Accessibility links

ქალთა საჭიროებებზე ზრუნვა მაჟორიტარობის  ქალი კანდიდატების ნაწილისთვის პრიორიტეტულია


ქუთაისი

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების პროპორციულ საარჩევნო სიებში სულ 116 ქალია. მათგან 55 ადგილს სიების პირველ ათეულში იკავებს. ქალი კანდიდატები პროპორციულ სიებში ჰყავს თოთხმეტ საარჩევნო სუბიექტს. ქუთაისის ათ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 23 ქალი იბრძოლებს, რაც წინა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალ კანდიდატებზე შვიდით მეტია. საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მაჟორიტარ კანდიდატებად ქალები არ დაუსახელებია სამ სუბიექტს: „ნაციონალურ მოძრაობას“, „თავისუფლება -ზვიად გამსახურდიას გზას“ და „სოციალისტური საქართველო -კომუნისტებს“. საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის ყველაზე მეტი, ხუთი ქალი კანდიდატი წარადგინა მამულიშვილთა ორდენმა „სამშობლომ“. მაჟორიტარობის თითო-თითო ქალი კანდიდატი წარადგინეს „ლეიბორისტულმა პარტიამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“. ორ–ორი ქალი კანდიდატი ჰყავთ წარმოდგენილი „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, საარჩევნო ბლოკ „სახალხო - ხალხის ერთსულოვნებას“ და „გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალ საქართველოს“. „შენების მოძრაობამ“ და საარჩევნო ბლოკმა „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალმა საქართველომ“ კი სამ–სამი ქალი კანდიდატი წარადგინეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად. კანდიდატურა არჩევნებამდე 12 დღით ადრე მოხსნეს და „ერთობა ახალ საქართველოს“ შეუერთდნენ „ახალი ქრისტიან -დემოკრატები“, რომლებსაც მაჟორიტარობის ორი ქალი კანდიდატი ჰყავდათ წარდგენილი.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი ქალები ამბობენ, რომ არჩევის შემთხვევაში მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება სოციალური პრობლემების მოგვარება და ქალთა საჭიროებებზე ზრუნვა. ძელქვიანის ოლქში საარჩევნო ბლოკ „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნინო დოლიძის, განცხადებით, მნიშვნელოვანია ქალთა პრობლემებზე თავად ქალებმა ისაუბრონ და მათ მოსაგვარებლად მეტი შესაძლებლობები ჰქონდეთ:

„გავითვალისწინებ ქალების ინტერესებს. ქალის ინტერესი იყო, როცა სოციალურად დაუცველი დედა გამოდიოდა და იბრძოდა მისი შვილების საჭიროებებისთვის. იყვნენ ქალები, რომლებიც გამოდიოდნენ, რადგან შიოდათ მათ შვილებს და სახელმწიფო ვერ უჭრიდათ პრობლემებს და ვიდექით ასეთი ქალების გვერდით და ეს იქნება უფრო აქტიურად. ჩვენ გვჭირდება მეტი ძალაუფლება, რათა მეტად გადავჭრათ ქალების პრობლემები“.

ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, განათლებისა და კულტურის სფეროებში არსებულ პრობლემებზე ზრუნვას აპირებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი ნინო ჯინჭარაძე, რომელიც კენჭს უქიმერიონის ოლქში იყრის:

„პრობლემები, რომლებიც ახლა გვაქვს როგორც განათლების, ისე კულტურის მხრივ ქალაქში, მე ვთვლი, რომ გამოწვეული არის ქალების ნაკლებობით გარკვეულწილად, იმიტომ რომ გაცილებით უკეთესად იციან ქალებმა, რა პრობლემაა განათლების კუთხით, მათი შვილებისთვის რა უფრო სჭიროა - კონკრეტულად შესაძლებელია ზუსტად განისაზღვროს ეს პრობლემები - და როგორ აღმოვფხვრათ ისინი“.

ქუთაისის ძელქვიანის ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელისო დათუსანი თავისი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ასახელებს:

„ბევრ რაიმეს შევცვლი. ყველა იმ პრობლემის მოგვარებით დავიწყებ, რაც არის ქუთაისში. თუნდაც წყალმომარაგების პრობლემა, გზების პრობლემა - ამათ ყველაფერს მოვუვლით და გადავწყვიტავთ“.

ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, მრავალშვილიანი დედებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების პრობლემების მოგვარებას შეეცდება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი საფიჩხიის მაჟორიტარულ ოლქში, მარეხ ნიჟარაძე:

„როგორც ქალი კანდიდატი საკრებულოში, მაქსიმალურად ქალებს და სოციალურად დაუცველებს დავუდგები გვერდით, ასევე შშმ ქალებს, რომლებსაც აქვთ უამრავი პრობლემა, და მათთან თანამშრომლობით აუცილებლად განვიხილავთ ყველა საკითხს და ვეცდები ისინი დავაყენო საკრებულოში. ასევე მეტი ყურადღება სჭირდებათ მრავალშვილიან დედებს და ჩემგან განსაკუთრებული ყურადღება მიექცევათ“.

ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის ქალი კანდიდატები აცხადებენ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობაც გაცილებით ეფექტური იქნება, თუ გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებს ქალები დაიკავებენ. ქუთაისის მერიის თანამშრომელთა უმრავლესობა ქალია, თუმცა სამივე ვიცე-მერისა და 10 საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მამაკაცები მუშაობენ. რაც შეეხება ქუთაისის საკრებულოს მოქმედ შემადგენლობას, რომელსაც უფლებამოსილება 21 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამოეწურება, 25 დეპუტატიდან მხოლოდ სამი ქალია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG