Accessibility links

ჟენევის მოლაპარაკებები: საოკუპაციო რეჟიმი უარს ამბობს დევნილების დაბრუნების საკითხის განხილვაზე


რუსეთის ანექსიური პოლიტიკის შედეგები და რუსეთის განგრძობადი აგრესიული პოლიტიკა წარმოადგენდა მთავარ თემებს, რომლებიც 20-21 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის ინიციატივით განიხილებოდა. თუმცა, მე-40 რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, საგანგებო ყურადღების ქვეშ მოექცა დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხი, რომელსაც უკავშირდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გაღიზიანება, გამოწვეული გაეროს გენერალურ ასამბლეაში საქართველოს ინიციატივით ყოველწლიურად დამტკიცებული რეზოლუციებით. დევნილების საკითხის განხილვის მცდელობას, მოსკოვის მხარდაჭერით, ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლების მორიგი დემარში მოჰყვა. ამ საკითხს ისინი ძალის არგამოყენებაზე შეთანხმების გაფორმების აუცილებლობასაც უკავშირებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადება გვამცნობს, რომ 21 ივნისს ჟენევაში საგანგებოდ აღინიშნა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვის მნიშვნელობა, თუმცა განხილვა მაინც ვერ შედგა მოსკოვის, ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო:

სრულიად აშკარაა, რომ საქართველოს მიერ წლიდან წლამდე გათრეული რეზოლუცია არა მხოლოდ ხელს ვერ შეუწყობს საქართველოდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ უარყოფითად მოქმედებს ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობაზე...
ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადება

„ამ თემაზე დისკუსიის დაწყებისთანავე რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკების დარბაზი. მსგავსი უპასუხისმგებლო მიდგომა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მანდატისა და სამშვიდობო პროცესების მიმართ მოსკოვის დამოკიდებულებას“.

მიზეზი, რის გამოც გამოაცხადეს პროტესტი, განმარტებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები აქვეყნებენ. ტექსტში გასაგებად არის ნათქვამი, რომ საოკუპაციო რეჟიმებისთვის კატეგორიულად მიუღებელია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დევნილების უფლებათა მხარდამჭერი რეზოლუციის ყოველწლიური დამტკიცება. ეს არის დოკუმენტი, რომელიც აღიარებს საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დევნილების ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. გაეროს გენერალურ ასამბლეაში ყოველწლიური რეზოლუციების ინიცირებას საქართველო 2008 წლიდან ახდენს და მათ წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ქვეყანა უჭრს მხარს. ასე მაგალითად, „აფხაზეთიდან, საქართველოსა და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" 2017 წლის 1 ივნისს დამტკიცებულმა მორიგმა რეზოლუციამ 80 ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვა, მაშინ როცა გასულ წელს მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვი 76-ს შეადგენდა.

ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებაში იგრძნობა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაში დამტკიცებული რეზოლუციები დიდი დისკომფორტის შემქმნელია მათთვის:

„სრულიად აშკარაა, რომ საქართველოს მიერ წლიდან წლამდე გათრეული რეზოლუცია არა მხოლოდ ხელს ვერ შეუწყობს საქართველოდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ უარყოფითად მოქმედებს ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობაზე. ეს ფორუმი კი ერთადერთია, რომლის ფარგლებშიც სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ განიხილონ ფართო სპექტრი არსებითი პრობლემებისა, მათ შორის - დევნილებთან და გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით“.

ის, რომ გაეროს გენასამბლეაში დამტკიცებული რეზოლუციები ძალიან აღიზიანებს ცხინვალსა და სოხუმს, სულაც არ უკვირს პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, პროტესტი მანამდეც არაერთხელ გამოხატულა და ამ საკითხის მიმართ მთავარი გაღიზიანების ტალღა, ცხადია, მოსკოვიდან მოდის:

ნიკა ჩიტაძე
ნიკა ჩიტაძე

„გაეროს გენასამბლეა უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნაა. გაეროს გენასამბლეას წარმოადგენს გაეროს წევრი 193-ვე სახელმწიფო. კონკრეტულ შემთხვევაში, ყველა ამ სახელმწიფოს მისდის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარებაა აფხაზეთში, თუ რა ვითარებაა ცხინვალის რეგიონში. აქედან გამომდინარე, დამარცხებულის პოზიციაში არიან როგორც რუსეთის მხარე, ასევე აფხაზური და ოსური მხარეები. საქართველო თავის სიმართლეს ამტკიცებს და ეს არის მათი სუსტი წერტილი, პირველ რიგში - რუსეთის პოზიციის სუსტი წერტილი... და სწორედ ამიტომ იწვევს ეს რუსული მხარის გაღიზიანებას...“

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდის შემდეგ, ასევე გამომჟღავნდა მოსკოვის მწვავე გაღიზიანებაც. გასაგები მიზეზების გამო, ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენელთა პოზიციას პრაქტიკულად იმეორებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ტექსტი. თუმცა, დამატებით, გაეროს გენასამბლეის რეზოლუციებისა და ძალის არგამოყენების დოკუმენტის გაფორმების კონტექსტში ნახსენებია ნატო-საქართველოს ურთიერთობებიც:

„აფხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა გამოხატეს სერიოზული შეშფოთება საქართველოსა და ნატოს ურთიერთობების გაღრმავების გამო. ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის მიერ თბილისში დამტკიცებულმა რეზოლუციამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ნატოელების შაბლონური და ცალმხრივი მიდგომები სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასთან მიმართებით. სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში არსებულმა ასეთმა სიტუაციამ კვლავაც გაუსვა ხაზი ძალის არგამოყენების თაობაზე ჟენევის მოლაპარაკებათა მონაწილეების ერთობლივი განცხადების განხილვის მნიშვნელობას - როგორც პირველ რეალურ ნაბიჯს ორმხრივი ურთიერთობების დამყარების პრო ცესში, ერთი მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს შორის“.

ძალის არგამოყენების შეთანხმება წარმოადგენს ერთ-ერთ იმ უმთავრეს საკითხს, რომელიც დილემად იქცა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში და რომლის მიმართაც მოსკოვისგან რადიკალურად განსხვავებული და უცვლელი პოზიცია აქვს თბილისს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ რუსეთის აგრესიული და დესტრუქციული ქმედებების ამ ფონზე აუცილებელია ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ხაზი ესმება ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობასაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG