Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგეგმებოდა თუ არა „მაესტროს“ გადაქცევა „იმედის“ ფილიალად


ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელში ჩასაგდებად ტელეკომპანია „იმედის" ფაქტობრივი მმართველი ირაკლი რუხაძე არხის ერთ-ერთ მეწილეს, მაკა ასათიანს, და მის მეუღლეს, კოტე გოგელიას, ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში დაუკავშირდა, - განაცხადა პრესკონფერენციაზე "მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ არხის დირექტორის თანამდებობიდან გასულ კვირაში დათხოვნილმა ბაია გადაბაძემ. მან ჟურნალისტებს წარუდგინა მიმოწერა, საიდანაც ჩანს, რომ ირაკლი რუხაძე მაკა ასათიანს სთავაზობდა გარიგებას და იხდიდა 7,5 მილიონ დოლარს. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ შეხვდა „მაესტროს“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი გაჩეჩილაძეს, თუმცა განმარტა, რომ შეხვედრისას ტელეკომპანიის თაობაზე არ უსაუბრიათ.

„მაესტროს“ პარტნიორთა კრების მიერ არხის დირექტორის თანამდებობიდან გასულ კვირაში დათხოვნილმა ბაია გადაბაძემ გიორგი გვენეტაძესთან - ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილის, მაკა ასათიანის, ადვოკატთან - ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვა ირაკლი რუხაძის - მისი თქმით, ტელეკომპანია „იმედის" ფაქტობრივი მმართველის - წერილი, რომელიც ამ უკანასკნელმა ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში გაუგზავნა მაკა ასათიანს და მის მეუღლეს, კოტე გოგელიას. ბაია გადაბაძის თქმით, ირაკლი რუხაძეს აინტერესებდა არა კომპანიის წილები, არამედ ბრენდი "მაესტრო," ასევე ლიცენზიები და სიხშირეები. ის თანხას, ანუ 7,5 მილიონ დოლარს, იხდიდა შინაარსში და არა მატერიალურ ღირებულებებში. ბაია გადაბაძისავე ინფორმაციით, არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გარიგება არ შედგა, რადგან მაკა ასათიანმა პარტნიორთა ინტერესები გაითვალისწინა და სწორედ ამის შემდეგ გამოიყენა ირაკლი რუხაძემ „მაესტროში“ გიორგი გაჩეჩილაძის 35 %-იანი წილი. ბაია გადაბაძისავე ცნობით, 2016 წლის 15 იანვარს "მაესტროს" დღეს უკვე ყოფილმა პარტნიორებმა, ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ, დანარჩენ პარტნიორებს წერილობით აცნობეს, რომ თავიანთი წილების გაყიდვას აპირებდნენ და შესთავაზეს სამ დღეში ეყიდათ ის ორ-ნახევარ მილიონად, თუ არა, წილს მესამე პირზე გაასხვისებდნენ. გადაბაძის შეფასებით, სინამდვილეში განზრახვა იყო, რომ ჩიკვაიძისა და ებრალიძის წილი გაჩეჩილაძეს შეესყიდა, თანხის რეალურად გადამხდელი კი რუხაძე იქნებოდა:

„აქედან დასტურდება, რომ ისინი ირაკლი რუხაძეზე ყიდდნენ მაშინ წილს და არა გიორგი გაჩეჩილაძეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეთავაზება საჭირო არ იყო - არც კანონით და არც მორალური თვალსაზრისით“.

მაკა ასათიანის ადვოკატის, გიორგი გვენეტაძის, თქმით, შესაბამისად, იკვეთება რამდენიმე სამართლებრივი შეუსაბამობა, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ იგეგმებოდა „მაესტროს“ გადაქცევა „იმედის“ ფილიალად, რასაც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ:

„ამ მტკიცებულებების საფუძველზე, ბატონ გიორგი გაჩეჩილაძის მიერ ირაკლი რუხაძის შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, სრულიად აშკარად მტკიცდება, რომ შპს სტუდია „მაესტროს“ 30 %-იანი წილი შეიძინა და კომპანიის დომინანტი პარტნიორი რეალურად გახდა არა გიორგი გაჩეჩილაძე, არამედ ბატონი ირაკლი რუხაძე. საყოველთაოდ ცნობილია და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ბატონი რუხაძე პირდაპირ არის დაკავშირებული ტელეკომპანია „იმედთან“ და მის მართვასთან. შესაბამისად, ადგილი აქვს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევას. მოხდა ეკონომიკურ აგენტზე, შპს სტუდია „მაესტროზე“, კონტროლის მოპოვება იმ პირის მიერ, რომელიც აკონტროლებს კონკურენტ ეკონომიკურ აგენტს, ტელეკომპანია „იმედს“. ეს გარიგებები უნდ შეფასდეს როგორც თვალთმაქცური მართლსაწინააღმდეგო გარიგებები. ჩვენ მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას და კანონის შესაბამისად გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არ დავუშვათ „მაესტროს“ გადაქცევა „იმედის“ ფილიალად“.

ბაია გაბადაძის მიერ გასაჯაროებული მიმოწერის გაცნობის შემდეგ ტელეკომპანია „მაესტრო 24“- ის მფლობელმა ბაჩო კიკაბიძემ განაცხადა, აშკარად ჩანს, რომ ირაკლი რუხაძე 7,5 მილიონის სანაცვლოდ „მაესტროს“ ხელში ჩაგდებას ცდილობდაო. ბაჩო კიკაბიძისვე ინფორმაციით, „მაესტროსთან“ ხელისუფლების კავშირს მოწმობს ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილის, გიორგი გაჩეჩილაძის, შეხვედრა პრემიერ- მინისტრთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაკი განაცხადა, რომ „მაესტროს“ ერთ-ერთ მეწილესთან, გიორგი გაჩეჩილაძესთან, ამასწინანდელი შეხვედრისას ტელეკომპანიის თაობაზე არ უსაუბრიათ. მისი განმარტებით, არასამუშაო საათებში შეხვედრისას საუბარი იყო გიორგი გაჩეჩილაძის ერთ-ერთ მეგობარზე, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა გარკვეული პრობლემები:

„მე არავისთან არაფერი დასამალი არ მაქვს. საერთოდ, არ მახასიათებს ტყუილი და მაქვს აუტანლობა ტყუილის. იმასაც ვიტყვი აბსოლუტურად გულახდილად და გულწრფელად, რომ საერთოდ არ ვიცოდი, რომ „მაესტროში“ ეს სიტუაცია ხდებოდა. რომ მცოდნოდა, ალბათ, ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდი და შეიძლება თავი შემეკავებინა შეხვედრისგან, რომ არ გამომეწვია ამხელა სპეკულაცია და მითქმა-მოთქმა. ამაზე მეტი სიმართლე რა გითხრათ, არ ვიცი“.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო თბილისში ჩამოსული მაკა ასათიანი კი, არხის 25 %-იანი მეწილე, შეხვედრებს მართავს იურისტებსა და ტელეკომპანიის თანამშრომლებთან. მისი თქმით, არხის გასხვისების შეთავაზება არაერთხელ მიუღია, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ „მაესტრო“ დამოუკიდებელი არხია, ის ყოველთვის ცდილობდა იმ ადამიანთა წარმომავლობაში გარკვევს, ვისგანაც შეთავაზება მომდინარეობდა. მაკა ასათიანის თქმით, ტელეკომპანიის თანამშრომლებს ის კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის გეგმას გააცნობს.

კონფლიქტი ტელეკომპანია „მაესტროს“ პარტნიორებს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2 თებერვალს საჯარო რეესტრში მეწილეთა ცვლილება აისახა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი, 55 პროცენტით, გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“, გახდა. მან ორი თანამფლობელისგან, გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისგან, 15-15-პროცენტიანი წილი შეიძინა თანხით, რომელიც, მისივე განმარტებით, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ბიზნესისა და ტელეკომპანია „იმედის“ მმართველმა ირაკლი რუხაძემ ასესხა. პარტნიორთა კრებაზე კი 4 თებერვალს თანამდებობიდან გადააყენეს არხის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე და ახალ დირექტორად გიორგი გაჩეჩილაძის ძმა, ლევან გაჩეჩილაძე, დაინიშნა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG