Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში ისტორიული და კულტურული ობიექტების რეკონსტრუქცია იგეგმება


"თეთრი ხიდი"
"თეთრი ხიდი"

ქუთაისის ხელისუფლება მიმდინარე წელს პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებად ასახელებს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ისტორიული და კულტურული ობიექტების რეკონსტრუქციას. როგორც მერიაში განმარტავენ, მიმდინარეობს თანხის მოძიება გაპონოვის - ყოფილი შაუმიანის - ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელი სახლების ფასადების რეკონსტრუქციისთვის. ქუჩაზე მდებარეობს ქუთაისში ერთ-ერთი ძველი და დიდი სინაგოგა, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ვიზიტორები ისრაელიდან.

სწორედ ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად გეგმავს თვითმმართველობა გაპონოვის ქუჩის აღდგენას. ქუჩაზე მრავლადაა ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დაცული შენობები. კიდევ ერთი ობიექტი, რომელიც ქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივებისთვის სავიზიტო ადგილია, თეთრი ხიდია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეკეთდა ხიდის საფეხმავლო ნაწილი, იგი ამჟამად მნიშვნელოვნადაა დაზიანებული და ფეხით მოსიარულეები მის შეკეთებას ითხოვენ:

„მოსაწონია და კარგი იქნება, თუ აღადგენენ ხიდის საფარს“.

„დანგრეული ხიდი ასე უნდა იყოს დანგრეული და გაფუჭებული? ხალხს არ უნდა ეშინოდეს რიონში ჩავარდნის“.

„თეთრი ხიდი უნდა გაკეთდეს კარგად, ლამაზად. ბავშვებს ეშინიათ გავლა აქ“.

„შეკეთება უნდა ხიდს, რა თქმა უნდა“.

დაზიანებები "თეთრ ხიდზე"
დაზიანებები "თეთრ ხიდზე"

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, თეთრი ხიდის რეკონსტრუქცია მიმდინარე წელს პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორისაა. ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას, განცხადებით, რადგან ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით მზადდება პროექტი, რომლის მიხედვით განხორციელდება ხიდის რეკონსტრუქცია:

„არქიტექტურის სამსახური მუშაობს სააგენტოსთან ერთად. თეთრი ხიდი აშკარად საჭიროებს რეაბილიტაციას, ეს თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით. უბრალოდ, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ძალიან საინტერესო როგორც ტურისტებისთვის, ისე ჩვენი თანაქალაქელებისთვის, რადგან თეთრი ხიდი არის ქუთაისის სიმბოლო და სირცხვილია ასეთ მდგომარეობაში იყოს“.

"თეთრი ხიდი"
"თეთრი ხიდი"

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თეთრი ხიდის რეკონსტრუქციისა და მისი საფეხმავლო ნაწილის ხის კონსტრუქციის შუშით შეცვლის ინიციატივით გამოვიდა თანამდებობაზე არჩევიდან მალევე, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ იდეა დაიწუნა, რადგან ნალექის დროს მასზე გადაადგილება შეუძლებელი იქნებოდა. ამჟამად განიხილება ხიდზე თეთრი ქვების შუშის იმიტირებული დეკორაციების დადგმა, რომლებიც ძელსკამების ფუნქციასაც შეითავსებენ. კიდევ ერთი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ადგილობრივი ხელისუფლება მიმდინარე წელს აპირებს, ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში - ბალახვანში - მდებარე ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციაა. როგორც მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში განმარტავენ, პროექტის მიხედვით, იგეგმება კიბის საფეხურებისა და მოაჯირების რეკონსტრუქცია, მის მიმდებარედ კი ამფითეატრის, კოლონადისა და შადრევნის მოწყობა. სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ზაზა ჩხიკვაძის, განმარტებით, კიბის საფეხურების რეკონსტრუირების შემდეგ ყვავილების ექსპოზიციისთვის შეიქმნება ტრანსფორმირებადი საგამოფენო სივრცე:

ასსაფეხურიან კიბეს რეკონსტრუქცია ბოლოს 2011 წელს ჩაუტარდა. რეკონსტრუქციის პროექტისთვის 157 ათასი ლარი, სამუშაოს შესრულებისთვის კი 81 ათასი ლარი დაიხარჯა...

„ასსაფეხურინი კიბე ქუთაისისთვის დამახასიათებელი ქვის არქიტექტურის ნიმუშია, რომელსაც, ავთენტურობიდან გამომდინარე, ნაკლებად შევეხებით, პირიქით -აღვადგენთ. ბოლო რეკონსტრუქციისას ის გადაღებეს დროის სიმცირის გამო და, პირველყოვლისა, საღებავი უნდა მოსცილდეს დ დაუბრუნდეს ქვის პირვანდელი სახე. საპროექტო წინადადება მოიცავს ასევე ტერიტორიის კეთილმოწყობას, მიმდებარე სკვერის განახლებას, ასსაფეხურიანი კიბის მთლიან რეაბილიტაციას - და მოგეხსენებათ, სავალალო დღეშია - და კიბეზე ყვავილებისთვის საგამოფენო სივრცის შექმნას“.

ასსაფეხურიან კიბეს რეკონსტრუქცია ბოლოს 2011 წელს ჩაუტარდა. რეკონსტრუქციის პროექტისთვის 157 ათასი ლარი, სამუშაოს შესრულებისთვის კი 81 ათასი ლარი დაიხარჯა. რეკონსტრუქციის დროს კიბის დიზაინში მნიშვნელოვანი ცვლილება არ განხორციელებულა, განახლდა მოაჯირები და დამონტაჟდა განათება. ბალახვანში მდებარე ასსაფეხურიანი კიბე ქალაქის ისტორიული ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ კიბის აშენების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ იგი მეორე მსოფლიო ომამდეა აგებული, რადგან ერთ-ერთი ძველი სურათი, რომელზეც კიბის მშენებლობის სამუშაოებია ასახული, ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ინახება და გასული საუკუნის 50-იან წლებამდეა გადაღებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG