Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირა ვენეციის კომისიაში


საქართველოს პარლამენტის შენობა
საქართველოს პარლამენტის შენობა

გასულ კვირაში თბილისის სააპელაციო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა ჰიპ-ჰოპ პროექტ „ბირჟა მაფიის“ წევრები - მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია, რომლებიც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით იყვნენ დაკავებული.

კვირა ვენეციის კომისიაში
please wait

No media source currently available

0:00 0:08:06 0:00
გადმოწერა

„მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა და აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც გულწრფელად დამიდგა გვერდში. სირცხვილი მათ, ვინც სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ყველას მოქალაქეობრივი და მორალური ვალდებულება ვებრძოლოთ ასეთ უსამართლობას“, - თქვა მიხეილ მგალობლიშვილმა, რომელსაც პატიმრობა 50-ათასლარიანი გირაოთი შეუცვალეს, ასევე გირაოთი - 20 ათასი ლარით - გაათავისუფლეს გიორგი ქებურია, რომლის თქმითაც, დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებმა მასზე განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა და აიძულეს ეღიარებინა იმ ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. გიორგი ქებურიას თქმით, პოლიციელები ასევე გამოხატავდნენ აგრესიას „ბირჟა მაფიის“ ვიდეორგოლის შინაარსის გამო. მომღერლებისათვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას დაეთანხმა სახელმწიფო ბრალმდებელი. პროკურორ დავით გუმბერიძის კომენტარი:

„იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ისინი წარსულში ნასამართლები არ არიან, ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად არ დაუდგინდათ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი, ამ ეტაპზე ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი პატიმრობაში ყოფნა მიზანშეწონილი არ არის. პროცესზე გაცხადებული პოზიცია და საჯარო ინფორმაცია, რაც პროკურატურამ მიიღო, სწორედ ამის საფუძველზე შედგა ბრალდებულებთან გასაუბრება, რის შემდგომაც დავიწყეთ გამოძიება და ამჟამადაც მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“.

მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია
მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია

პროკურორის თქმით, პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით - უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მუხლებით.

გასულ კვირაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა 37 ათასი ხელმოწერა შეაგროვა და პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიღების შემთხვევაში, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად პარლამენტში იმაზე მეტი ქალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, ანა ნაცვლიშვილი, მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის:

„დღეს ჩვენ გვყავს 24 ქალი პარლამენტარი, მაშინ როცა პარლამენტში სულ 150 დეპუტატია. თვითმმართველობებში მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია. შესაბამისად, ვინაიდან ამ მიმართულებით პოლიტიკური კულტურა და ცნობიერება ძალიან ნელი მიმართულებით ვითარდება და ამას ადასტურებს უკვე არაერთი წელი, მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობაში შემოღებული იყოს ზომები, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა თანაბარ მონაწილეობას და ამ მხრივ ქართულ პოლიტიკას გახდის სამართლიანს და ბუნებრივს, რადგან დღეს ის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც საზოგადოებაში არის, პოლიტიკაში დარღვეულია“.

2015 წლის წყალდიდობა
2015 წლის წყალდიდობა

გასულ კვირაში ორი წელი შესრულდა 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან. ადიდებულმა მდინარე ვერემ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 2 ადამიანი დაკარგულად ითვლება, უსახლკაროდ დარჩა 200-ზე მეტი ოჯახი, განადგურდა ინფრასტრუქტურა. 13 ივნისს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ორი წლის წინ თბილისში განვითარებული სტიქიური პროცესების შესახებ ანგარიში წარადგინა. სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ თქვა, რომ ვერეს აუზში მდინარის დონის მზომი და ნალექმზომი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც საშუალებას იძლევა, უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, დროულად იქნენ ინფორმირებული შესაბამისი უწყებები:

„დღეს მთლიანად გვაქვს შესწავლილი მდინარე ვერეს ხეობაში ყველა ტიპის რისკი - როგორც გეოლოგიური, ისე ჰიდროლოგიური რისკები, საფრთხეები. მდინარე ვერეს ხეობაში ჩვენ გვაქვს მონიტორინგის სისტემა, რომელსაც ვიყენებთ ადრეული შეტყობინებებისთვის და ასევე მოხდა მდინარე ვერეს კალაპოტის გასწორხაზოვნება. მიმდინარეობს პროექტი წყნეთი-ახალდაბის მონაკვეთზე მეწყრის სტაბილიზაციისა და გზის აღდგენისათვის და, ასევე, ძალიან მალე ვერეს ხეობაში აშენდება ცხაურის ტიპის კედლები, რომლებიც ღვარცოფული, ნატანი მასალის გვირაბებში შეტანის პრევენციას მოახდენს“.

გასულ კვირაში, ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, თბილისში შეხვედრები გამართა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარემ, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა - მედლინ ოლბრაიტმა:

მედლინ ოლბრაიტი
მედლინ ოლბრაიტი

„არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე ფემინისტი ვარ, არამედ ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოება უფრო სტაბილურია, როცა ქალები პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერები არიან. აშკარაა, რომ სახელმწიფო მდივანმა (ჰილარი) კლინტონმა ეს ყველაფერი ახალ სიმაღლეზე დაამტკიცა... მაგრამ, ასევე, საქართველოა მაგალითი იმისა, რომ საზოგადოება უფრო სტაბილურია, როცა ქალები პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერდებიან. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის, რომ ამ პროგრამაში ჩართულმა ქალებმა თავი მიუძღვნეს ადგილობრივ პოლიტიკურ საქმიანობას. ეს არის ის, სადაც ყველაფერი იწყება და ეს არის ხელისუფლების ერთადერთი დონე, რომელსაც ყველა ყველგან ენდობა“.

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მსჯელობა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ. პირველი მოსმენით განხილვისას დეპუტატებს კანონპროექტი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ, გააცნო:

„ეს არის მარიხუანასთან დაკავშირებული სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ლიბერალიზაცია, ანუ სასჯელების შემსუბუქება. საქმე არ გვაქვს დეკრიმინალიზაციასთან, არავინ არ აუქმებს მარიხუანის ან კანაფის ფლობისთვის სისხლის სამართლებრივ ანდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას“.

ვენეციის კომისია
ვენეციის კომისია

გასული კვირის მიწურულს ცნობილი გახდა ვენეციის კომისიის პოზიცია კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. კომისიამ ცვლილებების დიდი ნაწილი მოიწონა, თუმცა, ასევე, გასცა ორ ათეულზე მეტი რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობის გათვალისწინებასაც აპირებს საპარლამენტო უმრავლესობა. ზაქარია ქუცნაშვილის კომენტარი:

„ვენეციის კომისიის მოსაზრების მიხედვით, პირველ ადგილზე გასული პარტია ვერ მიიღებს ე.წ. ბონუსთან ერთად, ჯამში, 89 მანდატზე მეტს150-წევრიან პარლამენტში. უფრო ზუსტად, თუ გამარჯვებული პარტიის მიერ მიღებული ხმების პროცენტი ნაკლები იქნება 50-ზე, მაშინ მისი მანდატების რაოდენობა ვერაფრით ვერ იქნება 89 მანდატზე მეტი“.

"შენების მოძრაობა" - ასე ჰქვია ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკურ მოძორაობას, რომელიც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, დააფუძნა და რომლის პრეზენტაციაც გასულ კვირაში გაიმართა. "შენების მოძრაობის" საბოლოო ფორმირება და პარტიად დაფუძნების პროცესი 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამასთანავე, "შენების მოძრაობა" მონაწილეობას მიიღებს შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ივლისის დასაწყისში საზოგადოებას წარუდგენს საკუთარ კანდიდატებს. მოძრაობის სადამფუძნებლო პრინციპები და ლოზუნგია: ”რაც კარგია, ვუვლით; რაც ცუდია, ვცვლით; რაც გვაკლია, ვქმნით”.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG