Accessibility links

17 იანვრიდან, ეროვნული ბანკის გათვლით, დაახლოებით, 27 ათას პირს შეეძლება 2015 წლამდე დოლარში აღებული სესხის ლარში კონვერტაცია მოახდინოს. მთავრობა შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას უზრუნველყოფს. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზდინტის, არჩილ მესტვირიშვილის, ინფორმაციით, სუბსიდია არ შეეხება მაღალი შემოსავლების მქონე პირებს, ანუ ვისი წლიური შემოსავალი 2015 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან ვისი სესხის ნარჩენი ოდენობა100 ათას აშშ დოლარს აღემატება. რა შედეგებს ელიან ეკონომიკის სპეციალისტები ხელისუფლების ლარიზაციისა და ერთჯერადი სუბსიდირების გეგმისგან?

17 იანვრიდან ხელისუფლების მიერ დაგეგმილი დოლარში აღებული სესხების ე. წ. „გალარების“ ერთჯერადი აქცია იწყება. ამასთან, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, 2017 წლის 15 იანვრიდან ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ უცხოური ვალუტით სესხის გაცემა, თუ სესხის მოცულობა 100,000 ლარზე ნაკლებია. თუმცა, მოცულობის ზრდის შემთხვევაში, სესხის უკან დოლარში გადატანა შესაძლებელია, თუმცა მაშინ, მესტვირიშვილის აზრით, მსესხებელი კვლავ სავალუტო რისკის ქვეშ იქნება.

მისივე განმარტებით, კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს არსებული საბაზრო პროცენტით გასცემენ. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, კომერციულ ბანკებს ექნებათ ვალდებულება აქციის თაობაზე კლიენტს შეატყობინონ:

„ჩვენ მივცემთ მითითებას კომერციულ ბანკებს 5 სამუშაო დღის განმავლობაში მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან სხვა რაიმე გზით შეეხმიანონ და აცნობონ იმ პირებს , ვისაც ეს აქცია პოტენციურად შეეხებათ“.

არჩილ მესტვირიშვილის ინფორმაციით, სესხების გალარება მოხდება შემდეგი პრინციპით: იმ დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 2.7 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდება 2.5 კურსით. კურსთაშორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამისთვის კი დაგეგმილია ბიუჯეტიდან 65 მლნ ლარი გამოიყოს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას, სიტყვებით კი, გალარების ერთჯერად აქციაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ შემდეგ ფიზიკურ პირებს:

„პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ იმ პირებს, რომელთაც 2015 წელს მთლიანი შემოსავალი ჰქონდათ 100 ათას ლარზე ნაკლები, ანუ შედარებით მაღალშემოსავლიან ფენებზე ეს პროგრამა არ გავრცელდება და ასევე არ გავრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, ვისი სესხიც დღეისათვის არის 100 ათას აშშ დოლარზე და ან მის ეკვივალნტზე მეტი“.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დასაშვებია პორტირება, ანუ მსესხებელს ექნება საშუალება, შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე, თავად გადაწყვიტოს, თუ რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება.

როგორც რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, ხელისუფლების მიზანია ვალუტის კურსის რყევისგან დაიცვას მოქალაქეები:

„მიზანი აღნიშნული ოპერაციის, აღნიშნული ქმედების არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ დამოკიდებულება ვალუტის რყევებთან მიმართებაში ჩვენი მოსახლეობის სესხის მომსახურების ნაწილში“.

გიორგი კეპულაძე, ერთ-ერთი დამფუძნებელი ორაგანიზაციისა „საზოგადოება და ბანკები“, ამბობს, რეალურად 27 ათას პირზე ნაკლები შეიძლება დაინტერესდეს დოლარში აღებული სესხის გალარებითო, ვინაიდან ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, თუ რა პროცენტში ჰქონდა აღებული სესხი დოლარში, რა პროცენტში გადაიტანს ლარში, ასევე დამოკიდებულია სესხის ვადაზეო და ა.შ. გიორგი კეპულაძის თქმით, ერთმნიშვნელოვანი შეფასება, კარგია თუ ცუდი ხელისუფლების აღნიშნული გეგმა, ძნელია, თუმცა სავარაუდოა, რომ სესხების ლარიზაციით შემცირდეს ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა და შემცირდეს დოლარზე მოთხოვნა, რაც ლარის კურსის დასტაბილურებისთვის გარკვეული ფაქტორი იქნება, თუმცა ამას შეიძლება მოჰყვეს ლარში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი:

„რადგან მოთხოვნა ლარში სესხებზე, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც 100 ათას ლარამდე სესხები, ზოგადად, ფიზიკურ პირებზე აღარ გაიცემა უცხოურ ვალუტაში, ლარზე მოთხოვნა გაიზრდება, თუმცა ეროვნული ბანკი გვარწმუნებს, რომ ის შეძლებს უზრუნველყოს ბანკები როგორც ლარის, ასევე დოლარის რესურსით“.

ვთქვათ, რომ, დღეის მდგომარეობით, ლარით გაცემული ცვლადპროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10 %-ის ფარგლებშია. გიორგი კეპულაძის სიტყვებით, ე. წ. დედოლარიზაციის გეგმის მიხედვით, ეროვნული ბანკი, მთლიანობაში, შეეცდება შეამციროს სესხებში დოლარის მაჩვენებელი, რასაც დეპოზიტების, ანუ დანაზოგების, ლარში შენახვის ტენდენცია უნდა მოჰყვეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG