Accessibility links

მერიის ახალი ააიპ ორგანიზაციის შექმნას ოპოზიცია აპროტესტებს


ქუთაისი

ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქის ქუჩების განათებისა და შუქნიშნების მოვლა-პატრონობისთვის ახალი ააიპ ორგანიზაცია „ქუთგანათება“ შეიქმნა, რასაც საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები არამიზნობრივს უწოდებენ. საკრებულოს ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, წევრი ბესიკ ბრეგაძე მიიჩნევს, რომ მერიას დაქვემდებარებული ახალი ორგანიზაციის შექმნა საბიუჯეტო ხარჯს გაზრდის და უმჯობესია ქალაქისთვის მსგავსი სერვისის მიწოდებაზე კერძო ორგანიზაციები მუშაობდნენ. ამასთან, ბესიკ ბრეგაძე აცხადებს, რომ ახალი ორგანიზაციის შექმნა „ ქართული ოცნების“ პარტიული აქტივისტების დასაქმებას ემსახურება:

საკრებულოს ამ გადაწყვეტილების მიხედვით კი, ჩვენ თვითონ მოგვიწევს არა მარტო მონიტორინგი, არამედ სამუშაოების შესრულება, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია. როდესაც ააიპ „ქუთგანათება“ დაიწყებს მუშაობას, ჩვენ მეტად გავაკეთებთ მისი საქმიანობის ანალიზს და შეფასებას
დავით გოგისვანიძე

„სამწუხაროდ, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი ახალი ააიპ ორგანიზაციის შექმნა - ეს არის პარტიული აქტივის დასაქმების ადგილი და, ჩემი აზრით, ეს არასწორია. ზოგადად, ჩვენი პარტიის, „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, და ფრაქციის პოზიცია არის, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ განსახელმწიფოებრიობა მოვახდინოთ ყველა იმ ღონისძიების, რომელსაც მერია ახორციელებს“.

ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული ახალი ააიპ ორგანიზაციის შექმნას უარყოფითად აფასებს საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ დავით გოგისვანიძე და აცხადებს, რომ აუცილებელია მერიას ჰქონდეს მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციები და არა სამუშაოების შემსრულებლის:

„ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება დეცენტრალიზაცია მოხდეს და თვითმმართველობა ახორციელებდეს მხოლოდ და მხოლოდ მონიტორინგის ფუნქციას. საკრებულოს ამ გადაწყვეტილების მიხედვით კი, ჩვენ თვითონ მოგვიწევს არა მარტო მონიტორინგი, არამედ სამუშაოების შესრულება, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია. როდესაც ააიპ „ქუთგანათება“ დაიწყებს მუშაობას, ჩვენ მეტად გავაკეთებთ მისი საქმიანობის ანალიზს და შეფასებას“.

საახალწლო განათებები ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩაზე
საახალწლო განათებები ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩაზე

საკრებულოს წევრის „ევროპული საქართველოდან“ დავით გოგისვანიძისავე განცხადებით, მერია ქალაქის ქუჩების განათებისა და შუქნიშნების ექსპლუატაციის პროგრამისთვის, რომელსაც მასზე დაქვემდებარებული ორგანიზაცია „ სპეციალური სერვისები“ ახორცილებდა, 2 მილიონ 400 ათასი ლარს ხარჯავდა და აუცილებელია ახალი ორგანიზაციის შემქნის შემდეგ საჭირო ტექნიკის შესაძენად და დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის ხარჯი არ გაიზარდოს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი ოთარ ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ ახალი ააიპ ორგანიზაციის შექმნის შედეგად გაიზრდება შესრულებული სამუშაოს ხარისხი და გარეგანათება გადავა დისტანციურ მართვაზე. ოთარ ლორთქიფანიძისავე განცხადებით, ახალი ორგანიზაციის, „ქუთგანათების“, შექმნის შემდეგ ხარჯი არ გაიზრდება, არამედ თანხა დაიზოგება:

„ახალი ააიპ–ის შექმნა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზანს, რომ თანხა დაიზოგოს, რადგან წლების განმავლობაში ქალაქის ქუჩების განათებისთვის მერია აცხადებდა ტენდერს, კომპანიები იღებდნენ მასში მონაწილეობას და გამარჯვებული ორგანიზაცია კი ასრულებდა სამუშაოებს. ჩვენი გუნდის ეკონომისტებმა დაითვალეს ყველა ხარჯი და ახალი ააიპის შექმნით დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაიზოგება და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც იქმნება იგი“.

ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, უკვე გაუქმდა რამდენიმე ააიპი და მერიას დაქვემდებარებულ სხვა ორგანიზაციას შეუერთდა. ასე მაგალითად, „სპორტის სასახლე“ შეუერთდა „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას“, „ოქროს ჩარდახი“ – „ტურიზმის ცენტრს“, „ბოტანიკური ბაღი“ კი - კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას. როგორც მერიაში განმარტავენ, ორგანიზაციების გაერთიანება ხელს შეუწყობს საბიუჯეტო თანხის ეფექტურ ხარჯვას და მენეჯმენტის ეფექტურ განხორციელებას.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG