Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვოტა, რომელიც ქალთა წარმომადგენლობას ვერ გაზრდის


37 ათასზე მეტი ამომრჩევლის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივაში, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის დასახელებას გულისხმობს, საპარლამენტო უმრავლესობამ, შესაძლოა, პრინციპები შეცვალოს. კერძოდ, მმართველ პარტიაში გენდერული კვოტირების მექანიზმის ჩადებას, პროპორციულთან ერთად, მაჟორიტარული წესით არჩევნებშიც ითვალისწინებენ ისე, რომ პროპორციულ სიებში ყოველი მესამე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის, ხოლო მაჟორიტარებს შორის - ყოველი მეექვსე. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია ამ შესაძლო ცვლილებით წარმომადგენლობით დემოკრატიაში ქალთა მონაწილეობის 25 პროცენტამდე გაზრდას ვარაუდობს, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის სამუშაო ჯგუფი გენდერული კვოტირების ამ ფორმულას ეწინააღმდეგება. ჯგუფში შიშობენ, რომ შემოთავაზებული ალტერნატიული სახით მიღებული კვოტირების მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას და ის ფორმალურ ხასიათს მიიღებს.

კვოტა, რომელიც ქალთა წარმომადგენლობას ვერ გაზრდის

  • მმართველ პარტიაში გენდერული კვოტირების მექანიზმის ჩადებას, პროპორციულთან ერთად, მაჟორიტარული წესით არჩევნებშიც ითვალისწინებენ.
  • მმართველი პარტია ამ შესაძლო ცვლილებით წარმომადგენლობით დემოკრატიაში ქალთა მონაწილეობის 25 პროცენტამდე გაზრდას ვარაუდობს.
  • ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის სამუშაო ჯგუფი გენდერული კვოტირების ამ ფორმულას ეწინააღმდეგება.
  • მაჟორიტარულ ოლქებში ქალი კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში, მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი ალტერნატიული პროექტით, ქალთა რაოდენობა 23 პროცენტამდე გაიზრდება.

როგორც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი ირმა პავლიაშვილი გვეუბნება, კვოტირება მაჟორიტარულ სისტემაში ქალი კანდიდატების პარლამენტში მოხვედრის უპირობო გარანტია არ არის. შესაბამისად, პოზიციით, რომელიც მმართველი „ქართული ოცნების“ წევრების მიერ გაჟღერდა, ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში გარანტირებულად მხოლოდ 15 პროცენტი იქნება. ეს კი, ირმა პავლიაშვილის შეფასებით, იმაზე ნაკლებია, რაც დღეს გვაქვს:

„ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში დღეს 16 პროცენტია. ასე რომ, შეიძლება ამდენი დისკუსიის, მსჯელობისა და ბრძოლის შემდგომ მივიღოთ კვოტა, რომელიც რეალურად მოცემულობას ვერ შეცვლის. კრიტიკულ მასას ვერ მივიღებთ მაშინ, როდესაც საერთაშორისო სტანდარტით ქალთა წარმომადგენლობა 30-40 პროცენტითაა განსაზღვრული“.

მაჟორიტარულ ოლქებში ქალი კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში, მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი ალტერნატიული პროექტით, ქალთა რაოდენობა 23 პროცენტამდე გაიზრდება. 37 ათასზე მეტი ამომრჩევლის მიერ მხარდაჭერილი ინიაციატივა კი გარანტირებულად უზრუნველყოფს ქალთა 25- პროცენტიან წარმომადგენლობას. ეს ინიციატივა მოწონებულია სამი საპარლამენტო კომიტეტის მიერ და 21 მარტს ბიუროს სხდომას წარედგინება. როგორც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი მაია კუპრავა ამბობს, საინიციატივო ჯგუფის მხრიდან კანონპროექტში ჯერჯერობით არაფერი იცვლება და პროექტი ყოველი მეორე განსხვავებული სქესის დასახელებას მხოლოდ პროპორციულ სიაში ითვალისწინებს:

„რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ალტერნატიულ პროექტს, ეს არის წინადადება, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ, მაგრამ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი არ არის შეცვლილი. თუ ჩვენ შევთანხმდებით თვითონ კონცეფციაზე, კვოტაზე, თუ პრინციპი კვოტა მისაღებია, მერე შესაძლებელია ვისაუბროთ, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორსაც დღეს აჟღერებენ ან ვიგებთ. ამ მიმართულებით ჩვენ არ წავალთ. ჩვენ კანონპროექტს ვერ ვცვლით და არ ვცვლით. თუ შეცვლიან, ეს უკვე 37 ათასზე მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერილი ინიციატივა აღარ იქნება“.

წარმოიდგინეთ, დღეს მარტო პროპორციული საარჩევნო სისტემით გვთავაზობენ ქალთა კვოტირებას და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას 73 მანდატი რჩება ქალთა მონაწილეობის გარეშე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ორივე სისტემას თუ შეეხება ეს ინიციატივა, ძალიან კარგი იქნება...
ზაქარია ქუცნაშვილი

კონსულტაციები საინიციატივო ჯგუფის შიგნით გრძელდება, თუმცა, როგორც მაია კუპრავა ამბობს, გამორიცხულია უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული ფორმულირების პირდაპირ გაზიარება.

პრინციპი კი, რომლის შესახებაც საპარლამენტო უმრავლესობა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანამდე ორიოდე დღით ადრე ალაპარაკდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის, შეფასებით, ინიცირებულ პროექტს გააუმჯობესებს:

„მკვეთრად გააუმჯობესებს. წარმოიდგინეთ, დღეს მარტო პროპორციული საარჩევნო სისტემით გვთავაზობენ ქალთა კვოტირებას და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას 73 მანდატი რჩება ქალთა მონაწილეობის გარეშე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ორივე სისტემას თუ შეეხება ეს ინიციატივა, ძალიან კარგი იქნება. ჩვენი განწყობა ასეთია, რომ არამარტო პროპორციულ სისტემაში შემოვიღოთ სავალდებულო კვოტირება“.

ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი მზადაა „კიდევ უფრო თავისუფალი და კიდევ უფრო ჰარმონიული საზოგადოების შექმნისთვის განსხვავებული სქესის მონაწილეობა დააკანონოს“.

გენდერული კვოტირების საკითხზე მსჯელობას პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ამ დღეებში შეუდგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG