Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტის გატაცება თბილისიდან და გასული კვირა კიდევ სხვა აქცენტებით


აფგან მუხთარლის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია თბილისში
აფგან მუხთარლის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია თბილისში

29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა და მოგვიანებით ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან შევიწროების გამო თავს საქართველოს დედაქალაქს აფარებდა. 31 მაისს მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აფგან მუხთარლის ბრალი, აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და დიდი ოდენობით თანხის, კერძოდ, 10 000 ევროს უკანონოდ გადატანაში ედება. აფგან მუხთარლის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოშიც. გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აწარმოებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, თავად აფგან მუხთარლის მონათხრობზე დაყრდნობით, ჟურნალისტის აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის გადაცემის ფაქტზე და ამ საქმეში ქართველი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობაზე მიუთითებენ, თავის მხრივ, აფგან მუხთარლის ადვოკატები და მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა:

„ჩვენ ვიცოდით, რომ არსებობდა საფრთხე, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ქართულ მხარეს შეეძლო ასე უბრალოდ გადაეცა ჟურნალისტი აზერბაიჯანისთვის, ყოველგვარი პასპორტის გარეშე. ანუ ის გაიტაცეს და გადასცეს აზერბაიჯანს. ჩვენ ვეცდებით, რომ ვაიძულოთ ქართველი მაღალჩინოსნები, გამოიძიონ საქმე. ჩვენ გუშინ კონკრეტული ვერაფერი ვნახეთ, ჩვენ არ გვანახვეს ქუჩის კამერის ჩანაწერები. ეს კი აჩვენებს, რომ ამ საქმეში ქართველი და აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ“.

ლეილა მუსტაფაევა ფიქრობს, რომ მისი მეუღლის გატაცება დაკავშირებულია ჟურნალისტურ საქმიანობასთან. აფგან მუხთარლი საქართველოში ოჯახთან ერთად 2015 წლიდან ცხოვრობდა. მისი გაუჩინარების დღიდან თბილისში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. მომხდარს გამოეხმაურნენ საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციები, გაკეთდა არაერთი განცხადებაც იმის შესახებ, რომ საქართველომ ვერ შეძლო დევნილი ჟურნალისტის დაცვა, რაც უარყოფითად აისახება მის საერთაშორისო რეპუტაციაზე. აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებას საზოგადოება ყურადღებით ადევნებს თვალყურს, ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი კი მოითხოვს, რომ საქმე პროკურატურამ გამოიძიოს:

“ამ დანაშაულის ჩადენის ადგილი არის არა მხოლოდ თბილისი, ეს დანაშაული გაგრძელდა საქართველოს მთელი საავტომობილო გზის მიმდებარედ. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ ძველი თბილისის პოლიციის საგამოძიებო ქვემდებარე. ასევე ინფორმაციიდან გამომდინარე, შესაძლოა თანამდებობის პირების მიმართაც გამოძიება დაიწყოს, ვისაც შესაძლოა ჰქონდეს კავშირი ამ დანაშაულთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ, რომ სრულყოფილი გამოძიება აწარმოოს მთავარმა პროკურატურამ. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოში ჩატარდება ეფექტური გამოძიება ამ უმძიმესი დანაშაულისა“.

გასული პოლიტიკური კვირა კი საქართველოში ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებით დაიწყო. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც საქართველოს დედაქალაქში 26-29 მაისს გაიმართა, 29 მაისს კენჭი უყარეს დეკლარაციას, რომელიც მოუწოდებს რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება და საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან გაიყვანოს. დეკლარაციის ტექსტში აღინიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანებისათვის საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, MAP-ის, მიღება დასჭირდება, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში კი ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მედიის პლურალიზმის უზრუნველყოფა. საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეას ლიტველმა დეპუტატმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, რასა იუკნევიჩიენემ წარუდგინა და ილაპარაკა იმ საფრთხეებზეც, რომელთა წინაშეც საქართველო ათწლეულების განმავლობაში დგას რუსეთის მხრიდან. ეს საფრთხეები, თავის მხრივ, დეკლარაციაშიც აისახა:

„საქართველოს ესაჭიროება ყველანაირი მხარდაჭერა, რათა გაუმკლავდეს წნეხს რუსეთის მხრიდან - მათ შორის, მისი სამხედრო ძალების გაზრდას საქართველოს საზღვრებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცოცავ ანექსიას და ჰიბრიდულ ტაქტიკას საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვენ, ევროატლანტიკური თანამეგობრობა, არ უნდა ვზღუდავდეთ ჩვენს პოლიტიკას რუსეთის მიმართ შიშზე დაყრდნობით. კრემლი აგრესიულია, მაგრამ ჩვენ განუზომლად ძლიერები ვართ - და არა იმდენად ჩვენი სამხედრო და ეკონომიკური სიძლიერის გამო, არამედ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ მორალურ უპირატესობას გვანიჭებს ჩვენი დემოკრატიული ღირებულებების დაცვა“.

საქართველოს დაცვა რუსული აგრესიისგან, თავის მხრივ, გასულ კვირაში გაეროს გენერალური ასამბლეის მსჯელობის საგანიც გახდა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. რეზოლუციას, რომელიც დევნილთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ფუნდამენტურ უფლებებს განამტკიცებს, მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა. 14 მისი წინააღმდეგი იყო, 61-მა კი თავი შეიკავა.

გაეროს რეზოლუცია ქართული დიპლომატიის გამარჯვებად შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა. მან აღნიშნა, რომ, 2008 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდამჭერ სახელმწიფოთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება:

„რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. დევნილი მოსახლეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათი უფლებები და მათი პრობლემა ისეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც არის გაეროს გენერალური ასამბლეა, ყოველწლიურად ჟღერდება და მათი საკითხი არის ამ საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება“.

საქართველოს შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი გასულ კვირაშიც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხი იყო. საქმე ისაა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 29 მაისის სხდომაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩია მიხეილ ჩინჩალაძე. ჩინჩალაძეს ამ თანამდებობაზე კონკურენტი არ ჰყავდა, მის დანიშვნას კი წინ უძღოდა კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საგანგებო განცხადება, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებდა მოსამართლეები გაუმჭვირვალე პროცესით არ დაენიშნა. „ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის წევრების დიდ ნაწილსაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში ეწურება, განიხილავს სასამართლოების თავმჯდომარეების გამწესებას 5-წლიანი ვადით, აჩენს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ საბჭო ცდილობს მოქმედი შემადგენლობით მოასწროს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული პოზიციების სასურველი კადრებით დაკომპლექტება“, - აღნიშნული იყო 34 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიციის განცხადებაში. 30 მაისს კი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პროტესტის ნიშნად ჩაშალეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მორიგი ანგარიშის პრეზენტაცია. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის, თანახმად, სასამართლო რეფორმის სამმა ტალღამ პრაქტიკულად შედეგი ვერ მოიტანა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება:

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის წარმოდგენა და დავარცხნილად და მშვიდად საუბარი იმაზე, როგორ ინგრევა სისტემა, იქნება ძალიან არაადეკვატური და არასწორი ნაბიჯი. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევქმნათ სურათი, რომ თითქოს პროგრესი არის, მაგრამ გარკვეული ხარვეზები რჩება, რადგან ეს ასე არ არის... და არ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მოსმენა იმ მესიჯის, რომელსაც უკვე წლებია ვისმენთ ხელისუფლებისგან, რომ სასამართლო სისტემა ერთ ღამეში ვერ შეიცვლება, მაგრამ რეფორმა დგას სწორ გზაზე და ეს არის მთავარი“.

სასამართლო სისტემის კლანური მმართველობა, მიკერძოებული გადაწყვეტილებები, კერძოდ, კითხვის ნიშნები თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესში - ესაა არასრული ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რის გამოც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეხუთე ანგარიშის პრეზენტაცია ჩაიშალა, თუმცა თავად ანგარიში მოგვიანებით მაინც გამოქვეყნდა. არასამთავრობო ორგანიზაციები, თავის მხრივ, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენების ორგანიზებას ითხოვენ.

რაც შეეხება პოლიტიკურ სპექტრს, გასულ სამუშაო კვირაში თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთ საარჩევნო ბლოკად გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და რესპუბლიკურმა პარტიამ. როგორც 30 მაისს ამ მიზნით საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს აღნიშნული პარტიების ლიდერებმა, ღირებულებათა ერთიანობა და თანამშრომლობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი გზა მათ აძლევთ იმის რწმენას, რომ „ქართული ოცნების“ შეუზღუდავი სახელისუფლებო ძალაუფლების შემცირებას შეძლებენ და ამას სწორედ თვითმმართველობის არჩევნებიდან დაიწყებენ:

“ეს ერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ საქართველოში, დღეს შექმნილ რეალობაში. დღესაც დაიღუპა ახალგაზრდა კაცი მშენებლობაზე და ჩვენი ხელისუფლება არ იცავს ადამიანის სიცოცხლის უფლებას და არ ცვლის კანონმდებლობას. დღესაც მივიღეთ კლანური სასამართლო, დღესაც გვისმენენ და გვითვალთვალებენ, დღესაც ლაპარაკობს ხელისუფლება ცენტრალიზმზე, ცენტრალიზაციაზე და არა ძლიერ თვითმმართველობებზე. სწორედ ამიტომ, ამ რეალობის შესაცვლელად გავერთიანდით ჩვენ ერთ ბლოკად და როგორც ერთი ბლოკი, ეს არის ჩვენი პოლიტიკური შემადგენელი ჩვენი მოლაპარაკებების, ჩვენი ბლოკის, ჩვენ გვინდა შევქმნათ, შევთავაზოთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს თავისუფალი სივრცე“, განაცხადა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ. „თავისუფალი დემოკრატები“ და რესპუბლიკური პარტია ადგილობრივ არჩევნებზე საერთო სიითა და საერთო კანდიდატებით წარდგებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG