Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ბრეგაძე − ლიტერატურის კრიტიკოსი


12 თებერვალი, კვირა

დილის რვა საათია. გარეთ თოვლია და მინუს 3 გრადუსი ყინვა. მივდივარ სასეირნოდ გლდანის ტბაზე, რომელიც ჩემი სახლიდან სამასიოდე მეტრშია. დილის საათებში ტბას, ზაფხულშიც და ზამთარშიც, ოცი-ოცდაათი ადამიანი სტუმრობს სასეირნოდ და სავარჯიშოდ. ძალიან მყუდრო ადგილია ქალაქის ორომტრიალისაგან დროებით თავდასაღწევად. ორმოცი წუთი ვიარე თოვლში, რომელიც ფეხქვეშ ჭრაჭუნობდა, და სახლში დავბრუნდი. კარგი იყო.

მას შემდეგ, რაც შინ მარტო დავრჩი, ჩემი ცხოვრება გარეგნულად ერთფეროვანი გახდა − დღე-ღამის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ვატარებ. მარტო კი იმიტომ დავრჩი, რომ ჩემიანები წლების წინ გერმანიაში გაიკრიფნენ (რუსუდანმა, ჩემმა ქალიშვილმა, 2010 წელს გიოტინგენის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და იქვე, გიოტინგენის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაიწყო მუშაობა ექიმად; ვაჟი გიორგი, რძალი ელენე და შვილიშვილი ანა დრეზდენში სწავლობენ, მეუღლე გულიკო ლეგაშვილი კი 1991 წელს გარდამეცვალა).

მაგრამ იმ ლიტერატორის ცხოვრება, რომელსაც თავისი პროფესია უყვარს, შინაარსით ერთფეროვანი ვერა და ვერ იქნება. მე კი იმათ რიცხვს ვეკუთვნი, რომლებიც, თუკი თავიდან დაიწყებდნენ ცხოვრებას, იმავე ხელობას აირჩევდნენ, რომელიც ერთხელ უკვე აირჩიეს.

ჩვენმა პროფესიამ შაბათ-კვირა და შვებულება არ იცის. ყოველ შემთხვევაში, იმ ასაკში, რომელშიც მე ვარ (იანვარში სამოცდაათის გავხდი), ნამდვილად ასეა. დასვენების დღეებშიც, გინდა-არგინდა, პროფესიულ საფიქრალს თავს ვერ დააღწევ. კიდევ კარგი, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი წამოგვეწია, რამაც (როგორც ამბობენ და მეც მჯერა) 200-ჯერ გააადვილა ინტელექტუალური საქმიანობა და ამით ბევრად უფრო სახალისო გახადა ის.

ასე რომ, დღესაც ვმუშაობთ.

ყველაზე სასწრაფო ახლა რეზო ყარალაშვილზე მოხსენების დამთავრებაა, რომლის ჩაბარების ვადა 15 თებერვალს იწურება. ის უნდა წავიკითხო რეზო ყარალაშვილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე „ქართული გერმანისტიკა გუშინ, დღეს, ხვალ“, რომელსაც ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა მართავს 16 მარტს. რეზო (ბუბა) ყარალაშვილი ბრწყინვალე ლიტერატორი, გერმანისტი, მსოფლიო რანგის მკვლევარი ჰერმან ჰესეს შემოქმედებისა, 1989 წელს სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ვაიმარში, როდესაც 48 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა გულის შეტევით.

ჩემი მოხსენების სათაურია „რეზო ყარალაშვილი – ლიტერატურის თეორეტიკოსი“. იდეა უკვე მაქვს, იდეა, რომელზეც უნდა აიგოს სტატია, რათა ნათლად გამოჩნდეს რეზო ყარალაშვილის წვლილი რეცეფციული ანუ აღქმის ესთეტიკის კვლევის სფეროში. მთავარი იდეაა. დანარჩენი კი, როგორც ამბობენ ხოლმე, ტექნიკის საქმეა (ცხადია, არა მარტო თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის!).

თავისუფლების დღიურები - ლევან ბრეგაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:19:05 0:00

13 თებერვალი, ორშაბათი

შუა დღისთვის დავამთავრე მოხსენება რეზო ყარალაშვილზე. ხვალ ერთხელ კიდევ გადავიკითხავ და გადავგზავნი.

საღამოს რვა საათზე უნდა დავესწრო მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში ნინო სადღობელაშვილის პოეზიის საღამოს, რომელიც პოპულარული ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროგრამის „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში ტარდება.

ვიცი, რომ იქ ნინოს ახლახან გამოცემული წიგნის „100 ლექსის“ წარდგენაც მოხდება, რომლის წინათქმა მე დავწერე. ნინოს წიგნი გამომცემლობა „ინტელექტის“ ცნობილი პროექტის ბოლო, მე-100 წიგნია. ამით დასრულდა ეს სერია, 2005 წელს დაწყებული. მკითხველმა მიიღო ას-ასი ლექსისგან შემდგარი ასი პოეტური კრებული. ამათგან ოთხის წინასიტყვაობა ჩემი დაწერილია. წიგნებს, რომელთაც ჩემი წინა- ან ბოლოსიტყვაობა ახლავთ, ჩემად ვთვლი. ბევრი წიგნის წინასიტყვაობა დამიწერია სხვადასხვა გამომცემლობის თხოვნით, მაგრამ ყველაზე მეტი − „ინტელექტისთვის“.

მარჯანიშვილის თეატრის სარდაფი მარჯანიშვილის თეატრში არ ყოფილა: თეატრის მოპირდაპირე მხარეს, თი-ბი-სი-ბანკის უკან მდგარი შენობის სარდაფშია თურმე დაბინავებული. დარბაზი სავსე იყო და ფეხზეც იდგა ხალხი − ნინო სადღობელაშვილის მოსასმენად მოსული. ნინო კითხულობდა ლექსებს და გვიყვებოდა თავისი ცხოვრების ეპიზოდებს, მოგვითხრობდა მშობლებზე, მეგობრებზე, ახლობლებზე... დარბაზში მსხდომნი აძლევდნენ კითხვებს და ისიც პასუხობდა. ერთი შეკითხვა თანამედროვე ლექსის თავისებურებებს შეეხებოდა, რასაც ნინოსა და მაყურებლებს შორის ხანმოკლე გაბაასება მოჰყვა, რის შედეგად ამ გასაუბრების მონაწილენი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დღეს ლექსში გრძნობამ, ემოციამ უკანა პლანზე გადაინაცვლა და ამბავმა წამოიწია წინ, ანუ ლექსი უფრო ფაბულური გახდა, რასაც მეც ვეთანხმები. ფაბულურია ნინოს ლექსებიც, ისევე როგორც ახალი თაობის სხვა პოეტებისაც... ჩემი აზრით, ვახტანგ ჯავახაძის ლექსმა „ელეგია: ყელსაბამი“ ასეთი ინტერესი სწორედ იმის გამო გამოიწვია, რომ იგი ნამდვილ ამბავზე დაწერილი ფაბულური ლექსია...

ჰო, მართლა! შოთა იათაშვილს, ჟურნალ „ახალი საუნჯის“ რედაქტორს, შევუთანხმდი და 20 თებერვლამდე უნდა მივაწოდო სტატია ვახტანგ ჯავახაძის ამ გახმაურებულ ლექსზე. შოთამ რადიო „თავისუფლების“ გადაცემაში მალაპარაკა „ყელსაბამზე“ (ეს გადაცემა პარასკევს, 10 თებერვალს გავიდა ეთერში რუბრიკით „ბიბლიოთეკა“), მაგრამ ყველაფრის თქმა ვერ მოვასწარი და ვთხოვე, რაც სათქმელი დამრჩა, დავწერ და ჟურნალისთვის გამოგიგზავნი-მეთქი. კი, ოღონდ 20 თებერვალს არ უნდა გადააცილოო, შოთამ. ასე რომ, ამ დღეებში ამაზეც უნდა ვიმუშაო. თებერვლის ბოლოსთვის დასამთავრებელი მაქვს აგრეთვე სტატია „კავკასიური სახლის“ ჟურნალ „აფრისთვისაც“ ჩინებულ მხატვარსა და მწერალზე თემო ჯაფარიძეზე, რომელიც 2012 წელს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

14 თებერვალი, სამშაბათი

გიორგის ველაპარაკე სკაიპით დრეზდენში. აქ ქალაქის მთავარი ტაძრის, ფრაუენკირხეს წინ სირიაში მიმდინარე ხოცვა-ჟლეტის გასაპროტესტებლად ვერტიკალურად აყირავებული სამი უზარმაზარი ავტობუსი დადგესო, მითხრა, სირიელი ხელოვანის ინსტალაცია, რომელიც სამი თვის განმავლობაში შეახსენებს დრეზდენელებს იმ საშინელებას, რაც იქ ხდება.

ამბობენ და მეც მჯერა, რომ აგრესიულობა ადამიანის თვისებაა, მისი ბუნების შემადგენელი ნაწილია. მაგრამ ხომ შეიძლება ურთიერთ ხოცვა-ჟლეტაში კი არა, ეს აგრესია სხვაგან დაიხარჯოს, მაგალითად, სპორტში; შეჯიბრი ხელოვნებისა თუ მეცნიერების სფეროებშიც შეიძლება... შეჯიბრი შეიძლება სიკეთის კეთებაშიც, ბოლოს და ბოლოს ხინკლის ჭამასა თუ ლუდის სმაშიც შეიძლება შეჯიბრი... ადამიანებმა უნდა მოახერხონ აგრესიულ სწრაფვათა სუბლიმაცია. თითქოს მიდის კიდეც აქეთკენ საქმე: ცივილიზაციის ისტორია შეიძლება განვიხილოთ, როგორც აგრესიის უხეში ფორმებიდან აგრესიის სუბლიმირებულ ფორმებზე გადასვლის პროცესი, რაც დღემდე დიდი გაჭირვებით მიიწევს წინ, მაგრამ მაინც მიიწევს. ამ პროცესის დაჩქარება დღეს, როცა ზღაპრულმა ტექნიკამ ბევრად უფრო ადვილი და სასიამოვნო გახადა არსებობა, უთუოდ შესაძლებელია, თუკი გონიერებას მოვუხმობთ და ჰუმანიტარული განათლების იმ მწვავე დეფიციტს აღმოვფხვრით, რაც ახლა მთელ მსოფლიოში შეინიშნება. განმანათლებლობა, ოღონდ ამჯერად მთელი პლანეტის მასშტაბით!..

15 თებერვალი, ოთხშაბათი

დღეს დილით თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ჭადრაკის სკოლაში ვეწვიე ბატონ დავით გურგენიძეს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს საჭადრაკო ეტიუდების შედგენაში და ჭადრაკის სკოლის პედაგოგს. ეს შეხვედრა რამდენიმე დღის წინ დავთქვით, რათა გველაპარაკა სცენარზე, რომლის მიხედვითაც წარიმართება ბატონი დავითის წიგნის წარდგენა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 24 თებერვალს, 18 საათზე. ეს უხვად ილუსტრირებული წიგნი ახლახან გამოვიდა, ჰქვია „ჭადრაკი ქართველი ხალხის ცხოვრებაში“, ნაწილი პირველი, და შეიცავს 456 გვერდს. მაქვს პატივი, ვიყო ამ წიგნის რედაქტორი და უამრავთაგან ერთ-ერთი პერსონაჟიც. ბატონმა დავითმა გამაცნო პრეზენტაციის გეგმა. ვფიქრობ, საინტერესო წარდგენა გამოვა, იქნება სიურპრიზებიც მათთვის, ვინც საგანგებო ამაგი გასწია იმისათვის, რომ ამ წიგნს დღის სინათლე ეხილა.

ჭადრაკი ჩემი დიდი გატაცება იყო ბავშვობაში. პირველი თანრიგი მქონდა და მოწაფეობისას და სტუდენტობის პირველ წლებში სისტემატურად ვმონაწილეობდი ტურნირებში. დიდად მადლიერი ვარ ამ არაჩვეულებრივი თამაშის, რომელიც ანალიზის, ვითარების ობიექტურად შეფასების, მოვლენათა წინასწარმეტყველებისა და გადაწყვეტილების მიღების ძვირფას უნარებს ავითარებს. დავით გურგენიძის ამ წიგნიდან კარგად ჩანს, როგორ უყვარდათ და უყვართ ბრძენთა თამაში საქართველოში.

დღეს შევიტყვე, რომ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს, სადაც მე ვმუშაობ, უკვე გამოუცხადებია წლევანდელი საერთაშორისო სიმპოზიუმის თემა: „რომანტიზმი ლიტერატურაში. ეპოქათა და კულტურათა გზაჯვარედინზე“. სიმპოზიუმი ეძღვნება ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავს. უკვე ვიცი, რასაც დავწერ ამ სიმპოზიუმისთვის − ბარათაშვილზე დავწერ, კარგა ხანია ვაპირებდი და ახლა დავწერ. ეს სიკეთეც აქვთ სიმპოზიუმებს − ხელს გიწყობენ, სტატიის სახე მისცე ადრე ნაფიქრს, ბოლომდე მიიყვანო დაწყებულ-დაუმთავრებელი საქმე. თეზისების ჩაბარების ბოლო ვადაა 20 აპრილი, სიმპოზიუმი კი ტრადიციულად სექტემბრის ბოლოს ჩატარდება.

საერთაშორისო სიმპოზიუმებს ჩვენი ინსტიტუტი 2007 წლიდან მოკიდებული ყოველწლიურად (ზოგჯერ წელიწადში ორჯერაც კი) ატარებს. ჩამოგვდის მრავალი სტუმარი უცხოეთიდან. სიმპოზიუმის მასალები მერე კრებულებადაც ქვეყნდება. ორ ამგვარ კრებულს საერთაშორისო ინტერესი ხვდა წილად − ინგლისურად ითარგმნა და კემბრიჯში გამოიცა 2012 და 2016 წლებში. პირველი კრებულის სათაურია „ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი“, მეორისა − „ლიტერატურა დევნილობაში. ემიგრანტული მწერლობა“. ამ გრანდიოზულ სამუშაოს, ლიტერატურისმცოდნეთა საერთაშორისო თავყრილობების ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებას, ოთხი არაჩვეულებრივი ქალბატონი უძღვება: ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი, დირექტორის მოადგილე მაკა ელბაქიძე, ირინე მოდებაძე და მირანდა ტყეშელაშვილი. გასაკვირია, როგორ ახერხებენ ამდენს ინსტიტუტის მწირი დაფინანსების პირობებში!

16 თებერვალი, ხუთშაბათი

ლიტერატურის ინსტიტუტში შევხვდი ჩვენს ყოფილ თანამშრომელს ელგუჯა დადუნაშვილს, ფოლკლორისტს, რომელიც რამდენიმე წელია გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში მუშაობს და იქ კარგ საქმეებს აკეთებს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისათვის. ელგუჯას გავატანე სამადლობელი წერილი პროფესორ ჰაინც ფენრიხთან, გერმანელ ქართველოლოგთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბოლო წლებში გამოცემული ექვსი თავისი წიგნი გამომიგზავნა საჩუქრად; გავატანე აგრეთვე ქსეროასლი ქალბატონ მედეა როგავას პუბლიკაციისა „ჰაინც ფენრიხის წერილები“, რომელიც შარშან დავბეჭდეთ „კავკასიური სახლის“ ჟურნალ „აფრაში“ და მივუძღვენით ჰაინც ფენრიხის დაბადებიდან 75 წლისთავს.

დღევანდელი დღე − 16 თებერვალი − წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ყოფილა. რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდნენ ჩვენში უკვე პოპულარული კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის, „ცოცხალი წიგნების“, ორგანიზატორები და მკითხეს, ხომ არ მივიღებთ მონაწილეობას წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში სახელწოდებით „ცოცხალი წიგნები სკოლებისათვის“, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით ტარდება. სიამოვნებით დავთანხმდი. და კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში გამამწესეს. თან მთხოვეს (ფეისბუკით მქონდა მოლაპარაკება ქალბატონ ირმა ბერიძესთან, პროექტის კოორდინატორთან), რაკი წლევანდელი წელი ნიკოლოზ ბარათაშვილის წელიც არის, იქნებ ბარათაშვილზეც ილაპარაკოთო. რატომაც არა-მეთქი, ვუპასუხე.

ბლომად მსმენელი მოგროვდა სკოლის დარბაზში 3 საათისთვის, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ − სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და მათი ქართულის მასწავლებლები. ერთ მათგანს, მაია მენთეშაშვილს, ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ვასწავლიდი რამდენიმე წლის წინ.

ვილაპარაკე საზოგადოდ რომანტიზმზე და კერძოდ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაზე. შევეცადე ამეხსნა ერთი უცნაურობა: უდიდეს მწერალ-რომანტიკოსთა უმეტესობამ ცოტა ხანს იცოცხლა: ჯორჯ გორდონ ბაირონი 36 წლისა გარდაიცვალა, პერსი ბისი შელი − 30-ისა, ნოვალისი − 29-ისა, ბარათაშვილი − 27-ისა, ლერმონტოვი − 26-ის, ჯონ კიტსი − 25-ისა... და მაინც, ცოტა დროში მათ შექმნეს იმ ხარისხის ლიტერატურა, რომ სამუდამოდ დარჩნენ ადამიანთა მეხსიერებაში. როგორ მოახერხეს ეს? რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს ამას? მათი ცხოვრების ფილოსოფიაშია ამ გამოცანის პასუხი, რომანტიკულად ცხოვრების ფილოსოფიაში. „ცხოვრება კი არ უნდა მოგვეცეს, არამედ ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ის რომანივით“, − წერს ნოვალისი. რომანტიკოსებმა ისეთი რაღაც იცოდნენ, რაც მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას სისხლსავსესა და ინტენსიურს ხდიდა. გრძნობების გამძაფრებას, ანდა ასე ვთქვათ − სინამდვილის გამძაფრებულ აღქმას − რომანტიკოსები პოლარიზების მეშვეობით ახერხებდნენ. სადაც პოლარობა, ანუ წინააღმდეგობრიობა სუსტად იგრძნობოდა, იქ ისინი მის გაძლიერებას ხელოვნურად ახდენდნენ პოლარიზაციის ტექნიკის გამოყენებით, რასაც ჩინებულად ფლობდნენ, ვინაიდან ერთნაირი ინტერესით ეკიდებოდნენ რეალობასაც და სიზმარსაც, ზღაპარსაც; ჯანმრთელობისგანაც სარგებელს ნახულობდნენ და სნეულებისგანაც − ირივეს წარმატებით იყენებდნენ საკუთარი „მე“-ს და საკუთარი ცხოვრების კონსტრუირებისთვის, ისევე, როგორც სხვა პოლარობებს − სიცოცხლესა და სიკვდილს, მეცნიერებასა და რელიგიას... ამ პოლუსებს შორის პოულობდნენ ისინი სივრცეს დაძაბულობით აღსავსე არსებობისათვის. ბარათაშვილიც ამ პოლარობებს შორის ცხოვრობდა და ქმნიდა. და თუკი ფათერაკებით აღსავსე გზაზე ნაადრევად უმუხთლებდათ ბედი, ამის გამო ისინი სულაც არ იმსახურებენ სიბრალულს − ეს მათი არჩევანი იყო.

ბავშვები მისმენდნენ ინტერესით. დამისვეს შეკითხვები. ვიკამათეთ... კარგი შეხვედრა გამოვიდა. მადლობა „ცოცხალ წიგნებს“.

ჩემი ძმისწული სოფიო სწავლობს კომაროვში. ვერ შეძლო ლექციაზე დასწრება, ვინაიდან ფიზიკაში შიდა სასკოლო შეჯიბრისთვის მოსამზადებელი ექსპერიმენტის ჩატარებაში მონაწილეობდა. საქართველოს მათემატიკოს გოგონათა ნაკრების წევრია. აპრილში მიემგზავრებიან შვეიცარიაში საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად. შარშან რუმინეთში იყვნენ. სოფიოს ბრინჯაოს მედალი ხვდა წილად. სულ ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ჩამოიტანეს, რაც დებიუტანტებისთვის ურიგო შედეგი როდია.

17 თებერვალი, პარასკევი

დღეს შინ ვმუშაობ. „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის“ მორიგი ნომერი მაქვს მოსამზადებელი. ამ ჟურნალის მთავარი რედაქტორი ვარ 2010 წლიდან.

თან განვაგრძობ რეცეფციული ესთეტიკის დიდი გერმანელი თეორეტიკოსის ჰანს რობერტ იაუსის ნაშრომის თარგმნას, რომლის სათაურია „ლიტერატურის ისტორია როგორც ლიტერატურის თეორიის პროვოკაცია“. თუ მოვასწარი, მინდა ლიტერატურის ინსტიტუტის ჟურნალ „სჯანის“ წლევანდელ ნომერში დავბეჭდო. ამ ნომრის მასალების ჩაბარების ბოლო ვადა 15 აპრილია. რეცეფციული ესთეტიკის ორი სხვა დიდი წარმომადგენლის, ჰანს-გეორგ გადამერისა და რომან ინგარდენის, თითო ნაშრომი რამდენიმე წლის წინ ვთარგმნე და ისინი შესულია ჩვენი ინსტიტუტის გამოცემის „ლიტერატურის თეორია. ქრესტომათია“, მე-3 ტომში.

ფეისბუკით შემატყობინა ელენემ, ორიანი მივიღე სახვითი ხელოვნების წერით გამოცდაში, 6 თებერვალს რომ ჩავაბარეო (ხელოვნების ისტორიას სწავლობს დრეზდენის უნივერსიტეტში). გამიხარდა! კარგი ნიშანია! (გერმანიაში ცოდნის შეფასების ხუთბალიანი სისტემაა და უმაღლესი ნიშანი არის ერთი.) თვითონ არ არის მთლად კმაყოფილი − მეტის იმედი მქონდაო!

დავურეკე ზვიად კვარაცხელიას გამომცემლობა „ინტელექტში“ და ვკითხე მამაჩემის ჩანაწერების წიგნის ამბავი. ორშაბათს იქნება მზადო, მიპასუხა. მამა, ტყიბულელი გეოლოგი, 1974 წელს გარდაიცვალა ორმოცდაჩვიდმეტი წლისა. 28 თებერვალს 100 წლის ხდება. ეს თარიღი მინდა აღვნიშნო ჩემ მიერ შედგენილი მისი წიგნის გამოცემით და ამ წიგნის პრეზენტაციით „ინტელექტის“ მაღაზიაში, რომლის სახელია „შაქრო ბაბუა“ და ილია ჭავჭავაძის პროსპექტზე მდებარეობს. ამის თაობაზე უკვე მოველაპარაკე გამომცემლობის ხელმძღვანელს ბატონ კახმეგ კუდავას, მისგან თანხმობა მივიღე და... ვემზადები. „გეოლოგის ჩანაწერები“ ჰქვია წიგნს, ჩანაწერებთან ერთად მამაჩემის გადაღებული ფოტოებიც იქნება მასში − იმდროინდელი ტყიბულის ხედები.

18 თებერვალი, შაბათი

დღეს, ვიდრე რადიო „თავისუფლების“ ოფისში წავიდოდე ამ დღიურების ჩასაწერად (5 საათისთვის მელიან იქ), ვეღარაფერს გავაკეთებ. უნდა დავისვენო. ასეთი დატვირთული კვირა კარგა ხანია არ მქონია...

მაგრამ ჩემზე ბევრად მძიმე კვირა ჰქონდა რუსუდანს, ჩემს ქალიშვილს. ორშაბათიდან ვცდილობ ხან სკაიპით, ხან ფეისბუკით, ხან ტელეფონით გერმანიაში მასთან დალაპარაკებას, მაგრამ ამაოდ... რამდენიმე წუთი ვერ გამონახა ჩემთან სასაუბროდ! ან მუშაობს, ან სძინავს. ძნელი ყოფილა ექიმობა გერმანიაში, ნამეტნავად ზამთრის თვეებში.

თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:16:22 0:00
გადმოწერა

XS
SM
MD
LG