Accessibility links

ქრონიკა: რა უნდა ვიცოდეთ კატალონიაში შექმნილ ვითარებაში გასარკვევად


ესპანეთის შემადგენლობაში შემავალმა სეპარატისტულმა რეგიონმა, კატალონიამ, 1 ოქტომბერს გამართული რეფერენდუმის საფუძველზე, რომელშიც ესპანეთისგან დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი, ოფიციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ამის საპასუხოდ ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ კატალონიას პირდაპირი მმართველობა დაუწესა და 21 დეკემბერს რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. გთავაზობთ ქრონიკას, რომელშიც მიმოხილულია დამოუკიდებლობისთვის კატალონიის ბრძოლის ისტორია.

1060: ბარსელონის გრაფმა, რამონ ბერენგუერ I-მა დააწესა კატალონიის ფუნდამენტური კანონებისა და უფლებების კრებული. იურიდიულად, ისინი მხოლოდ ბარსელონის საგრაფოში მოქმედებდა, თუმცა რეალურად მათ მთელს კატალონიაში იყენებდნენ.

1283: პედრო III არაგონელმა შექმნა კატალონიის პარლამენტი, საკანონმდებლო საბჭო.

1469: ფერდინანდ II არაგონელისა და კასტილიის დედოფალ იზაბელის ქორწინების შედეგად კატალონია გახდა ესპანეთის სამეფოს ნაწილი.

ფერდინანდი და იზაბელი
ფერდინანდი და იზაბელი

ამ ქორწინებით წყვილმა ერთმანეთს შეუერთა თავიანთი სამეფოები. მანამდე კატალონია არაგონის სამეფოს ნაწილი იყო და გარკვეული ხარისხის თვითმმართველობა ჰქონდა.

ესპანეთის ნაწილად გადაქცევის შემდეგ ის ინარჩუნებს თავის ტრადიციულ ინსტიტუტებს და ფუნქციონირებს როგორც ავტონომიური სახელმწიფო სახელმწიფოში.

1640: კატალონიაში მოხდა მისი პირველი და ერთადერთი ომი დამოუკიდებლობისთვის. ის გამოიწვია რეგიონის აჯანყებამ ესპანეთის მეფის, ფილიპე IV-ის მიერ შემოღებული საგადასახადო პოლიტიკის წინააღმდეგ. კატალონია ხანმოკლე პერიოდით ცხადდება რესპუბლიკად საფრანგეთის მფარველობის ქვეშ.

1651: ბარსელონის ხანგრძლივი ალყის შემდეგ კატალონიელები დათანხმდნენ ფილიპე IV-ის მმართველობას - რომელიც მოგვიანებით აღიარებს რეგიონის „პრივილეგიებს“.

1659: პირენეის ხელშეკრულებით დასრულდა 30-წლიანი ომი საფრანგეთსა და ესპანეთს შორის, რასაც კატალონიის დაყოფა მოჰყვა. მან დაკარგა რეგიონები - რუსიიონი, კონფლენტი, ვაიესპირი და სერდანიის ნაწილი. შეთანხმება შედგა კასტილიასა და საფრანგეთს შორის, კატალონიის მმართველების მონაწილეობის გარეშე.

1714: ერთწლიანი ბლოკადის შემდეგ მეფე ფილიპე V იპყრობს ბარსელონას.

კატალონიელთა მხრიდან ფილიპეს მეტოქის მხარდაჭერამ გამოიწვია ის, რომ ომის დასრულების შემდეგ შეიკვეცა მისი პარლამენტი და ტრადიციული თავისუფლებები.

ამ პერიოდს მიეკუთვნება კატალონიის ორი ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო - რაფაელ კაზანოვა, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა ბლოკადას, და დამარცხების დღე, 11 სექტემბერი, რომელსაც ახლა კატალონიის ეროვნულ დღესასწაულს, ანუ დიადას უწოდებენ.

ნაპოლეონ ბონაპარტე
ნაპოლეონ ბონაპარტე

1812: კატალონია საფრანგეთის რეგიონი ხდება ნაპოლეონ ბონაპარტეს მმართველობის პირობებში.

1814: მეფე ფერდინანდ VII იბრუნებს კატალონიას და იქიდან აძევებს ესპანელებს, რომლებიც საფრანგეთის მმართველობას უჭერდნენ მხარს.

ამ პერიოდში კატალონია, ბასკეთთან ერთად, ესპანეთის ყველაზე დინამიური ეკონომიკური რეგიონია. ისინი იმეორებენ დასავლეთ ევროპის სხვა ადგილებში მიმდინარე ინდუსტრიულ რევოლუციას, რაც ბიძგს აძლევს კატალონიური კულტურის რენესანსს. იბადება თანამედროვე პოლიტიკური „კატალანიზმი“. დანარჩენი ესპანეთი დაკავებულია სხვა სეპარატისტული ომებით და მისი იმპერიის ბოლო ნაწილების დაკარგვით.

1901: შეიქმნა კატალონიის რეგიონალისტური ლიგა, მემარჯვენე პარტია, რომელიც კონსერვატიზმისა და კატალონიური ნაციონალიზმის საფუძვლებს ეყრდნობა.

1914: რეგიონალისტური ლიგა წარმატებას აღწევს მადრიდთან მოლაპარაკებაში, რათა შეიქმნას კატალონიის თანამეგობრობა.

1931: ესპანეთი ხდება რესპუბლიკა და იქმნება კატალონიის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. ერთი წლის შემდეგ წერენ კატალონიის ავტონომიის პირველ კანონს.

1934: ლუის კომპანისი, კატალონიის რეგიონული მთავრობის პრეზიდენტი, რეგიონს აცხადებს სახელმწიფოდ ესპანეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში. ამის გამო ესპანეთის მთავრობა აუქმებს კატალონიის თვითმმართველობას და აპატიმრებს რეგიონის ხელისუფლების წევრებს.

ფრანსისკო ფრანკო
ფრანსისკო ფრანკო

1938-39: კატალონიას ფრანკოს ძალები იპყრობენ, პარალელურად ფრანკოსადმი წინააღმდეგობა მარცხდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

კომპანისი საფრანგეთში მიდის, მაგრამ მას მოგვიანებით სიკვდილით სჯის ესპანეთის რეჟიმი.

ფრანკოს დიქტატურის პერიოდში, რომელმაც 1975 წლამდე გასტანა, კატალონიის ავტონომია, ენა და კულტურა შევიწროებულია.

1979: ფრანკოს სიკვდილიდან ოთხი წლის შემდეგ საფუძველი ჩაეყარა კატალონიის თვითმმართველობის თანამედროვე ფორმას, ავტონომიის კანონის დამტკიცებით. საფრანგეთიდან ბრუნდება ჟოზეპ ტარადეიასი, რათა კატალონიის რეგიონულ მთავრობას უხელმძღვანელოს.

2006: კატალონიის ავტონომიის კანონში ხორციელდება კამათის საგნად ქცეული რეფორმა, რომელიც რეგიონულ მთავრობას მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს. ამ გარემოებას და იმ ფაქტს, რომ ოთხი წლის შემდეგ ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფორმების ნაწილი გააუქმა, მიიჩნევენ დღევანდელი პრობლემების მნიშვნელოვან ნაწილად.

2012: მილიონნახევარი მოქალაქე მონაწილეობას იღებს ბარსელონაში გამართულ კატალონიის ყოველწლიურ ეროვნულ დღესასწაულში. იზრდება უკმაყოფილება, რომ რეგიონი დიდძალ თანხას იხდის ცენტრალური ხელისუფლების ხაზინაში.

2014: არასავალდებულო ძალის რეფერენდუმში მონაწილეთა 80%-ზე მეტი მხარს უჭერს დამოუკიდებლობას.

2015: რეგიონულ არჩევნებში იმარჯვებენ სეპარატისტული პარტიები. არჩევნების დანიშვნის მიზანია, გაიზომოს მხარდაჭერა დამოუკიდებლობის შესაძლო გამოცხადების მიმართ.

2017: არტურ მასს, კატალონიის ყოფილ ლიდერს, 2014 წლის რეფერენდუმის ორგანიზების გამო ორი წლით ეკრძალება საჯარო თანამდებობის დაკავება.

2017 წლის 1 ოქტომბერს, მადრიდის მწვავე წინააღმდეგობის მიუხედავად, რეგიონში ტარდება დამოუკიდებლობის რეფერენდუმი. რეგიონული ხელისუფლების ინფორმაციით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ ამომრჩეველთა 43%-მა და მათგან 90%-მა მხარი დაუჭირა კატალონიის დამოუკიდებლობას.

27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პასუხად, ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ რეგიონზე პირდაპირი კონტროლი დაამყარა, დაითხოვა მისი სეპარატისტული მთავრობა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა 21 დეკემბერს.

წყარო: Euronews.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG