Accessibility links

კონტროლი მკაცრდება - ხორცში რომ სალმონელა აღარ აღმოჩნდეს


თბილისის ბაზარი

2018 წლის პირველი მარტიდან ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდება. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ იმპორტირებულ პროდუქტში ერთი წლის განმავლობაში ორჯერ მაინც აღმოჩნდება პათოგენური მიკროორგანიზმი (სალმონელა, ლისტერია მონოციტოგენეზი), სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან იმპორტი ერთი წლით შეჩერდება.

მარტიდან ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდება

  • 2017 წელს დაბინძურებული ხორცპროდუქტების (თევზი, ქათამი) ბაზარზე მოხვედრის რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა.
  • დღეს საქართველოში 30-მდე იმპორტიორია, რომელთაც ქვეყანაში ხორცპროდუქტები შემოაქვთ.
  • იმპორტიორებს მოუწევთ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პროდუქციის იმპორტს და ითანამშრომლონ ევროკავშირის ქვეყნების საწარმოებთან.

საქონლის მფლობელს ასევე ეკისრება ვალდებულება, შემოტანილი საქონელი ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე სხვა საქონლისგან განცალკევებით, საბაჟო საწყობში განათავსოს - ამით შემცირდება ბაზარზე საეჭვო სურსათის მოხვედრის რისკი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა №429 („ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“) და N426 („ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“) დადგენილებებში.

სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე კონტროლის შედეგად არაერთხელ გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმებით დაბინძურებული ხორცი, თუმცა ლაბორატორიული ანალიზის სრულად ჩატარებამდე ამ ხორცის ნაწილი მაინც მიდიოდა მომხმარებლამდე. როგორც წესი, ლაბორატორიაში შემოწმებას სამი დღე მაინც უნდა ხოლმე.

2017 წელს რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა დაბინძურებული ხორცპროდუქტების (თევზი, ქათამი) მოხვედრისა ბაზარზე. გიორგი მიქაძე ხაზგასმით ამბობს, რომ ახალი წესები იმპორტს არ შეზღუდავს, პროცესი მეტად გაკონტროლდება და ხორცპროდუქტები შემოვა ისეთი ქვეყნების კომპანიებიდან, რომლებიც გარანტიას მისცემენ იმპორტიორს პროდუქციის ხარისხზე. იმპორტიორებს მოუწევთ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პროდუქციის იმპორტს და ითანამშრომლონ ევროკავშირის ქვეყნების საწარმოებთან.

გიორგი მიქაძის თქმით, დღეს საქართველოში 30-მდე იმპორტიორია, რომელთაც ქვეყანაში ხორცპროდუქტები შემოაქვთ.

ჩვენ გვაინტერესებდა მათი პოზიციის გაგებაც - როგორ შეხვდნენ ისინი ახალ წესებს და რას შეცვლის ეს მათ მუშაობაში, მაგრამ მათთან დაკავშირება ამჯერად ვერ შევძელით, რადგან მათი საკონტაქტო ინფორმაცია და ვინაობაც, როგორც შემოსავლების სამინისტროში გვითხრეს, არ არის საჯარო.

სწორედ თერმული დამუშავებაა იმის მიზეზი, რომ მსგავსი დაავადებები არ არის ძალიან მასშტაბური. ზოგადად კი, უნდა ვიცოდეთ, რომ პათოგენური მიკროორგანიზმის მოხვედრა ადამიანის ორგანიზმში კარგის არაფრის მომტანია...
მარინა ენდელაძე

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის ჯანმრთელობისთვის სახიფათო სალმონელასა და სხვა პათოგენური მიკროორგანიზმებით დაბინძურებული ხორცის გამოყენება, ექიმმა-ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ განგვიმარტა, რომ სალმონელაც და ლისტერია მონოციტოგენეზიც სახიფათო, ინფექციის გამომწვევი მიკრობია, რომელიც ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციებს იწვევს. ძირითადად ეს დაავადებები მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ არის საშუალო და მძიმე შემთხვევებიც, განსაკუთრებით, ბავშვებში.

„ეს მიკრობები კარგ თერმულ დამუშავებას ექვემდებარება. თუ ხორცს 40 წუთის განმავლობაში მოვხარშავთ ან კარგად შევწვავთ, მიკრობი კვდება - უფრო ადვილად ლისტერია და უფრო რთულად სალმონელა. ვფიქრობ, სწორედ თერმული დამუშავებაა იმის მიზეზი, რომ მსგავსი დაავადებები არ არის ძალიან მასშტაბური. ზოგადად კი, უნდა ვიცოდეთ, რომ პათოგენური მიკროორგანიზმის მოხვედრა ადამიანის ორგანიზმში კარგის არაფრის მომტანია“, - გვითხრა მარინა ენდელაძემ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG