Accessibility links

მოსკოვის სამმხრივი შეხვედრა ელჩის მკვლელობის ფონზე


მოჰამად ჯავად ზარიფი, სერგეი ლავროვი, მევლუთ ჩავუშოღლუ

რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის, მკვლელობას ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული ქმედება უწოდეს რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებმაც 20 დეკემბერს ერთობლივი განცხადება გააკეთეს მოსკოვში, სადაც სამმხრივი - რუსეთ-ირან-თურქეთის - დაგეგმილი შეხვედრა გაიმართება სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით. რუსი ექსპერტები და პოლიტიკოსები, რომელთა მოსაზრებებითაც აჭრელებულია რუსეთის მედია, მომხდარ ტერაქტში დასავლეთს ადანაშაულებენ.

მიუხედავად ანკარაში მომხდარი თავდასხმისა, რასაც რუსეთის ხელისუფლებამ უმალ მისცა ტერაქტის კვალიფიკაცია, 20 დეკემბერს მოსკოვში დათქმულ დროს შეიკრიბნენ თურქეთის, ირანისა და მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები. თავდაპირველად მოსკოვში ჩავიდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, რომელმაც მიუსამძიმრა რუს კოლეგას და განაცხადა, მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობასთან დაკავშირებული ყველა გარემოების დასადგენადო:

ირანი, თურქეთი და რუსეთი გამოხატავენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ და გახდნენ გარანტი მზადებაში არსებული შეთანხმებისა, რომლის თაობაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მათ მოუწოდეს, ასევე მოიქცეს ყველა სხვა ქვეყანა, რომლებსაც აქვთ გავლენა მსოფლიოში შექმნილ სიტუაციაზე...
სერგეი ლავროვი

„მინდა იცოდეთ, რომ თურქეთი და თურქი ხალხი ისევე გლოვობენ, როგორც რუსეთი და რუსი ხალხი. თურქეთშიც და რუსეთშიც კარგად გვესმის, რომ თავდამსხმელების მთავარი მიზანი იყო რუსეთ-თურქეთის ურთიერთობისათვის ზიანის მიყენება და იმ პროგრესის დაკნინება, რომელსაც ბოლოხანს ერთად მივაღწიეთ“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა - ვლადიმირ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა - 19 დეკემბრის ღამეს სატელეფონო საუბარი გამართეს და თურქეთში ელჩის მკვლელობას უწოდეს „პროვოკაცია“ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის გასაუარესებლად და სირიაში სამშვიდობო პროცესის ჩასაშლელად.

სწორედ სირიაში შექმნილი ვითარება იყო 20 დეკემბერს მოსკოვში გამართული სამმხრივი - ირანის, თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების - მოლაპარაკებების მთავარი თემა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მხარეები მზად არიან, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მთელი სირიის მასშტაბით გაფართოვდეს, რათა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეთ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს, რომლებიც სამოქალაქო ომის შედეგად დაზარალდნენ.

„ირანი, თურქეთი და რუსეთი გამოხატავენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ და გახდნენ გარანტი მზადებაში არსებული შეთანხმებისა, რომლის თაობაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მათ მოუწოდეს, ასევე მოიქცეს ყველა სხვა ქვეყანა, რომლებსაც აქვთ გავლენა მსოფლიოში შექმნილ სიტუაციაზე“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ანდრეი კარლოვი
ანდრეი კარლოვი

სირიაში შექმნილ ვითარებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფონია რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის, მკვლელობა სტამბოლში. ნაციონალისტურად განწყობილი სხვადასხვა რუსი ექსპერტი და პოლიტიკოსი, რომელთა მოსაზრებებითაც აჭრელებულია რუსეთის მედია, მომხდარ ტერაქტში დასავლეთს ადანაშაულებს. ნაციონალისტური გამოცემა „რუსსკაია ვესნას“ კი მოჰყავს პოლიტიკის მეცნიერის ალექსანდრ სოტნიჩენკოს სიტყვები, რომ რუსეთის, სირიისა და ირანის მცდელობას მოაგვარონ სირიის კონფლიქტი, ხელს უშლიან აშშ, ყატარი და საუდის არაბეთი. კრემლთან დაახლოებულმა ანალიტიკოსმა სერგი მარკოვმა 19 დეკემბერს ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც რუსეთის ელჩის მკვლელობას აბრალებს „სიძულვილის იმ ატმოსფეროს, რომელიც დასავლეთის მედიასა და პოლიტიკურ წრეებში ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა რუსეთის წინააღმდეგ“.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს პრაღის კარლოსის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მკვლევარი ემილ სულეიმანოვი, რომელიც სტამბოლში რუსეთის ელჩის მკვლელობის უკან „უბრალო შურისიძების“ მოტივსაც არ გამორიცხავს:

„სირიაში რუსეთის ინტერვენციის თემა აერთიანებს როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე ძალებს თურქეთში - იქნება ეს, მაგალითად, „რუხი მგლების“ მოძრაობა თუ ისლამისტური ულტრამემარცხენე დაჯგუფებები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ნეგატიურად არიან განწყობილნი იმის მიმართ, როგორც რუსეთი იქცევა ბოლო წლებში ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში. თუმცა ეს თავდასხმა არა იმდენად თურქეთის გარკვეული შიდა დაჯგუფებების ნამოქმედარი შეიძლება იყოს, რამდენადაც ცალკეული თავდამსხმელებისა თუ რამდენიმე ადამიანის, რომლებმაც ელჩის მკვლელობით, უბრალოდ, შური იძიეს რუსეთის მიერ ალეპოში ჩადენილი ქმედებების გამო“.

თურქეთის წარმომადგენლების ცნობით, თავდამსხმელი იყო პოლიციის თანამშრომელი, 22 წლის მევლუთ მერთ ალტინტაში. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია ოთხი ადამიანი მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანით.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG