Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვა ევროზონის წევრი ხდება


ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, 2015 წლის პირველი იანვრიდან ლიტვა ევროზონის წევრი მეცხრამეტე ქვეყანა გახდება. ეს ქვეყნისთვის წევრობის მიღების მეორე მცდელობა იყო. 2006 წელს ლიტვას უარი ეთქვა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის გადაცდენის გამო. ახალი გადაწყვეტილებით, 2015 წლის პირველი იანვრიდან ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანაში ეროვნული ვალუტა ევრო იქნება. მოგეხსენებათ, ესტონეთი ევროზონაში 2011 წელს, ხოლო ლატვია 2014 წელს გაწევრიანდა.

ევროკომისიის ინფორმაციით, ევროზონაში გაწევრიანებისთვის ლიტვამ 1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულებაში გაწერილი ხუთივე კრიტერიუმი დააკმაყოფილა. აღნიშნული კრიტერიუმები გულისხმობს შემდეგს: 1) ქვეყნის წლიური ინფლაციის დონე ევროკავშირის სამი მოწინავე ქვეყნის საშუალო ინფლაციის მაჩვენებელს მაქსიმუმ 1,5 პროცენტული პუნქტით უნდა აჭარბებდეს; 2) საბიუჯეტო დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს; 3) სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს არ უნდა აჭარბებდეს; 4) გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთი ფასების სტაბილურობის მხრივ ევროკავშირის წამყვანი სამი ქვეყნის საშუალო საპროცენტო განაკვეთის ორ პროცენტულ პუნქტზე მეტი არ უნდა იყოს; დაბოლოს, 5) ქვეყანა უნდა მონაწილეობდეს ევროპის გაცვლითი კურსის მექანიზმში, რომელიც ევროსა და ეროვნულ ვალუტას შორის გაცვლითი კურსის ცვალებადობას ზღუდავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ევროს მიმართ სტაბილურობით უნდა გამოირჩეოდეს. ამ კრიტერიუმების გარდა, ქვეყნის კანონმდებლობა სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროს შემოღებასთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას. ეს განსაკუთრებით შეეხება ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხს.

გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე უნდა დაწესდეს ფიქსირებული გაცვლითი კურსი, რომლის მიხდვითაც მოხდება „ლიტას“ ევროში კონვერტაცია. ამ ეტაპზე ერთი ევრო 3,45 ლიტას უდრის. გარდამავალ პერიოდში, 2014 წლის აგვისტოდან, პროდუქციაზე მითითებული იქნება ფასი ორივე ვალუტაში.

ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლიტვისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნება იქნება. განსაკუთრებით რთული შეიძლება იყოს დამატებითი წნეხი ფასებზე და ეკონომიკის „გადახურება“ ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმში.

დადებით მხარეებს რაც შეეხება, გაიზრდება ლიტვის საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგები, რაც დაწევს საპროცენტო განაკვეთებს სესხებზე სახელმწიფოსთვის, კერძო სექტორისა და მოქალაქეებისთვის. ევროს შემოღება გაზრდის საგარეო ვაჭრობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. ბალტიის რეგიონის ქვეყნებში ევროს შემოღება გააუმჯობესებს მთლიანად რეგიონის კონკურენტუნარიანობას და მოიზიდავს მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას. დამატებით, ლიტვას შეეძლება მონაწილეობა მიიღოს ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებებში.

ამ ეტაპზე ევროზონაში სიტუაცია უფრო სტაბილურია, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო. ევროზონამ გამოიარა საკმაოდ რთული კრიზისი, თუმცა, ევროპელი ექსპერტების შეფასებით, ყველაზე რთული პერიოდი უკვე გადაილახა და შემდგომი პროგრესისთვის საჭიროა პოლიტიკურ და ფისკალურ დონეებზე ქვეყნებს შორის მეტი ინტეგრაცია.

XS
SM
MD
LG