახდეს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი პროცესის მონაწილე მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისას ფართო კონსენსუსის მიღწევის პროცესში მთავარი მოთამაშე, ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს თანახმად, მმართველი პარტიაა, თუმცა არანაკლები პასუხისმგებლობა აკისრიათ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც. საკონსტიტუციო პროცესში შექმნილი კრიზისის დაძლევის მთავარ გზად ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა პოლიტიკური დიალოგი დაასახელა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იმედგაცრუებულია:

“მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ და ყოველ საათში კიდევ უფრო მემატება ეს იმედგაცრუება. მე ძალიან მჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეძლებდა უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის ნაბიჯის წინ გადადგმას, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ. პრობლემა ისაა და მე იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ პროცესი დაბლოკილია. ამ დროისათვის მე ვერ ვხედავ დიალოგს პარტიებს შორის, ჩემი მესიჯი კი დღეისთვისაც და მომავალი დღეებისთვისაც იქნება, რომ ილაპარაკოთ, აწარმოოთ დიალოგი და სცადოთ კომპრომისები“.

ან ის დაარწმუნებს ოპოზიციის - როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის - წარმომადგენლებს, რომ ეს არის შეუდარებლად კარგი დოკუმენტი წინასთან მიმართებით, ან თვითონაც დარწმუნდება, რომ ჩვენს ოპონენტებთან, რომლებიც სუბიექტურად უდგებოდნენ თავიდანვე ამ საკითხს, ამ კონსენსუსის მიღწევა არის შეუძლებელი...
მამუკა მდინარაძე

ჯანი ბუკიკიოს თანახმად, პროცესის დაბლოკვა განაპირობა სწორედ კონსენსუსის არარსებობამ იმ პროექტზე, რომელიც, თავის მხრივ, მისაღები იყო ვენეციის კომისიისთვისაც. ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შეფასებით, პროექტი, რომელშიც მოგვიანებით, პოლიტიკური ოპოზიციის ნების საწინააღმდეგოდ, მმართველმა პარტიამ შესწორებები შეიტანა, კარგი იყო. ახლა კი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილებები თვითნებურად 2024 წლამდე გადაავადა. ჯანი ბუკიკიო ფიქრობს, რომ, შექმნილი ვითარების მიუხედავად, არსებობს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ტექსტის სამუშაო ვარიანტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად გასწორდეს. ორი მოსმენით უკვე მიღებული კონსტიტუციის მესამე მოსმენისას შეცვლის ალბათობას პრაქტიკულად არ უშვებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,მასთან ერთად კი საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას დააზუსტა, რომ საქართველო პროპორციულ სისტემაზე სწორედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნებით გადადის, ამ სისტემაზე გადასვლის თარიღზე კონსენსუსი კი ხალხის მიერ არჩეულ უმრავლესობასთან შედგა. შესაბამისად, ოპოზიციასთან დიალოგისა და ფართო კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობასაც მმართველი პარტია, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის თანახმად, მხოლოდ თავის მიერ ჩასწორებულ პროექტთან დაკავშირებით უშვებს:

“ბატონმა ბუკიკიომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ოპოზიციასთან მიმართებით დაგვეხმარება კონსენსუსის მიღწევაში. აქ რჩება მხოლოდ და მხოლოდ ორი ვარიანტი: ან ის დაარწმუნებს ოპოზიციის - როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის - წარმომადგენლებს, რომ ეს არის შეუდარებლად კარგი დოკუმენტი წინასთან მიმართებით, ან თვითონაც დარწმუნდება, რომ ჩვენს ოპონენტებთან, რომლებიც სუბიექტურად უდგებოდნენ თავიდანვე ამ საკითხს, ამ კონსენსუსის მიღწევა არის შეუძლებელი“.

უმრავლესობის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, კონსტიტუციის შესწორების პროექტის პოზიტიური ცვლილებების ნაცვლად, ნეგატიურზე - ანუ ძირითადად მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო სისტემის 2020 წლიდან შეცვლის გადაწყვეტილების უგულებელყოფასა და ხელისუფლების მიერ ძალაუფლების უზურპაციის რისკებზე - გაამახვილა ყურადღება ოპოზიციამ. მათ ჯანი ბუკიკიოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ დიალოგის შეთავაზებას იღებენ და კონსტიტუციის გაჯანსაღების იდეის გარშემო ერთიანდებიან. ამ მიმართულებით ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია იმ პროექტის გამოწვევა პარლამენტიდან, რომელიც უმრავლესობამ უკვე მოიწონა ორი მოსმენით.

„დღეს ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ დიალოგის აუცილებლობაზე. ამიტომ ჩვენ ვადასტურებთ, მთელი ოპოზიციური სპექტრი, ჩვენს მზაობას დავიწყოთ მუშაობა ნულიდან, იმისათვის რომ მივიდეთ შეთანხმებამდე. ჩვენ ვადასტურებთ, რომ დიალოგისთვის მზად ვართ. ახლა ველოდებით, რომ დაინიშნოს კონკრეტული დრო, თარიღი, შევთანხმდეთ ფორმატზე, რა ვითარებაშიც წარიმართება ეს დიალოგი“, განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

კონსტიტუციური ცვლილებების მიმდინარე პროცესის შეჩერებას ითხოვს, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც, რომელმაც ჯანი ბუკიკიოს თავისი შეხედულებები პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე გააცნო:

"ქართულმა ოცნებამ’ უნდა გაიაზროს ის, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზარალებს დემოკრატიულ განვითარებას ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და შეაჩეროს ეს პროცესი და დავიწყოთ კონსტიტუციური პროცესი ისე, როგორც ის უნდა მიმდინარეობდეს, დიალოგის, ჩართულობის, კონსენსუსის ღირებულებებიდან გამომდინარე“.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს, თანახმად კი, კონსტიტუციური პროცესი ფართო კონსენსუსითა და ჩართულობით მიმდინარე პროცესია, რომელშიც ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატია გაუმჯობესდეს. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო, საქართველოში, ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესში მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG