Accessibility links

გასული კვირის ორშაბათს, ანუ ევროკავშირის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ, რომელმაც საზოგადოებას ისტორიული მნიშვნელობის დღე მიულოცა, სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს დღე არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო იბრუნებს თავის ადგილს ევროპული თანამეგობრობის სივრცეში. ამასთან, მის სიტყვებით:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობას მოვეკიდოთ უდიდესი პასუხისმგებლობით“.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რაც თითოეულ ჩვენგანს ეკისრება. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რა დიდი დრო დასჭირდა ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევას. ეს შესაძლებლობა დღეს უკვე რეალობაა და ის, თუ როგორ ვისარგებლებთ ამით, ეს უკვე ჩვენი ღირსების საკითხია. ყველა ჩვენს თანამოქალაქეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ვიყოთ ზედმიწევნით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით ამის მიმართ და დავიცვათ ის რეგულაციები, რასაც აწესებს ევროკავშირი”.

28 მარტიდან ოფიციალურად ამოქმედდა შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიომეტრიული პასპორტის მქონე ყველა პირს შეეძლება უვიზოდ იმოგზაუროს ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ ქვეყანასა და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში. მოკლევადიანი მიმოსვლა კი გულისხმობს 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით სარგებლობას და შენგენის ტერიტორიაზე თავისუფალ გადაადგილებას. სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება ევროკავშირის 2 წევრ ქვეყანასთან - დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიასთან. 28 მარტს თბილისიდან პირველი რეისი შესრულდა ათენის მიმართულებით, რომლითაც ქვეყნის პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებთან ერთად პირველად იმგზავრა უვიზოდ ევროპაში.

ნიკოლოზ მელქაძე, საერთაშორისო განათლების ცენტრის სტიპენდიატი, ერთ-ერთი პირველი ქართველია, ვინც 28 მარტს, გათენებისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში უვიზოდ გაფრინდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან თქვა, რომ გავა დრო და ამ ამბავს აუცილებლად მოუყვება თავის შვილებს და შვილიშვილებს, იმ ფოტოებსა და ვიდეომასალასაც აჩვენებს, რომელიც სწორედ ამ დღეს გადაიღო. ევროპაში უვიზოდ მგზავრობის სიხარულს ვერც სხვა მგზავრები მალავდნენ - ზოგს შვილთან მიეჩქარებოდა, ზოგს საქმეზე, ზოგიც იმით იყო ბედნიერი, რომ მათ ოჯახის წევრებს წასვლა-წამოსვლის პრობლემა მოეხსნებათ:

„მეც ერთ-ერთი პირველი ქართველი ვიქნები, ვინც გერმანიაში შევა უვიზოდ, მართლა სასიამოვნო და ამაღელვებელი განცდაა. გრძნობ, რომ ისტორიული ამბის მონაწილე ხარ. მართლაც, დიდ წვალებასთან იყო ვიზის მიღება დაკავშირებული და ყველა ქართველს ვუსურვებ გამოეყენებინოს ეს სიკეთე, რასაც უვიზოდ მიმოსვლა ჰქვია“.

„უბედნიერესი ვარ, რადგან ჩემი შვილი ევროპაში ცხოვრობს და გადასვლა-გადმოსვლას სულ პრობლემები ახლდა თან. ახლა ეს ყველაფერი, იმედი მაქვს, მოიხსნება“.

„მე ბრიუსელში მივდივარ, იქ ვცხოვრობ. მიხარია, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი ასე კარგად დასრულდა. ახლა ჩემს მშობლებსაც აღარ ექნებათ ბარიერები გასავლელი, რომ ჩემთან ჩამოვიდნენ“.

ათენში გაფრენის წინ საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს მოქალაქეებს ეს ისტორიული დღე მიულოცა:

„ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისათვის, უკეთ გაიცნონ ევროკავშირი, უკეთ შეიცნონ ის ღირებულებები, რაზეც იქაური ქვეყნები დგას. ეს არის შესაძლებლობა ჩვენი სტუდენტებისათვის ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში. დღეს კი ჩვენ მივდივართ ევროპის უძველეს კულტურულ დედაქალაქში, ათენში, შემდეგ კი ევროპის ამჟამინდელ პოლიტიკურ დედაქალაქში, სადაც ვიზეიმებთ ამ ძალიან დიდ მიღწევას, რომელიც თანმიმდევრული და ძალიან ინტენსიური შრომის შედეგია“.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ულოცავდნენ საქართველოს ევროპელი ლიდერები და იმედს გამოთქვამდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ევროპასთან. ლიტვისა და ლატვიის პერზიდენტების მიერ ქართულად წარმოთქმულ მოლოცვის სიტყვებს - „საქართველო არის ევროპა!“ „გილოცავთ, საქართველო!“ „ჩვენ ვამაყობთ თქვენი წარმატებით!“ - მილოცვის სხვა სიტყვები მოჰყვა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანისა, და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასისგან. ამ უკანასკნელმა თავისი მილოცვა ათენში ვიზიტით მყოფ გიორგი კვირიკაშვილს პირადად გადასცა.

კვირის სხვა მნიშვნელოვან ამბებს რაც შეეხება, 28-30 მარტს თბილისში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების 200-მდე ექსპერტი მონაწილეობდა. ახალი ფორმატის პირველი შეხვედრა მიზნად ისახავს სტრატეგიული მიმართულებებისა და კონკრეტული გეგმების შერწყმას მაქსიმალურად შედეგიანი თანამშრომლობისათვის როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, ასევე ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა, ნატო-საქართველოს წარმომადგენლობითი სამუშაო შეხვედრის მიზნებზე ილაპარაკა:

„ღონისძიების ძირითადი დანიშნულება, ამოცანა და მიზანი არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში და ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატით არსებული მოზიდული მხარდაჭერის რესურსების აკუმულირება და სინქრონიზაცია, ასევე მორგება საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებებზე, ფოკუსირება ძირითად პრიორიტეტებზე, აღმოფხვრა ნებისმიერი ხასიათის დუბლირების“.

გასული კვირის ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ, სამთავრობო ინიციატივის თანახმად, რომელსაც პროექტის სახე ჯერ არც მიუღია, 12 თვითმმართველი ქალაქიდან მხოლოდ 5 დარჩება. 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის“. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა, და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მისამართით გავრცელებული განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ დაუშვას 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება და ადგილობრივი დემოკრატიის სტანდარტის გაუარესება.

30 მარტს მოსკოვში უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება ცხინვალის ე.წ. არმიის მებრძოლთა ნაწილის რუსეთის არმიის შემადგენლობაში გადანაცვლების თაობაზე. რუსულენოვანი მედია ამ ე.წ. სამხედრო შეთანხმებას საქართველოს მხრიდან შესაძლო თავდასხმის პრევენციას უკავშირებს. მოსკოვის სვლას თბილისი ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად მიიჩნევს და პრობლემის გადაჭრის იმედები საერთაშორისო თანამეგობრობას უკავშირდება. ოსური სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების საკითხი ქართულმა მხარემ 29 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდის ფარგლებშიც გააპროტესტა. ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ აცნობა, რომ რუსეთის არმიაში სამსახურის საშუალება 150 ოს სამხედროს მიეცემა.

ეს არის სუფთა სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანი. ეს არის სახელშეკრულებო ურთიერთობა ორ მხარეს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო ინსტანციაში...

31 მარტს სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს რუსუდან კერვალიშვილი, “ცენტრ პოინტ ჯგუფის” წარმომადგენელი. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას და მის დას, მაია რჩეულიშვილს, თაღლითობისა და თანხების უკანონოდ მითვისების ბრალდებით, გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად კი ბრალდებულებს ოთხ-ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. ადვოკატ მარინე ცუცქირიძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება:

„კატეგორიულად არ ვეთანხმებით იმას, რომ თაღლითობასთან გვაქვს საქმე. ეს არის სუფთა სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანი. ეს არის სახელშეკრულებო ურთიერთობა ორ მხარეს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო ინსტანციაში“.

1 აპრილს კი საქართველოს სახალხო დამცველმა მედიას გააცნო ანგარიში 2016 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. გასულ წელს სახალხო დამცველის აპარატში მოქალაქეების მიერ 8 827 განცხადება/საჩივარი შევიდა. 843-გვერდიან ანგარიშში კი, ტრადიციულად, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისითაა შეფასებული ვითარებაა ციხეებში, აგრეთვე ის, თუ რამდენადაა დაცული სამართლიანი სასამართლოსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, ქალთა და ბავშვთა, შშმ პირთა, ლგბტ თემის წარმომადგენელთა, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები და ა.შ. სახალხო დამცველმა ანგარიში უკვე გაუგზავნა საქართველოს პარლამენტს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG