Accessibility links

29 მაისს დაიწყო რიგით მესამე თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი. 23 ავტორი 17 ქვეყნიდან ხუთი დღის განმავლობაში ლიტერატურის მოყვარულებს ხვდებოდა. ეწყობოდა შეხვედრები, უორკშოპები, დისკუსიები. ფესტივალში მონაწილეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ორგანიზატორები კიდევ უფრო მეტ და მნიშვნელოვან ავტორებთან შეხვედრას ჰპირდებიან ლიტერატურის მოყვარულებს. წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი თვალსაჩინო სტუმარი იყო ლიტველი პოეტი ტომას ვენცლოვა, რომელსაც ჩვენი კოლეგა, ნინო თარხნიშვილი, ესაუბრა.

ტომას ვენცლოვა, ლიტველი პოეტი, თბილისში, მწერალთა სახლის ეზოში, ცოლთან ერთად ზის და ლიტვურად გვიკითხავს თავის ერთ-ერთ ბოლო ლექსს, რომელიც თითქმის ერთი წლის წინ დაწერა. ლიტვისა და საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის წევრი, არაერთი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, 60-მდე წიგნის ავტორი, დღეს ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. 80 წლის პოეტი ამ ლექსში წარსულზე წერს. მითხარი, რა გიყვარდა, - შენ ერთი ქალაქი გიყვარდა, რომელიც დატოვეო, გიყვარდა ჰაიდნის მუსიკა, გიყვარდა იმ ფერდობის ყურება, სადაც ბავშვები თამაშობდნენ და ქალები იცინოდნენო, - ასე გვითარგმნის თავის ლექსს ტომას ვენცლოვა. ის 1937 წელს დაიბადა ქალაქ კლაიპედაში, ბალტიის ზღვის პირას. ლექსების წერა ადრეულ ბავშვობაში დაიწყო:

„ალბათ, ხუთი წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ უნდა მეწერა, რადგან ლიტერატურულ ოჯახში გავიზარდე. ჩემს გარშემო ყველა წერდა, - მამა, ბიძა, დედა თარგმნიდა, - ასე რომ, ყველა ლიტერატურასთან იყო დაკავშირებული. ამიტომ მეც გადავწყვიტე, რომ ჩემი საქმე წერა უნდა ყოფილიყო და ვფიქრობდი, რომ ეს საქმე ყველაზე საინტერესო იყო. ეს, მართლაც, ასეა. პატარა წიგნებსაც კი ვაკეთებდი. ვხატავდი ილუსტრაციებს, დიდი ასოებით ვაწერდი სახელწოდებას პატარა რვეულებს და გამოდიოდა წიგნი“.

ტომას ვენცლოვა
ტომას ვენცლოვა

ტომას ვენცლოვას მამას, პოეტ ანტანას ვენცლოვას, ერთხანს ლიტვის რესპუბლიკის ხელისუფლებაში კულტურის მინისტრის შესაბამისი პოსტი ეკავა. ის ლიტვის სახალხო პოეტი და სტალინის პრემიის ლაურეატი იყო, თუმცა ტომასისთვის მამის ფიგურა მძიმედ სატარებელი ტვირთი გამოდგა. ტომას ვენცლოვას ბავშვობას არ ჩაუვლია ვარდისფერ ფერებში, განსაკუთრებით კი სკოლის პერიოდში. ზოგიერთი მისი ამხანაგი თვლიდა, რომ ის იმ ადამიანის შვილი იყო, ვინც სამშობლო უცხოტომელებს ჩაუგდო ხელში. ამის შესახებ ტომას ვენცლოვას მეგობარი, პოეტი იოსიფ ბროდსკი, თავის ვრცელ წერილში წერს და ამბობს: „მსგავსი გარემოებები ადამიანს ან სამუდამო დაღს ასვამს და ხშირად შემზარავ პიროვნებად აქცევს, ან აკაჟებს. ტომას ვენცლოვას შემთხვევაში მოხდა მეორე, რაშიც დიდი როლი ითამაშა დედის მხრიდან კულტურულ-არისტოკრატიულმა სანათესაო წრემ“. 1956 წელს - უნგრეთის რევოლუციის იმედების აღზევებისა და ამ იმედების მსხვრევის წელს - ვენცლოვას ერთი წლით ვილნიუსის უნივერსიტეტიდან რიცხავენ. ვენცლოვასა და მისი თაობის ლიტერატორებისათვის უნგრეთის რევოლუციის ბედმა, დაახლოებით, იგივე როლი შეასრულა, რაც პუშკინის თაობისთვის დეკაბრისტების დამარცხებამ. ლიტერატურისთვის ეს თაობა ნამდვილ აღმოჩენად იქცა. 19 წლის ტომას ვენცლოვა მთლიანად მოიცვა პოეზიამ. ამთავრებს უნივერსიტეტს, ლიტვური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტს, იწყებს პედაგოგიურ და მთარგმნელობით საქმიანობას, თუმცა მისი მთავარი გზა პოეზიაზე გადის. წარმოუდგენელ პოპულარობას იხვეჭს ლიტვაში და არა მხოლოდ იქ. მეგობრობს პასტერნაკთან, ანა ახმატოვასთან და ბევრს მოგზაურობს, მათ შორის - საქართველოშიც. ჩერნოგორიაც საქართველოს, აფხაზეთს აგონებს მას, სადაც ახალგაზრდობისას ხშირად და ბევრს მოგზაურობდა:

„სოხუმში სამხედრო გზის გავლით დავდიოდი. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, 20-ზე ცოტა მეტის. უღელტეხილებს გადავდიოდი. როგორც წესი, ჯგუფთან ერთად ვმოგზაურობდი, ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოსკენ ვეშვებოდით ხოლმე. ვსტუმრობდი სვანეთს, მესტიას, უშგულს. ეს იყო ჩემი ჰობი“...

„როცა უკან მოვიტოვე საბაჟოს სუსხი, ჩავიარე ბადრაგებს შორის

და ავუყევი საფეხურებს ღარიბული სავალუტო სამოთხისკენ,

გამახსენდა, რომ ხელიც არ დავუქნიე რამდენიმეს, ვინც მაცილებდა,

ვინც თვითმფრინავის აფრენამდე იქცნენ ჩრდილებად“...

ეს არის ნაწყვეტი ტომას ვენცლოვას ლექსიდან „შერემეტიევო, 1977 წელი“. 1977 წელს ტომას ვენცლოვამ უარი თქვა საბჭოთა კავშირის მოქალაქეობაზე და ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად. ვენცლოვა იელის უნივერსიტეტის სლავური ენებისა და ლიტერატურის ემერიტუს პროფესორია. მისი წიგნები 20-ზე მეტ ენაზეა გამოცემული. დღესდღეობით პენსიაშია და ბევრს მოგზაურობს. ლექსებს უმეტესწილად ჩერნოგორიაში ყოფნისას, ზღვის სანაპიროზე წერს, იქ, სადაც მას და მის ცოლს პატარა სახლი აქვთ. ბოლო ლექსები თითქმის ერთი წლის წინ დაწერა. „ეს, გარკვეულწილად, შემაჯამებელი ლექსების ნაკრებია, ეს არის ლექსები იმის შესახებ, თუ რა იცოდი ცხოვრებაში, რა გიყვარდა და რა დამთავრდება მას შემდეგ, როცა შენ წახვალ“, - ამბობს პოეტი და ამატებს, რომ საერთოდაც არც ისე ხშირად წერდა ლექსებს:

„მე ცოტას ვწერ. ცხოვრების განმავლობაშიც ცოტას ვწერდი. მთლიანობაში, ალბათ, 250-მდე ლექსი მომიგროვდა. როგორც წესი, ავტორები უფრო მეტ ლექსს წერენ ხოლმე. თუმცა, ამასთანავე, ძალიან ბევრს ვთარგმნიდი ლიტვურ ენაზე. ვთარგმნიდი ინგლისურიდან, რუსულიდან, ფრანგულიდან, გერმანულიდან, ახალი ბერძნულიდანაც კი. იმისათვის, რომ ლექსი დავწერო, ჩემს ცნობიერებაზე, ალბათ, რაღაცამ ძალიან უნდა იმოქმედოს. ასეთ დროს შეიძლება რამდენიმე თვეც კი დამჭირდეს იმისათვის, რომ ეს ემოცია საბოლოოდ მომწიფდეს ჩემს გონებაში. ამ დროს ვიკეტები ოთახში და ვწერ დილიდან სადილობამდე. როგორც წესი, ლექსის წერას ერთ დღეში არ ვასრულებ. რამდენიმე დღე მჭირდება ხოლმე. მუშაობის დროს არავინ არ უნდა შემეხოს. გამოვაცხადებ ხოლმე, წავედი სამუშაოდ და სადილობამდე ნუ დამელოდებით. და ამის შემდეგ ან გამოდის ლექსი და ან არა. რამდენიმე თვის მერე ლექსს ისევ გადავიკითხავ ხოლმე და, რა თქმა უნდა, შემაქვს შესწორებები“.

პოეტი ზვიად რატიანი ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა ტომას ვენცლოვას ათი ლექსის თარგმანზე. ლიტველი პოეტის შემოქმედებით ის ჯერ კიდევ 25 წლის წინ დაინტერესდა. მე ვენცლოვაზე, ასე ვთქვათ, იოსიფ ბროდსკის პოეზიის წყალობით გავედი. „ლიტვური ნოქტიურნი“, ლექსი, რომელიც ბროდსკიმ ვენცლოვას მიუძღვნა. და არა მხოლოდ ეს, იოსებ ბროდსკიმ ლიტველ პოეტს ათამდე ლექსი მიუძღვნა, ამბობს ზვიად რატიანი. „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპელი პოეტი“, ასე უწოდებს ზვიად რატიანი ტომას ვენცლოვას:

„თუ გნებავთ, ფანის ფსიქოლოგია დავარქვათ. ეს ჩემში არის და არამარტო ტომას ვენცლოვასთან დაკავშირებით. ჩვენ ერთმანეთი თითქმის 10 წლის წინ გავიცანით თბილისში, ჩავწერე ინტერვიუ, მცირე ურთიერთობა გვქონდა. ახლა კი, თარგმანზე მუშაობისას, ექვსი თვის განმავლობაშ გვქონდა ინტენსიური ურთიერთობა, მიწერ-მოწერა. რომ არ წარმომედგინა და არც მიოცნებია, ისე მეხმარებოდა. ადამიანი ბწკარედებს მიკეთებდა, მთელი თავისი სიმბოლიკით და მთარგმნელებისთვის გასაგებია, ეს რას ნიშნავს. ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი კაცია. თან ის მარტო ერთი კაცი არ არის. ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დროს, რამდენიმე ეპოქას დაატარებენ. ის სწორედ ასეთია. ის მეგობრობდა პასტერნაკთან, ახმატოვასთან, ბროდსკისთან... და ეს დიდი ადამიანებიც ირეკლებოდა მასში“.

ძალიან გვინდა არუნდატი როის ჩამოყვანა. ვეცდებით, რომ არ დავიშუროთ ჩვენი ძალები. ფესტივალი რომ მთავრდება, მეორე დღიდანვე ვიწყებთ მუშაობას, იმიტომ რომ ოცზე მეტი ავტორის შეკრებას საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება იმისათვის, რომ ესტუმრონ ამ ფესტივალს, ამ ქვეყანას...
ნინო ბექიშვილი

ტომას ვენცლოვა ერთ-ერთია იმ 23 ავტორიდან, რომელიც მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყიში, თბილისს სტუმრობდა და მონაწილეობდა თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში, რომელიც უკვე მესამე წელია, მწერალთა სახლის საგაზაფხულო ტრადიციად იქცა. 17 ქვეყნიდან მოწვეული ავტორები ხუთი დღის განმავლობაში მართავდნენ შეხვედრებს, უორკშოპებს, დისკუსიებს. ლიტერატურის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ ისეთ ცნობილ ავტორებს, როგორებიც არიან: კატია ლანგე-მიულერი, ამირ ორი, დითი რონენი, ფოლკნერ შმიდტი, იბრაჰიმ ალ-ქუნი, აიზეკ მერიონი, სერგეი განდლევსკი და სხვა. იმის შესახებ, თუ როგორ ხვდებიან უცხოელი ავტორები თბილისის ლიტერატურულ ფესტივალზე, პოეტი შოთა იათაშვილი, ფესტივალის კონსულტანტი, გვიყვება. სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი ავტორების შერჩევასა და მოწვევაში:

„მე მაინც მგონია, რომ მართალი საქმე გულის გარეშე არ გამოდის და არ გამოდის საქმე ტვინის გარეშეც. კარგად უნდა გაიაზრო ყველაფერი და თან გრძნობდე ავტორს. არის ხანდახან, რომ შეიძლება ორიგინალში ვერ წაიკითხო ავტორი, შეიძლება ერთი-ორი თარგმანი გქონდეს წაკითხული, მაგრამ შეხვდი ადამიანს ფესტივალზე და ხვდები, რომ ეს არის კარგი ავტორი და არ შეიძლება ის იყოს ყალბი, სუსტი ავტორი და მერე ამართლებს ეს შენი გუმანი. არის ასევე, როდესაც იცი, რომ ესა თუ ის ავტორი კარგი ავტორია და გინდა და ცდილობ, რომ ის ჩამოიყვანო. შეიძლება სულაც არ გაქვს მასთან პირადი ურთიერთობა, მაგრამ მაინც ცდას არ აკლებ და მერე გიმართლებს“.

„ჩვენ არ ვიმეორებთ ავტორებს“, - ამბობს ნინო ბექიშვილი, მწერალთა სახლის თანამშრომელი და ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი. საკმაოდ დიდი ძალისხმევა იდება იმაში, რომ თბილისის ფესტივალს სულ უფრო და უფრო ცნობილი და მნიშვნელოვანი ავტორები სტუმრობდნენ. ერთ-ერთი ასეთი ავტორი, რომელთანაც მოლაპარაკებები უკვე ორი წელია მიმდინარეობს, არუნდატი როია. ფესტივალის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მათი ძალისხმევა მომავალში ფუჭად არ ჩაივლის:

„ძალიან გვინდა არუნდატი როის ჩამოყვანა. ვეცდებით, რომ არ დავიშუროთ ჩვენი ძალები. ფესტივალი რომ მთავრდება, მეორე დღიდანვე ვიწყებთ მუშაობას, იმიტომ რომ ოცზე მეტი ავტორის შეკრებას საკმაოდ დიდი ძალისხმევა სჭირდება იმისათვის, რომ ესტუმრონ ამ ფესტივალს, ამ ქვეყანას“...

თბილისის ლიტერატურული ფესტივალი 2 ივნისს დაიხურება. დახურვის დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ახალგაზრდა პოეტების მარათონი იქნება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG