Accessibility links

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა: რუსეთის ოკუპაცია-ანექსია და საქართველოს გზა ნატოში გაწევრიანებისკენ


საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია, რომელიც 29 მაისს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მიწურულს, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცეს, მოუწოდებს რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. დეკლარაციის ტექსტში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ ალიანსში გაწევრიანებისთვის საქართველოს დასჭირდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება. მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარების მიუხედავად, დეკლარაციის თანახმად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ხედავს შემდგომი ძალისხმევის საჭიროებას საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში - ყურადღება მახვილდება კანონის უზენაესობაზე, სასამართლო სისტემასა და მედიაპლურალიზმზე. საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეას ვიცე-პრეზიდენტმა, ლიტველმა დეპუტატმა რასა იუკნევიჩიენემ წარუდგინა.

როცა რუსეთის აგრესიაზე ლაპარაკობდა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა რასა იუკნევიჩიენემ გაიხსენა 1918 წელს დაფუძნებული პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც სულ რაღაც სამი წელიწადი იარსება, ვიდრე მის ევროპულ მისწრაფებებს წითელი არმია შეაჩერებდა. ლიტველმა დეპუტატმა პარალელი გაავლო დღევანდელ საქართველოსთან, რომელიც „კვლავაც ცხოვრობს დიდი და არამეგობრული მეზობლის ჩრდილქვეშ“ - რუსეთს ოკუპირებული აქვს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროპული დემოკრატიის ოჯახს ჩამოაშოროს.

საქართველოს ესაჭიროება ყველანაირი მხარდაჭერა, რათა გაუმკლავდეს წნეხს რუსეთის მხრიდან - მათ შორის, მისი სამხედრო ძალების გაზრდას საქართველოს საზღვრებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცოცავ ანექსიას და ჰიბრიდულ ტაქტიკას საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგ...

თუმცა გასული საუკუნისგან განსხვავებით, როცა საქართველომ ვერ მიიღო დასავლეთის რეალური მხარდაჭერა, რასა იუკნევიჩიენე ახლა საშველს ხედავს და ეს საშველი ჩრდილოატლანტიკური ალიანსია. ის ფიქრობს, რომ ნატოს შეუძლია საქართველოს მხარდაჭერა და ალიანსმა ეს უნდა გააკეთოს, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად:

„საქართველოს ესაჭიროება ყველანაირი მხარდაჭერა, რათა გაუმკლავდეს წნეხს რუსეთის მხრიდან - მათ შორის, მისი სამხედრო ძალების გაზრდას საქართველოს საზღვრებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცოცავ ანექსიას და ჰიბრიდულ ტაქტიკას საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვენ, ევროატლანტიკური თანამეგობრობა, არ უნდა ვზღუდავდეთ ჩვენს პოლიტიკას რუსეთის მიმართ შიშზე დაყრდნობით. კრემლი აგრესიულია, მაგრამ ჩვენ განუზომლად ძლიერები ვართ - და არა იმდენად ჩვენი სამხედრო და ეკონომიკური სიძლიერის გამო, არამედ, პირველ რიგში იმის გამო, რომ მორალურ უპირატესობას გვანიჭებს ჩვენი დემოკრატიული ღირებულებების დაცვა“.

რუსეთის აგრესიაზე, ოკუპაციასა და მცოცავ ანექსიაზე ფართოდ არის ლაპარაკი 29 მაისს დამტკიცებულ დეკლარაციაში, რომელიც კოლეგებს რასა იუკნევიჩიენემ წარუდგინა. დეკლარაციის ტექსტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება, გაიყვანოს თავისი არმია ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ხელი შეუწყოს საერთაშორისო მეთვალყურეების შესვლას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში.

ვადებთან დაკავშირებით, ცხადია, არაფერია დაკონკრეტებული, თუმცა რუსეთის ნების საწინააღმდეგოდ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ქვეყანას უკვე აქვს ყველა „პრაქტიკული ინსტრუმენტი“ ალიანსის წევრობისთვის მოსამზადებლად. თუმცა აქვე იკვეთება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღების აუცილებლობა და ასამბლეა მოუწოდებს ნატოს მთავრობებსა და პარლამენტებს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს „პოლიტიკური განზომილება“ და შეიქმნას პირობები საქართველოსთვის MAP-ის მისანიჭებლად. თუკი რასა იუკნევიჩიენეს სიტყვებით ვიმსჯელებთ, მას მიაჩნია, რომ საქართველოს შეუძლია გვერდი აუაროს MAP-ს, თუმცა ალიანსში ყველა ასე არ ფიქრობს და ეს ვარშავის სამიტზეც გამოჩნდა. შესაბამისად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თუკი საქართველო გააგრძელებს რეფორმების გატარებას და კვლავაც შეიტანს წვლილს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამშვიდობო მისიებში, მას აუცილებლად მიანიჭებენ MAP-ს და ის გახდება ნატოს წევრი.

გაწევრიანების ვადებთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხები არც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პაოლო ალის, აქვს. ის, უბრალოდ, ფიქრობს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველო ძალიან ერთგულ პარტნიორად მიაჩნია, მადლიერია უდიდესი წვლილისთვის გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და რომ ამ ჭრილში იმედებს იძლევა მაგალითი ჩერნოგორიისა, რომელიც რამდენიმე დღეში გახდება ალიანსის წევრი:

პაოლო ალი
პაოლო ალი

„ჩერნოგორიის ალიანსში გაწევრიანება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ნატოში გაწევრიანებისკენ. ეს ფაქტი წარმოადგენს მკაფიო სიგნალს, რომ ნატოს კარი ნამდვილად ღიაა და ვერანაირი მასშტაბის გარე წნეხი ვერ შეუშლის ხელს ამ ქვეყნების სწრაფვას მისდიონ ალიანსში გაწევრიანების ამოცანას“.

საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების დღე რომ მალე დადგება, ამის იმედი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა პირებმაც გამოთქვეს. პარლამენტის სპიკერი, პრემიერი და პრეზიდენტი ამ საკითხს რუსეთის ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის ჭრილში განიხილავენ და ადასტურებენ ქართველი ხალხის მტკიცე და უცვლელ სურვილს საქართველო გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.

თუმცა იმისათვის, რომ ალიანსის წევრი გახდეს, საქართველოს კვლავაც რჩება შესასრულებელი „საშინაო დავალება“ და ეს, რასა იუკნევიჩიენეს სიტყვებით რომ ვთქვათ, შეეხება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებასაც. თუმცა დეკლარაციის ტექსტში ეს თემა უფრო მეტად არის დაკონკრეტებული და ნახსენებია რეფორმების გაგრძელების აუცილებლობა სასამართლოს დამოუკიდებლობისა თუ მედიაპლურალიზმის კუთხით. ამასთან, ხაზგასმულია აუცილებლობა, რომ საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ ხელი შეუწყონ დიალოგის გაღრმავებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის.

ეს კრიტიკული აქცენტები რომ დეკლარაციის ტექსტში მოხვდა, არასაჯარო დისკუსიების ფარგლებში გაცილებით მეტი ითქმებოდა, ვარაუდობს ჩვენთან საუბრისას პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, რომლის აზრითაც, საქართველოს ხელისუფლებას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევს, თუკი მას სურს, რომ წინ წაიწიოს ნატოში ინტეგრაციის პროცესმა.

რაც, სულ მცირე, ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ დაიკარგება ნატოს ყურადღების ეპიცენტრიდან, ხოლო, საუკეთესო შემთხვევაში, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები კიდევ უფრო დაჩქარდება...

რაც შეეხება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარებას და საქართველოს ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირებას მაშინ, როცა მსოფლიოში ახალი წესრიგის ფორმირების საწყისი ეტაპია და ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული ამერიკის ახალი ადმინისტრაციის გრძელვადიანი ხედვები, ხათუნა ლაგაზიძის აზრით, ამ მოვლენას საქართველოსთვის ლამის „სასიცოცხლო“ მნიშვნელობა აქვს:

„რაც, სულ მცირე, ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ დაიკარგება ნატოს ყურადღების ეპიცენტრიდან, ხოლო, საუკეთესო შემთხვევაში, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები კიდევ უფრო დაჩქარდება. ის მესიჯები, რაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში მოვისმინეთ, იყო ისეთი იმედისმომცემი, როგორიც არ ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, ეს მესიჯები არ უნდა დასრულდეს საპარლამენტო ასამბლეის დასრულებასთან ერთად და კარგი იქნება, თუკი ხელისუფლება ამ მესიჯებზე ააგებს გრძელვადიან საინფორმაციო სტრატეგიას“.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქარველოში - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არაწევრ სახელმწიფოში - ჩატარება წარმოადგენდა რუსეთის ერთგვარ გამოცდას იმის აღქმაში, რომ ნატომ, შესაძლოა, იმაზე დაჩქარებულად დაიწყოს საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, ვიდრე ამას ვინმე მოელის.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას თბილისი ოთხი დღის განმავლობაში (26-29 მაისს) მასპინძლობდა. საერთაშორისო უსაფრთხოების მიმდინარე საკითხების, გამოწვევებისა და ასამბლეის კომიტეტების მიერ მომზადებული ანგარიშების განსახილველად, საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, სესიამ თბილისში შეკრიბა ნატოს 28 წევრი ქვეყნის 300 პარლამენტარი ამერიკიდან და ევროპიდან და, ასევე, დელეგატები ასოცირებული, პარტნიორი და მეთვალყურე ქვეყნებიდან. თბილისში სულ 600-მდე მოწვეულ სტუმარს ითვლიდნენ. აკრედიტაცია გაიარა მედიის 300-მდე წარმომადგენელმა. საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრი ქვეყანა 1999 წლის მაისში გახდა.

ამ დღეებში არაერთხელ ითქვა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არაწევრი რიგით მეხუთე ქვეყანაა, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართა. ოთხივე ქვეყანა, რომელიც მანამდე იყო მასპინძლის რანგში, დღეს უკვე ნატოს წევრია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG