12 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.0 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის ვებსაიტზე განმარტებულია, რომ „მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით გაიზარდა ინფლაციის მოლოდინები და საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი გარე და შიდა რისკები“. გადაწყვეტილების განმარტების ნაწილში ინფლაციის მოლოდინის ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად სახელდება „ეროვნული ბანკის პოლიტიკის დისკრედიტაციის მცდელობა“. რა როლს ასრულებს პოლიტიკური ფაქტორები დღეს საქართველოს სავალუტო ბაზარზე არსებულ ვითარებაში? რა ქმნის ლარის კურსს? შესაძლებელია, თუ არა პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორების წილის განსაზღვრა ამ პროცესში? ამ თემებზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ სილაგაძე და ქეთევან კრიალაშვილი, ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი.
დაწერეთ კომენტარი