Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტიტუციის კვირა


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, თუმცა მხოლოდ უმრავლესობის მონაწილეობით. ახალ კანონს ბოიკოტს უცხადებს როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო სექტორი.

კონსტიტუციის კვირა
please wait

No media source currently available

0:00 0:07:54 0:00
გადმოწერა


საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტს პირველი მოსმენით დეპუტატებმა 22 ივნისს უყარეს კენჭი და 115 ხმით, ანუ ერთხმად, დაუჭირეს მხარი. თუმცა კენჭისყრაში მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მონაწილეობდა. საპარლამენტო პარტიებმა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „პატრიოტთა ალიანსმა” და „ევროპულმა საქართველომ“ - ახალ კანონს ბოიკოტი ჯერ კიდევ 21 ივნისს გამოუცხადეს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, პროცესს ერთპარტიული მაინც არ შეიძლება ეწოდოს:

“რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ ამ პროცესს მიაყენონ ჩრდილი და აჩვენონ, რომ კონსტიტუციური პროექტის განხილვა მიმდინარეობს თითქოს ერთი პოლიტიკური პარტიის ქვეშ. არ არის ეს სწორი და არ არის ეს მართებული, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ფართო ჩართულობით, ასეთი წარმომადგენლობითი კონსტიტუციურ პროექტზე მომუშავე საკონსტიტუციო კომისია მე არც მახსოვს“.

უკმაყოფილოა არასამთავრობო სექტორიც. მათი აზრით, საზოგადოების ჩართულობა მოჩვენებითი აღმოჩნდა, რადგან ხელისუფლებამ საბოლოოდ უარი თქვა მთავარზე - შეეცვალა საარჩევნო სისტემა.

მიხეილ ბენიძე
მიხეილ ბენიძე

“ჩვენ ვფიქრობდით, რომ ერთ-ერთი მაინც სერიოზული მიღწევა ამ საკონსტიტუციო კომისიის იყო საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მეტ-ნაკლები შეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბონუსები, ბლოკების გაუქმება, ბარიერი და ასე შემდეგ პრობლემური საკითხები იყო. ახლა გამოდის, რომ საკონსტიტუციო კომისიის პროცესის მიღმა კიდევ რაღაც ისეთი ცვლილებები შედის, რომელიც იქაც არ ყოფილა შეთანხმებული, რომელიც ვენეციის კომისიასთანაც არ ყოფილა გაგზავნილი. ანუ მაშინ რა აზრი ჰქონდა ამ პროცესს? შეეძლო ხელისუფლებას დამჯდარიყო მმართველი პარტია და თვითონ დაეწერა ის ძირითადი საკითხები, რაც მათ აღელვებთ. რეალურად მნიშვნელოვანი საკითხები დარჩა ისეთი ფორმით, რა ფორმითაც საკონსტიტუციო კომისია არ შეთანხმებულა“, ამბობს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარე, მიხეილ ბენიძე.

„ქართული ოცნების“ შიდა კონსულტაციების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით გაიმართება, პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლა კი 2024 წლიდან მოხდება. საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში შეთანხმებული და ვენეციის კომისიაში გაგზავნილი პროექტის თვითნებური შეცვლის გამო, სამოქალაქო სექტორი ემიჯნება პროცესს, წყვეტს ხელისუფლებასთან კონსტიტუციურ დიალოგს და აპირებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ვენეციის კომისიას აცნობოს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, გადაწყვეტილება, ძალაში დარჩეს შერეული საარჩევნო სისტემა, ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა კონსტიტუციის არსებით ცვლილებაზე. საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ფუნდამენტურად იცვლება - იკვეცება - მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილება:

„ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციებს და უფლებებს, ეს ეხება კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს გაქრობას. არსებულ ვითარებაში შემოსულია პარლამენტიდან თხოვნა, დაინიშნოს საგანგებო სესია იმისთვის, რომ განხილულ იქნეს კონსტიტუციის წარმოდგენილი პროექტი. მე ამ თხოვნას უარით ვპასუხობ!“

ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ეფექტური საკონსტიტუციო ჩარჩოს შესაქმნელად კოალიციაში „ევრო-ატლანტიკური საქართველოსათვის“ შემავალი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საჭიროა შეჩერდეს კონსტიტუციის დაჩქარებული წესით მიღების პროცესი, ჩაერთონ საკონსტიტუციო კომისიაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე მომუშავე კვალიფიციური ექსპერტები და კონსულტაციები გაიმართოს ასევე სტრატეგიულ პარტნიორებსა და საერთაშორისო ექსპერტებთან. საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოში შეკრებილი სპეციალისტებიც. როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განმარტა, დაუშვებელია ეროვნული უსაფრთხოების ეროზია და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესის ისე დასრულება, რომ მხედველობაში არ იქნეს მიღებული ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები:

ამ მიმართულებით ვისუსტებთ თავს. ანუ ჩვენ გვაქვს სისტემა, როდესაც მშვიდობიანობის დროს გვაქვს ძალიან სუსტი მექანიზმი და მერე, ომიანობის დროს, გადავდივართ ძლიერ ორგანოებზე და ომი არ გამოცხადებულა ევროპაში 1945 წლის მერე...
ნოდარ ხარშილაძე

​“გამოწვევები არ შეცვლილა, რეალობა არ შეცვლილა. მიუხედავად რაღაც შიდა პოლიტიკური პროცესებისა, საქართველო ისევ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ექსპერტებთან კონსულტაციას, თუ როგორი უნდა იყოს ის ნაბიჯები, რომლებიც გააძლიერებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და სისტემას მთლიანად“.

უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია კონსტიტუციის პროექტის ის ჩანაწერი, რომელიც ეხება უშიშროების საბჭოს გაუქმებას და პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის, ფუნქციების შესუსტებას მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებების გაზრდის ხარჯზე.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელ ნოდარ ხარშილაძის თანახმად, ვერ ქმნის სამართლებრივ ჩარჩოებს ქვეყნის მყარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იგი ამბობს, რომ ცვლილებების მიხედვით, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა, მოქმედთან შედარებით, სუსტდება. რისკებთან გამკლავების მიმართულებით, მაგალითად, იგი ასახელებს ჰიბრიდულ საფრთხეს:

“ამ მიმართულებით ვისუსტებთ თავს. ანუ ჩვენ გვაქვს სისტემა, როდესაც მშვიდობიანობის დროს გვაქვს ძალიან სუსტი მექანიზმი და მერე, ომიანობის დროს, გადავდივართ ძლიერ ორგანოებზე და ომი არ გამოცხადებულა ევროპაში 1945 წლის მერე. ანუ ომის გამოცხადება თუ არ მოხდა, ჩვენ ამ საფრთხეებს ვერ დავუპირისპირდებით. არც 2008 წელს ყოფილა ომი გამოცხადებული და არც უკრაინაში დღეს“, თქვა ნოდარ ხარშილაძემ.

20-21 ივნისს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი, რომლის მთავარი თემები რუსეთის ანექსიური პოლიტიკის შედეგები და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა იყო. საგანგებო ყურადღების ქვეშ მოექცა დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხიც, თუმცა მოსკოვის, ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო განხილვა ვერ შედგა. მათ მოლაპარაკებათა დარბაზი დატოვეს. ამის მიზეზად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებაში მითითებულია, რომ საოკუპაციო რეჟიმებისთვის კატეგორიულად მიუღებელია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დევნილების უფლებათა მხარდამჭერი რეზოლუციის ყოველწლიური დამტკიცება. ასეთი პროტესტი ახალი არ არის, უთხრა რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ:

„გაეროს გენასამბლეა უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნაა. გაეროს გენასამბლეას წარმოადგენს გაეროს წევრი 193-ვე სახელმწიფო. კონკრეტულ შემთხვევაში, ყველა ამ სახელმწიფოს მისდის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარებაა აფხაზეთში, თუ რა ვითარებაა ცხინვალის რეგიონში. აქედან გამომდინარე, დამარცხებულის პოზიციაში არიან როგორც რუსეთის მხარე, ასევე აფხაზური და ოსური მხარეები. საქართველო თავის სიმართლეს ამტკიცებს და ეს არის მათი სუსტი წერტილი, პირველ რიგში - რუსეთის პოზიციის სუსტი წერტილი... და სწორედ ამიტომ იწვევს ეს რუსული მხარის გაღიზიანებას...“

მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით არ იყო ჩართული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეში...
არჩილ თალაკვაძე

გასულ კვირაში კვლავაც აქტუალური იყო 29 მაისს თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმე. ოპოზიციამ ისევ მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, ხოლო უმრავლესობა შს მინისტრს შეხვდა და მისგან მიიღო ამ საკითხზე ინფორმაცია.

„მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით არ იყო ჩართული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ 20 ივნისს, შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ, თუმცა, მისი თქმით, მეტის თქმა ხელისუფლებას სწორედ გამოძიების დასრულების შემდეგ შეეძლება:

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მომხდარზე ვინმემ უნდა აგოს პასუხი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე, ასახელებს კონკრეტულ პირებს, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება:

„ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აიცილებს. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი სწორედ მისი მონაწილეობით მოხდა. ამიტომ ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“, პოზიცია არის ის, რომ ვერ შედგება ვერავითარი გამოძიება, თუ სასწრაფოდ არ იქნა გათავისუფლებული, სულ მცირე, სამი ადამიანი: ორი ძალოვანი მინისტრი და ბატონი ჯეჯელავა, რომელმაც ხელი შეუწყო დანაშაულის დაფარვას და პირველმა დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება“.

რაც შეეხება 29 მაისს თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმის მიმდინარეობას, როგორც მისი ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, გამოძიება მიდის იმ გზით, რომ გამოძიება არ ჩატარდეს. სწორედ ამიტომ ადვოკატმა დააყენა კიდევ ერთი შუამდგომლობა იმის მითითებით, თუ რომელი კამერების ჩანაწერები უნდა ამოიღოს და შეამოწმოს გამოძიებამ. მისი აზრით, მხოლოდ ეს არის შანსი, რომ გამოძიება სწორ გზას დაადგეს და სიმართლე დაადგინოს.

ეს ნიშნავს, რომ გაჩნდება ალტერნატივები, გაჩნდება დიდი სტიმული საქართველოში თევზჭერის განვითარებისთვის და მთლიანად ინდუსტრიის განვითარებისთვის...
ლევან დავითაშვილი

ევროკავშირმა საქართველო დაამატა მესამე ქვეყნების იმ ჩამონათვალს, საიდანაც შესაძლებელია ევროპის ბაზარზე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა, - განაცხადეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, მატყლისა და თაფლის შემდეგ, ქართული ზღვის თევზი მესამე ცხოველური პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე გავა.

„შავი ზღვის ქაფშიას და სხვა თანმდევ პროდუქტებს გააჩნია დიდი პოტენციალი ევროკავშირის ბაზარზე წვდომის. დაახლოებით, 30 მილიონ დოლარამდე ექსპორტი ხორციელდება თურქეთში და თურქეთი იყო საქართველოსთვის, ფაქტობრივად, ერთადერთი ბაზარი. დღეისათვის საშუალება გვექნება, რომ უფრო მაღალი მსყიდველობითი ღირებულების ბაზარზე - 500-მილიონიან ბაზარზე - გაგვიჩნდეს წვდომა. ეს ნიშნავს, რომ გაჩნდება ალტერნატივები, გაჩნდება დიდი სტიმული საქართველოში თევზჭერის განვითარებისთვის და მთლიანად ინდუსტრიის განვითარებისთვის“, განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ზღვის თევზის ექსპორტის უფლება ხუთმა კომპანიამ მოიპოვა. როგორც ვებგვერდის „ევროპა საქართველოსთვის“ მკვლევარი ზურაბ მოდებაძე ამბობს, ევროკავშირის ბაზარზე თევზისა და მისი პროდუქტების მწარმოებელი ქართული საწარმოების გასვლა, ფინანსური მოგების გაზრდის გარდა, იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი და აქ ახალი საწარმოების გახსნის სურვილი უცხოელ ინვესტორებშიც იზრდება.

თბილისში გაიხსნა ვაცლავ ჰაველის ძეგლი. ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის სახელს პატივი მიაგეს დიპლომატებმა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ძეგლის გახსნას უწოდა „მნიშვნელოვანი გზავნილი ახალგაზრდებისთვის“. მწერალი და დრამატურგი, კომუნიზმის პერიოდის დისიდენტი ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიის ბოლო და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტია.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG