Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“, მედიის მრავალფეროვნება და ხელისუფლება - გასული კვირა, აქცენტებით


"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერთა აქცია
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერთა აქცია

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ოქტომბრისთვის გადადო ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვა „რუსთავი 2“-ის საკუთრებასთან დაკავშირებით. გასულ სამუშაო კვირაში კი ამ საქმეზე ორი ხმაურიანი სხდომა გაიმართა, რომელსაც ვნებათაღელვა არც სასამართლო დარბაზის გარეთ და არც,ზოგადად, საზოგადოებაში დაჰკლებია. ეს სხდომები გასულ კვირაში გადაწყვეტილების მიუღებლად დასრულდა, არ დაკმაყოფილდა არც შუამდგომლობა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების თაობაზე. მოპასუხე მხარის არგუმენტს, რომ სიძის დაჭრაში ეჭვმიტანილი დინარა გიორგობიანის ვაჟი, მთელი რიგი მიზეზების გამო, ვერ იქნება მიუკერძოებელი და ამიტომ საქმე ისეთმა მოსამართლემ ან მოსამართლეთა კოლეგიამ უნდა განიხილოს, რომელსაც ორივე მხარე ენდობა, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ შემდეგი განმარტებით უპასუხა:

“სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ოფიციალური სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ მოსამართლე იქნეს აცილებული. დედასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ განსაზღვრულია ის, თუ ვინ წარმოადგენს მოსამართლის ოჯახის წევრს და, ამ პრინციპის მიხედვით, ქალბატონი დინარა გიორგობიანი არ ითვლება ჩემი ოჯახის წევრად“.

თამაზ ურთმელიძისა და დინარა გიორგობიანის დედაშვილობასთან ერთად, გასულ კვირაში არანაკლები განსჯის საგნად იქცა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა დაევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსი ახვლედიანის მეგობრობის საკითხი. საქმე ისაა, რომ 21 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის საგანგებო ეთერით ნიკა გვარამიამ განაცხადა, მეგობრის პირით შემომითვალეს, თუ ტელეკომპანიას არ ჩამოსცილდები, ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის მსხვერპლი გახდებიო:

“ჩემთვის ცნობილი გახდა ამ საუბრიდან, რომ ხვალ სასამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას მიაკუთვნებს ქიბარ ხალვაშს. ამ გადაწყვეტილებას ხვალვე ან შემდეგ დღეს მოჰყვება დაუყოვნებელი აღსრულების გადაწყვეტილება. და მოთხოვნა იყო ჩემს მიმართ, რომ მე გავწეულიყავი, რაზეც, ცხადია, ვთქვი, რომ ამას მე არ გავაკეთებ არასდროს. და ამის საპასუხოდ მითხრეს შემდეგი (ვციტირებ): არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ აქ და ვერ მოვასწარი მათი ამერიკაში გაშვება, როგორც მინდოდა. არ უნდა დამავიწყდეს, რომ არსებობს კონკრეტული ურთიერთობები, რომელიც ვიდეოზეა გადაღებული და ეს ყველაფერი გამოქვეყნდება. არ უნდა დამავიწყდეს, რომ მაქვს სატელეფონო მოლაპარაკებები ცალკეულ ადამიანებთან, მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან, და ეს ყველაფერი გამოქვეყნდება და მე პერსონალურად ვიქნები განადგურებული ჩემი კოლეგების და ქვეყნის თვალში“.

"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერების აქცია
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერების აქცია

აღნიშნულ საქმეზე დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე.

საქართველოში მედიის მრავალფეროვნების დაცვის აუცილებლობის საკითხს კი გასულ კვირაში ერთგვარი შეშფოთებით გამოეხმაურნენ ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი მარკ ტონერი. ამ უკანასკნელმა, კერძოდ, განაცხადა, მთავარი ტელეარხის დახურვა ან პოტენციური დახურვა მნიშვნელოვნად შეავიწროებს მედიასივრცეს საქართველოში და ეს შემაშფოთებელიაო.

“ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ხშირად შეგვიქია საქართველოს ღია მედიაგარემო. ის საერთაშორისო დონეზე აღიარებულია როგორც მოდელი რეგიონში და გვჯერა, რომ დემოკრატიული მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს მოქალაქეთა თავისუფლების დაცვა, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია თავისუფალი და შეუზღუდავი მედიის წვდომაზე. ასე რომ, ზოგადად, ჩვენთვის იმედისმომცემია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის არსებული ღია გარემო. მთავრობამ ბევრი რეფორმა განახორციელა, მათ შორის ის, რაც ზრდის კონტროლსა და ბალანსს. ჩვენთვის ასევე იმედისმომცემია უკანასკნელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ეხება დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული პროკურატურის შექმნას. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, გვაშფოთებს ნებისმიერი ის ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ერთ-ერთი მთავარი მედიამაუწყებლის დახურვა საქართველოში“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ.

იმაზე კი, როგორი მედიაგარემო იქნება 2016 წლის არჩევნებისთვის საქართველოში და როგორ უნდა განიმუხტოს დაძაბულობა, რომელსაც პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების ერთი ნაწილი კრიზისის წინაპირობად მიიჩნევს, დისკუსიები გასული კვირის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც ორი დღის განმავლობაში პრეზიდენტი ხვდებოდა ისეთ ფოკუსჯგუფებს, როგორებიც არიან ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, პოლიტიკური პარტიები. ამ უკანასკნელთა რიგებში ვერ ვიხილეთ მმართველი კოალიციის, „ქართული ოცნების“, წევრები. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს, შეხვდნენ მას, მათთვის მისაღებ ფორმატში, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სასაუბროდ. უმრავლესობამ შეთავაზება ფორმალურად მიიღო, მაგრამ ჩათვალა, რომ ისეთი არაფერი ხდება, რომ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს საგანგებოდ ეთათბიროს.

გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი

“არასოდეს პრემიერს არ ჰქონია ამის პრობლემა, რომ რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან დიალოგის კარი დაეხუროს, ამიტომ ამაზე თვითონ გასცეს, მოდით, პასუხი, როდის და რატომ, რა ვითარებაში არის შეხვედრა უმჯობესი. დიალოგის სივრცე ყოველთვის არის ღია და ყოველთვის არის შესაძლებელი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო, თავისი ადგილი, თავისი ფორმატი, მასშტაბი და თემატიკა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ახლა საჭირო არ არის ამ ვითარების დრამატიზება და ისეთი აჟიოტაჟის შექმნა, რომ თითქოს რაღაც საოცრება ხდება დღეს ქვეყანაში“, განაცხადა კოალიციის ერთ-ერთ ლიდერმა, ეკა ბესელიამ.

ცოტა ხანში კისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით გამოძიება დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა:

“დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად“.

გამოძიება დაიწყო მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, მედიასაშუალებები კი, თავის მხრივ, ვარაუდობენ, რომ ინფორმაცია, რომელსაც, სავარაუდოდ, გულისხმობს გამოძიება, შეეხება სტამბოლის ათა-თურქის აეროპორტში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას, საუბარს.

გიგა ბოკერია დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ
გიგა ბოკერია დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ

შინაგან საქმეთა სამინისტრო, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იღებს განსაკუთრებულ ზომებს, ვკითხულობთ განცხადებაში, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის კამერები დაიწარმოებს მთელი პერიმეტრის 24-საათიანი მონიტორინგი. ამასთან, აღნიშნულ ტერიტორიაზე საპატრულო ეკიპაჟები დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმორიგევებენ, მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად.

პროვოკაციები კი, სამოქალაქო სექტორის შეფასებით, გასულ კვირაში მრავლად იყო. კერძოდ, სოციალურ ქსელებში გაგრძელდა წამების ამსახველი იმ ვიდეოჩანაწერების ტირაჟირება, რომლებიც 2013 წელს სამეგრელოს სამალავებში იყო აღმოჩენილი; დარბეული იქნა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისები, რასაც, არასამთავრობო სექტორის შეფასებით, სავარაუდოდ, ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა. მათვე ძალადობის გამართლებად და წახალისებად მიიჩნიეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მადლობა უნდა გადაიხადოს იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ვიდეოებში ხდებაო. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომ არ წაახალისონ რადიკალური ჯგუფები და სათანადოდ გაიაზრონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ქვეყნის სტაბილურობის პროცესში.

საქმე კი, რომელსაც, იმავე სამოქალაქო სექტორის შეფასებით, სათანადო პასუხისმგებლობით ვერ მოეკიდნენ საგამოძიებო ორგანოები, კერძოდ, პროკურატურა და სასამართლო, 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, აქციის მონაწილეთა დარბევის თაობაზე გამოტანილ განაჩენს უკავშირდება: თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ცენტრში ანტიჰომოფობიური აქციისათვის უკანონოდ და ძალადობრივად ხელის შეშლაში ბრალდებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი და კიდევ სამი მამაკაცი გაამართლა.

XS
SM
MD
LG