Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კშიშტოფ ლუკიანოვიჩი - ისტორიკოსი


8 ივლისი, კვირა
როცა ისტორიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ყოველთვის მიყვარდა დღიურების კითხვა. მახსენდება ახლა ჩემი სტუდენტობა ვარშავაში. სემინარებზე მთელი ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი სიამოვნებით ვარჩევდი, როგორც ისტორიულ წყაროებს, წერილებსა და დღიურებს. ჩემი აზრით, ისინი წარმოადგენენ მეტს, ვიდრე ჩვეულებრივი ისტორიული ფაქტები. დღიურისგან შეგიძლია გაიგო ადამიანის ემოციები, გრძნობები, განწყობები სხვადასხვა სიტუაციის მიმართ. მოკლედ, დღიური არის კაცობრიობის ცოცხალი ძეგლი.

ახლა მე ვწერ ჩემს დღიურს, თან ვწერ ქართულად. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წელია ქართულ ენას ვსწავლობ, ვთხოვ მკითხველს, იყოს ლმობიერი ჩემ მიერ დაშვებული შეცდომების მიმართ.

ის ფაქტი, რომ დღეს შემიძლია ვიყო რადიო თავისუფლების დღიურების პროექტის მონაწილე, არის ჩემთვის დიდი პატივი ორი მიზეზით: ამ რადიოს რედაქტორებმა ალბათ არც იციან, რომ თითქმის ერთი წლის განმავლობაში იყვნენ ჩემი ქართული ენის მასწავლებლები პოლონეთში. რა თქმა უნდა, ვარშავის უნივერსიტეტში რეგულარულად ვესწრებოდი ქალბატონი სოფო ჟვანიას ლექციებს, მაგრამ საღამოობით დღიურების სმენა (ხანდახან თხუთმეტჯერაც!) უზომოდ დამეხმარა ლექსიკის გაუმჯობესებაში. მეორე მიზეზია რადიო თავისუფლების ფორმა. დღემდე შევდივარ ამ ინტერნეტგვერდზე მაშინ, როცა მინდა წავიკითხო რამე საინტერესო საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

კვირა საუკეთესო დღეა დასვენებისთვის. წინა დღეები წარმატებული იყო და ამიტომ ახლა დასვენება კიდევ უფრო მეტად მსიამოვნებს. განსაკუთრებული წარმატებით მიდის ერთი პროექტის მომზადება, რომლის ერთ-ერთი კოორდინატორიც ვარ. პროექტი ხორციელდება ყველა ქვეყანაში, რომელიც არის ჩართული ევროკავშირის პროგრამაში „აღმოსავლეთის პარტნიორობა“. ორი თვის განმავლობაში (აგვისტო-სექტემბერი) ინტერნეტგვერდზე ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს და არასამთავრობო ორგანიზაციას ექნება შესაძლებლობა, დაწეროს, რა პრობლემები არსებობს მის რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში. იმავე პერიოდში იქნება კენჭისყრა, რომელშიც ხალხი გადაწყვეტს, რა პრობლემის მოგვარებაა ყველაზე სასწრაფო. ინტერნეტგვერდზე იქნება, აგრეთვე, დისკუსიის შესაძლებლობა, აზრების ურთიერთგაზიარება. ამ გზით ხალხი გაიგებს, რა არის გამოსასწორებელი ქვეყანაში. კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება გამოწვევები სპეციალურ ექსპერტთა ჯგუფისთვის, რომელიც დაეხმარება ყველა ქვეყანას იმ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც კენჭისყრის დროს ხალხისგან ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. მართლაც, იდეა საინტერესოა. მომზადება მიდის კარგად და, მგონი, ამ პროექტის წყალობით, ერთად დავეხმარებით ხალხს, რომ მათი ცხოვრების გარემო გაუმჯობესდეს.

საღამოს ვატარებ კუს ტბაზე. ძალიან ლამაზი ადგილია, მართლაც მიყვარს იქ სეირნობა ცოლთან ერთად. კუს ტბა კიდევ უკეთესი იქნებოდა, ასე ხმამაღლა რომ არ ჟღერდეს მუსიკა... ბუნებაში ხომ სწორედ იმისთვის მივდივართ, რომ მოვუსმინოთ ბუნების ხმას, და არა თანამედროვე „ვარსკვლავების“ სიმღერებს?! მაგრამ ეს უკვე გემოვნების საქმეა...

როგორც ყოველთვის, კვირა მთავრდება ჩემი აკვარიუმის დასუფთავებითა და მცენარეების მოვლით. აქ ზოგისთვის ჩემი ეს ჰობი უცნაურია. მართლაც, მე შემიძლია, საათობით ვაკვირდებოდე ამ წყალქვეშა სამყაროს - საერთოდ არ მბეზრდება! აკვარიუმი და ლამაზი მუსიკა კვირა საღამოს... ასე მიგროვდება ძალა მთელი შემდეგი კვირისთვის.
თავისუფლების დღიურები - კშიშტოფ ლუკიანოვიჩი
please wait

No media source currently available

0:00 0:14:27 0:00
გადმოწერა

9 ივლისი, ორშაბათი
დილით ადრე ადგომა და სიახლეების კითხვა ინტერნეტში. ყველაზე სასიამოვნო ამბავი - პოლონეთის ფრენბურთელთა ნაკრებმა მოიგო მსოფლიოს ლიგა! ბრაზილია, აშშ, რუსეთი, კუბა, ბულგარეთი და სხვები - ჩვენ უკან! ეს ბიჭები არაჩვეულებრივები არიან! ახლოვდება ოლიმპიადა. მოვიგებთ ოქროს? დრო გვიჩვენებს. სამწუხაროდ, ერთი ნაკლი გვაქვს: ერთი წარმატების შემდეგ ვფიქრობთ, რომ ყველა შემდეგ თამაშს იოლად მოვიგებთ. იმედია, ახლა ამ აზროვნებას ჩვენი იტალიელი მწვრთნელი შეცვლის...

გზად სამსახურისკენ ხალხს ვუსწრებ. ბუნებრივად დავდივარ ჩქარა. სიმართლე რომ ვთქვა, არ მახსოვს, როდისმე სადმე დამეგვიანოს. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ აქ არავის არსად ეჩქარება. ეს ალბათ ყველაზე დიდი განსხვავებაა პოლონეთსა და საქართველოს შორის ცხოვრების სტილის თვალსაზრისით. ვარშავის ცენტრალურ მოედანს დილით, ზემოდან რომ შევხედოთ, ხალხი გამოიყურება, როგორც ჭიანჭველების ჯგუფი თავის ბუდესთან. აქ კი ყველა ყოველთვის დარწმუნებულია, რომ ყველაფერს მოასწრებს - თუნდაც საქმის მოგვარების დრო უკვე ამოწურული იყოს...

შემდეგ ავტობუსიდან ვაკვირდები თბილისს. ამ ქალაქს აქვს რაღაც განსაკუთრებული და ოპტიმისტური სახე. მართლაც, მიხარია და ვამაყობ იმით, რომ ცხოვრებამ აქ ჩამომიყვანა. ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, სტუდენტობის დროს ქართულის სწავლა რომ არ გადამეწყვიტა; როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, 2010 წლის 12 თებერვალს თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში რომ არ წავსულიყავი...

ზუსტად მახსოვს ზამთრის ის დღე, ყოველი წუთი, ყოველი ნათქვამი სიტყვა. რატომ სწორედ ის დღე? მაშინ გავიცანი ჩემი ცოლი... პრინციპში, მაშინ, უბრალოდ, გავიცანი ლამაზი ქართველი სტუდენტი. არც მიფიქრია, რომ ბიბლიოთეკაში ამ მოკლე შეხვედრას დასასრული ეკლესიაში ექნებოდა. ზუსტად ასეთია ცხოვრება - სრულიად მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი. მაგრამ სწორედ ამიტომაც არის ცხოვრება მრავალფეროვანი. მე უპირატესობას ყოველთვის მრავალფეროვნებას ვანიჭებ, ვცდილობ, ვნახო და გავიგო ბევრი რამ, არ მეშინია ახალი გამოწვევების. ერთგვაროვნება, უბრალოდ, მაწუხებს, არ მინდა ვიცხოვრო, როგორც ცხოვრობს ცნობილი ტრუმანი ფილმიდან „Truman Show“. ყველა უნდა ეცადოს, როგორც ტრუმანი, გავიდეს ჩაკეტილი სამყაროდან. ადამიანი არის შექმნილი იმისთვის, რომ შეიძინოს ცოდნა, მოძებნოს ახალი გზები. ზუსტად ცოდნის დიდმა სურვილმა მოგვცა გეოგრაფიული აღმოჩენები, გამოგონებები და ასე შემდეგ.

ახლა ეს საღამო რომ არ იყოს ისეთი, როგორიც არის, მოვამზადებდი რაიმე კერძს სამზარეულოში... მიყვარს ხანდახან საჭმლის მომზადება. ეს პროცესი უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მარტო ჭამა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წუთს თუ გრძელდება. ბევრი ადამიანისთვის საჭმლის მომზადება შთაგონების, სიხარულისა და სიამოვნების წყაროა. განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი ნახელავით სხვებიც კმაყოფილი არიან...

10 ივლისი, სამშაბათი
წვიმა... მზე... შემდეგ ისევ წვიმა და მზე... ასე გამოიყურებოდა ეს დღე. წვიმდა ზუსტად მაშინ, როცა სადმე უნდა წავსულიყავი. მაგრამ ზაფხულში წვიმა არ მაწუხებს. პირიქით, როცა არ არის ზედმეტი, კარგად მოქმედებს ჩემზე.

დღეს სოლოლაკში წასვლა მომიწია. ჩემი აზრით, თუ ვინმეს უნდა, იგრძნოს თბილისი, აუცილებლად უნდა წავიდეს სოლოლაკში. მაგრამ გული მწყდება როცა ვხედავ, რა მდგომარეობაშია ზოგიერთი შენობა. ნამდვილად საჭიროა სასწრაფოდ მოქმედება საიმისოდ, რომ ამ ქალაქის გული სამუდამოდ არ გაუჩინარდეს. ვიცი, რომ უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს პროგრამა „ძველი ქალაქი - ახალი სიცოცხლე“. უეჭველად კარგი იდეაა! იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს ყველაფერი საკმარისი იქნება თბილისის ისტორიული უბნების შესანარჩუნებლად.

ჩვენმა პოლონური ენის სტუდენტებმა დაამთავრეს სემესტრი. რაც მთავარია, ყველამ ჩააბარა. მიხარია, რომ საქართველოში ყოველ წელს იმატებს პოლონური ენის შემსწავლელ სტუდენტთა რაოდენობა. ეს ნამდვილად ჩვენი ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მიღწევაა. იგი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა, ყველანაირად მხარს უჭერდა საქართველოს. ჩვენი ერები ყველა თვალსაზრისით უნდა იყვნენ ერთად, ახლოს. მან ეს კარგად იცოდა. მომწონს საქართველოს ეროვნული დევიზი: „ძალა ერთობაშია“. ეს ორი სიტყვა შეიცავს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თვისებას - სოლიდარობას. ზუსტად სოლიდარობამ დაანგრია პოლონეთში კომუნისტური წყობა და მოგვიტანა თავისუფლება. იგივე იყო საქართველოში. ხალხი რომ არ ყოფილიყო ერთად, არა მგონია, დღეს ვისეირნებდი ამ ლამაზ, ისტორიულ, თავისუფალ და, რაც მთავარია, სუფთა ქართულ სოლოლაკში.

დღე მთავრდება აკვარიუმთან. შევამჩნიე, რომ ჩემი heteranthera zosterifolia მშვენივრად იზრდება მას შემდეგ, რაც გავზარდე კალიუმისა და ფერუმის დოზა. მართლაც, ამ სასუქების წყალობით ვისწავლე მეტი ქიმია, ვიდრე ორი წლის განმავლობაში სკოლაში. მთავარია პრაქტიკული ცოდნა. როგორ უნდა გვესწავლა ქიმია ან ფიზიკა მხოლოდ წიგნებით?! ბავშვმა უნდა ნახოს და წარმოადგინოს, როგორ მუშაობს ესა თუ ის ფიზიკური და ქიმიური წესი. გამოდის, რომ ჩემს ბავშვებს ქიმიას ვასწავლი აკვარიუმთან. რამეში მაინც გამოადგებათ...

11 ივლისი, ოთხშაბათი
დღეს დილით შევამჩნიე, თითქოს თბილისში ნაკლები მოძრაობაა. მგონი, იწყება შვებულებების პერიოდი. ზაფხულში დედაქალაქი ძალიან ცარიელდება. ხალხი სოფლებში მიდის დასასვენებლად. ახლა, როცა სოფელზე ვფიქრობ, თვითონაც სიამოვნებით წავიდოდი სადმე კახეთში. და საერთოდ არ ვფიქრობ კახურ ღვინოზე! ვიცი, რომ ქართველი კაცისთვის ეს სასმელი ხშირ შემთხვევაში ოქროზე მეტს ნიშნავს, მაგრამ ამ დონემდე ჯერ არ ვარ გაქართველებული.

კახეთი მიზიდავს თავისი განუმეორებელი გარემოთი... როცა ვარ იყალთოში, გრემში თუ ალავერდში, მგონია, რომ დრო აქ რამდენიმე საუკუნის წინ გაჩერდა. გზაზე ეს ლამაზი და უკიდეგანო ვენახები, ცხოველები, მცხოვრები ხალხი... უბრალოდ, ყველაფერი მსიამოვნებს. უკვე დიდი ხანია არ ვყოფილვარ ამ კუთხეში. ალბათ დროა, შევუერთდე დანარჩენ თბილისელებს და წავიდე დასასვენებლად. კიდევ ცოტა საქმე დარჩა, ყველაფერს დავამთავრებ და მერე მეც სიამოვნებით გავსინჯავ კახურ ღვინოს... ყანწითაც, აბა რა!

12 ივლისი, ხუთშაბათი
ვგიჟდები უმბერტო ეკოს წიგნებზე. არაჩვეულებრივი მწერალია! მისი წიგნების კითხვას რომ იწყებ, ვეღარ ჩერდები. ამ ავტორის პირველი წიგნი, რომელიც წავიკითხე, იყო „ვარდის სახელი“, რომელიც ცოტა ხნის წინ ქართულადაც გამოვიდა. ყველას ვურჩევ ამ წიგნის წაკითხვას, განსაკუთრებით ახლა, როცა ახლოვდება არდადეგები, შვებულება, მოკლედ, დასვენების პერიოდი. ახლა ვკითხულობ „სასაფლაოს პრაღაში“. ფსიქოლოგიური წიგნია, ძალიან საინტერესო. უკვე ვიცი, რომ უნდა შევუკვეთო ამ ავტორის შემდეგი წიგნი, მგონი, „წინა დღის კუნძული“. სათაური დამაინტერესებლად ჟღერს!..

ქართულად წიგნების კითხვა, სამწუხაროდ, მიჭირს. ეს ენა არაჩვეულებრივად მდიდარია. ამდენი სინონიმი, ამდენი ანტონიმი, ისეთი რთული და ჩემთვის ხანდახან ალოგიკური გრამატიკა. მაგრამ ამავე დროს რა ლამაზად ჟღერს ეს ენა! მაინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი ჩემს აქცენტზე. გამორიცხულია, ოდესმე სწორად ვთქვა სიტყვა, რომელშიც არის ასო „ყ“. მაინც არ დავნებდები - გავაგრძელებ სწავლას თუნდაც ცხოვრების ბოლომდე. არ მიყვარს საქმის შუა გზაზე მიტოვება. ვიტყვი, რომ ქართული ვიცი, როცა ორიგინალში წავიკითხავ „ვეფხისტყაოსანს“. პოლონურად კი არის ნათარგმნი, მაგრამ გამოვიდა ჩვეულებრივი მოთხრობა, რაც საერთოდ არ შეესაბამება ამ წიგნში აღწერილ რეალობას.

13 ივლისი, პარასკევი
ამბობენ, რომ დღეს, ანუ პარასკევს, 13 რიცხვში, უბედურება უნდა მოხდეს. მე ამის არ მჯერა. ვცხოვრობდი მეცამეტე ნომერში, სკოლაში მქონდა მეცამეტე ნომერი, უნივერსიტეტში დავდიოდი მეცამეტე ნომერი ავტობუსით. 13 არ არის დაბრკოლება ჩემს ცხოვრებაში.

საღამოს ველაპარაკე დედას. რამდენი ხანია აღარ მინახავს! საზღვარგარეთ ცხოვრებისას მართლაც ვაფასებ მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან გამოგონებას - ინტერნეტს. მისი წყალობით შემიძლია, ვირტუალურად ვეკონტაქტო ჩემს ოჯახს. ჩემი მშობლები საქართველოში მხოლოდ ერთხელ იყვნენ, ჩემი ქორწილის დროს. იქამდე კარგად ვერ გაეგოთ, რა მიზიდავდა ასე ძალიან ამ ქვეყანაში. საკმარისი იყო, რამდენიმე დღით აქ ჩამოსულიყვნენ, რომ მაშინვე ეგრძნოთ იგივე. ახლა მხოლოდ დროის საქმეა მათი ჩამოსვლის ამბავი. მაშინ აუცილებლად ერთად უნდა წავიდეთ სვანეთში. პრინციპში, ეს ერთადერთი კუთხეა, რომელიც ჯერ არ დამითვალიერებია. ალბათ სვანური ენის სწავლასაც დავიწყებ. რატომ არა? იქაური მუსიკით და ცეკვით აღფრთოვანებული ვარ!

14 ივლისი, შაბათი
დღეს რადიო თავისუფლებასთან ჩემი დღიურის თავგადასავალი დამთავრდა. ახლა ჩემ წინ მთავარი ნაწილია - დღიურის კითხვა. ვნახოთ, როგორ მოვახერხებ ამის გაკეთებას. ასეა თუ ისე, ახლა მეც გავხვდები საქართველოს ისტორიის პატარა ნაწილი. რაკი ისტორიას შევეხე, იმასაც აღვნიშნავ, რომ დღეს საფრანგეთის რევოლუციის დაწყების 223-ე წლისთავია. ეს თარიღი უეჭველად არის ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი მომენტი. და არა მარტო დადებითი კონტექსტში. ცოტა მიკვირს, რომ ევროპის ქვეყნები, რომლებიც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს, არიან სიკვდილის დასჯის წინააღმდეგ, ამავდროულად ზეიმობენ ისტორიულ ამბავს, სადაც დაიღუპა ათასობით უდანაშაულო ადამიანი; დღემდე იხმარება ამ რევოლუციის ლოზუნგი: „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“. მართლაც, რა ლამაზად ჟღერს და როგორ შეესაბამება ჩვენს სამყაროს! მაგრამ სინამდვილეში ეს ლოზუნგი ჟღერდა ასე: „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა ან სიკვდილი!“ მაშინ უკვე ისე კარგად აღარ ჟღერს. დღეს რევოლუცია მითია. ხალხი ისტორიაში ეძებდა ფაქტს, რომლიდანაც შეძლებდა ეთქვა, რომ იწყება ახალი, ჩვენი ხანა. თუ ევროპაში გვინდა, ეს რევოლუცია ვიზეიმოთ, მაშინ არ დავივიწყოთ, რომ ამ ფაქტს არაერთი ბნელი მხარეც აქვს.

ჩემთვის, როგორც პოლონელისთვის, სიმართლე რომ ვთქვა, უფრო მეტად საზეიმოა ისტორიული ფაქტი, რომლის წლისთავიც ხვალ, 15 ივლისს აღინიშნება. ეს არის გრუნვალდის ბრძოლა 1410 წელს და უდიდესი გამარჯვება ტევტონთა ორდენთან. ეს ბრძოლა პოლონელებისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დიდგორის ბრძოლა ქართველებისთვის. თუმცა, კმარა ისტორიაზე ლაპარაკი, უკვე 1121 წლამდე ჩავედი...

ახლა დროა, საქმეს მივხედო. შემდეგ - ჩაწერა რადიოში და საღამოს აუცილებლად - სეირნობა! ვფიქრობ, რომელი ადგილი მესიამოვნება დღეს. პრინციპში, ყველგან კარგია ამ ლამაზ ქვეყანაში, განსაკუთრებით, როცა ჩემს პატარა ოჯახთან ერთად ვარ.
XS
SM
MD
LG