Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარის გამყარების მოლოდინში


საქართველოს ეროვნული ვალუტა ვარდნას განაგრძობს. მიმდინარე თვის განმავლობაში ლარი 6 პროცენტით გაიაფდა ამერიკულ დოლართან მიმართებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, 1 დოლარის შესაძენად 2 ლარი და 43 თეთრია საჭირო. სპეციალისტების ვარაუდით, ნეგატიური ეკონომიკური პროცესების გარდა, ლარის დევალვაციას ხელს უწყობს მთავრობისა და ეროვნული ბანკის შეუთანხმებელი მოქმედება და არაჯანსაღი აჟიოტაჟის გამო გაზრდილი მოთხოვნა ამერიკულ დოლარზე.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტა 34 %-ით გაუფასურდა. როგორც ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი ამბობს, საქმე გვაქვს გლობალურ ეკონომიკურ პროცესთან, რომელმაც ასევე მნიშვნელოვნად დააზარალა მეზობელი ქვეყნების ეკონომიკა. რუსეთში ეროვნული ვალუტის დევალვაციამ 81 პროცენტი შეადგინა, უკრაინაში - 68 პროცენტი, თურქეთში - 35 პროცენტი, ხოლო აზერბაიჯანში - 33 პროცენტი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის დიმიტირი ქუმსიშვილის თქმით, ეროვნული ვალუტის ვარდნის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება, რაზეც მეტყველებს მთელი რიგი ტექნიკური პარამეტრებისა:

„წინა წელთან შედარებით, გვაქვს სამუშაო ადგილების ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ ღრმა კრიზისია, ჩვენ წლის ბოლოსთვის გვექნება ეკონომიკის, სავარაუდოდ, 2-3-პროცენტიანი ზრდა. ასევე ყველაზე დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია - 380 მილიონი დოლარი განხორციელდა წარმოებაში. ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილში სწორი მიმართულებით ვმუშაობთ. ასევე აღსანიშნავია, რომ პრივატიზების გეგმა უკვე 103 პროცენტითაა შესრულებული. ყველა დაანონსებული ობიექტი პრაქტიკულად გაიყიდა“.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ყველა ეს მონაცემი იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მალე ეროვნული ვალუტა დაიწყებს გამყარებას:

„მაკროეკონომიკური პარამეტრებით დღეს ჩვენ ვართ ლარის გადაფასებაში, ანუ კურსი არის იმაზე მეტად დაცემული, ვიდრე მაკროეკონომიკური პარამეტრები გვაჩვენებს. ვეყრდნობით რეალურ რიცხვებს, რომლებიც გვიჩვენებს იმპორტ-ექსპორტის ბალანსს, ასევე გვიჩვენებს ქვეყანაში ფულის შემოდინებებს. შესაბამისად, ყველა ამ ციფრიდან გამომდინარე, ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია დაახლოებით 100-180 მილიონი დოლარით, ამის გამო კიშეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად მოხდება ლარის გამყარება“.

პანიკის დათესვა პირდაპირ იქონიებს გავლენას ლარის დაცემაზე. ეროვნული ვალუტის კურსი არის ძალიან კომპლექსური თემა და დამოკიდებულია ბევრ რამეზე. მაგალითად, რომ შევხედოთ იმპორტ-ექსპორტის სალდოს, დავინახავთ, რომ არ არის ძალიან სახარბიელო მდგომარეობა...
გიორგი ჭირაქაძე

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება, რის საჭიროებაც, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს. გიორგი ჭირაქაძეც, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, მიიჩნევს, რომ ეროვნულ ვალუტას ყველაზე დიდ პრობლემას უქმნის არა ეკონომიკური პროცესები, არამედ არაჯანსაღი აჟიოტაჟი, თუმცა, მისივე თქმით, არის ასევე ლარზე ზეწოლა იმპორტ-ექსპორტის უარყოფითი ბალანსის გამო:

„პანიკის დათესვა პირდაპირ იქონიებს გავლენას ლარის დაცემაზე. ეროვნული ვალუტის კურსი არის ძალიან კომპლექსური თემა და დამოკიდებულია ბევრ რამეზე. მაგალითად, რომ შევხედოთ იმპორტ-ექსპორტის სალდოს, დავინახავთ, რომ არ არის ძალიან სახარბიელო მდგომარეობა. ველოდები იმპორტის მეტად შემცირებას, მაგრამ ძნელი სათქმელია ის, თუ ვისი ბრალია, რომ ჩვენი საზოგადოება დღესაც ყიდულობს ძალიან ბევრ იმპორტირებულ საქონელს. ეს, თავის მხრივ, იწვევს დოლარის გატანას ქვეყნიდან და ლარის გაუფასურებას. ვიდრე სალდო არ გამოსწორდება, ვითარებაც ძნელად შეიცვლება“.

ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ლარის კურსზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა, რაც შესაძლებელი გახდა "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, თუმცა, როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ნიკო მჭედლიშვილი ფიქრობს, ეს ვარაუდი უსაფუძვლოა.

არავინ იძლევა კონკრეტულ და ნათელ პასუხებს, თუ რა ხდება ქვეყნის ეკონომიკაში. ცხადია, ეს განაპირობებს ბაზრის აგენტების ქცევას. ისინი ცდილობენ თავი დაიზღვიონ და დანაზოგი დააგროვონ დოლარებში, რადგანაც კრედიტიც ძირითადად დოლარებში აქვვთ აღებული...
გოჩა თუთბერიძე

„საბანკო სექტორი არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სექტორი. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ის, რაც კარგად მუშაობს, არ უნდა შეცვალო, მაგრამ ცვლილება მოხდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს რადიკალურად ვერაფერს შეცვლის. ახალი სააგენტო, ახალი სახელმწიფო ორგანო რამდენიც უნდა მოიგონო, ბაზრის მოქმედების პრინციპები მაინც არ შეიცვლება“, უთხრა ნიკო მჭედლიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის კურსის დაცემაზე გავლენას ახდენს როგორც პროგნოზთან დაკავშირებული უპასუხისმგებლო განცხადებები, ასევე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტების გაუმართლებელი დუმილი. ასე ფიქრობს, ეკონომისტი გოჩა თუთბერიძე:

„არავინ იძლევა კონკრეტულ და ნათელ პასუხებს, თუ რა ხდება ქვეყნის ეკონომიკაში. ცხადია, ეს განაპირობებს ბაზრის აგენტების ქცევას. ისინი ცდილობენ თავი დაიზღვიონ და დანაზოგი დააგროვონ დოლარებში, რადგანაც კრედიტიც ძირითადად დოლარებში აქვვთ აღებული და სულ მუდამ ადევნებენ თვალს ვალუტის კურსის ცვლილებას და სწრაფადვე რეაგირებენ“.

დოლარზე მოთხოვნილების გაზრდა ბუნებრივად იწვევს მის გაძვირებას და ლარის დევალვაციას, რომლის მოცულობამ ერთი წლის განმალობაში 34 პროცენტი შეადგინა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG