Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მარგარეტ თეტჩერი - „რკინის ლედი“ - კომუნიზმთან მებრძოლი


გარდაიცვალა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ თეტჩერი, „რკინის ლედიდ“ წოდებული პოლიტიკოსი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელი იყო 1979-1990 წლებში. თეტჩერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი წარმომადგენლის თანახმად, თეტჩერის სიკვდილი ტვინში სისხლის ჩაქცევამ გამოიწვია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, „დავკარგეთ დიდებული ლიდერი, დიდებული პრემიერ-მინისტრი და დიდებული ბრიტანელიო“. კამერონმა, რომელმაც ამ ფაქტის გამო შეწყვიტა ვიზიტი და ესპანეთიდან აღარ გაემგზავრა საფრანგეთში, განაცხადა, თეტჩერის მემკვიდრეობაა ის, რომ ასე კარგად ემსახურა ჩვენს ქვეყანას და გვიჩვენა უზომო სიმამაცე ამ საქმეში; ხალხი მის მოღვაწეობას ათწლეულებისა და შეიძლება საუკუნეების მანძილზე შეისწავლის და სწორედ ესაა მისი მემკვიდრეობაო“.

კამერონის ოფისის თანახმად, თეტჩერის დაკრძალვის ოფიციალური ცერემონია გაიმართება ლონდონის წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში და მას სამხედრო პატივს მიაგებენ. ეს არ იქნება სახელმწიფო ცერემონია. ბუკინგემის სასახლემ გამოაცხადა, დედოფალი ელისაბედ მეორე დაამწუხრა თეტჩერის სიკვდილმაო.

1925 წლის 13 ოქტომბერს დაბადებული კონსერვატორი პოლიტიკოსი 1979 წლიდან 1990-მდე იყო გაერთიანებული სამეფოს პრემიერი. ბრიტანეთის კონსერვატული პარტიის ყოფილმა ლიდერმა მაიკლ ჰაუვორდმა მას ბრიტანეთის პოლიტიკის ტიტანი უწოდა:

„ის ბრიტანეთის პოლიტიკის ტიტანი იყო. ჩემი აზრით, მან ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა, რადგან, როცა 1979 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, ნამდვილი ეკონომიკური კრიზისი გვქონდა და ბევრი მოელოდა, რომ ქვეყანა უმართავი გახდებოდა. ჩემი აზრით, მან გადაარჩინა ქვეყანა, გარდაქმნა ეკონომიკა და, ვფიქრობ, ის ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი უდიდესი პრემიერ-მინისტრი“.
მინდა განვუცხადო პალატას, რომ ფოლკლენდის კუნძულები ბრიტანეთის ტერიტორიად რჩება. ვერავითარი აგრესია და ვერავითარი ინტერვენცია ვერ შეცვლის ამ მარტივ ფაქტს. მთავრობის ამოცანაა ხედავდეს, რომ კუნძულები უნდა განთავისუფლდეს ოკუპაციისგან და დაუბრუნდეს ბრიტანულ მმართველობას...
მარგარეტ თეტჩერი

მარგარეტ ჰილდა რობერტსი სურსათით მოვაჭრის ოჯახში დაიბადა. ის იზრდებოდა, როგორც თვითონ იგონებდა, პრაქტიკულობის, სერიოზულობისა და აქტიური რელიგიურობის გარემოში. ახალგაზრდა მარგარეტმა სტიპენდია მოიპოვა და პრესტიჟულ ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა ქიმიას, ასევე, როგორც ახალგაზრდა კონსერვატორი, - რიტორიკას. ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, თეტჩერმა მოახერხა პარლამენტში ადგილის მოპოვება და იმ დროიდან, ანუ 1959 წლიდან, დაიწყო მისი აღმასვლა კონსერვატორი პოლიტიკოსის კარიერის კიბეზე. 1975 წელს თეტჩერმა პარტიის ლიდერობა ჩამოართვა ედვარდ ჰეითს და სულ მალე, 1979 წელს, ბრიტანეთის ისტორიაში პირველი და ჩვენ დრომდე ბოლო პრემიერ-მინისტრი ქალი გახდა. მისი პირველი გამოწვევა იყო ბრძოლა ორგანიზებულ მუშებთან, რომელთა მოძრაობა სულ უფრო ძლიერდებოდა. „რკინის ლედიდ“ წოდებულმა პოლიტიკოსმა გატეხა ორგანიზებული მუშების ძალა და მათი ლიდერები პასუხისგებაში მისცა. თეტჩერის აზრით, ინდივიდი უნდა განთავისუფლდეს კოლექტიური შეზღუდვებისგან და აღმავლობაც და დაცემაც ადამიანის პირადი პასუხისმგებლობით უნდა მოხდეს. ის იყო წინააღმდეგობრივი პოლიტიკოსი, რომელიც მემარცხენეებმა პრიმიტიულ კაპიტალისტად შეაფასეს. მისი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყო ამ მხრივ ბრიტანეთის მოძლიერება, მაგრამ, ამავე დროს, მდიდარსა და ღარიბს შორის უფსკრულის გაღრმავება, სოციალური პრობლემების ზრდა ბრიტანეთში. 1980-იან წლებში თეტჩერმა, აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან ერთად, შექმნა, ასე ვთქვათ, ახალი გლობალური კონსერვატული მოძრაობა, რომელიც თავისუფალი ბაზრის, პრივატიზაციის, ასევე ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შემცირებისა და, ამასთან, მგზნებარე ანტიკომუნიზმის იდეებით მოქმედებდა. მსოფლიო საფინანსო სექტორში მაშინდელ ფართო მასშტაბის ძვრებს მიიჩნევენ დღეს, 2007 წლიდან მოყოლებული, საფინანსო კრიზისის მიზეზად.1982 წელს, როცა ფოლკლენდის კუნძულების გამო დაპირისპირება მოხდა არგენტინასთან, თეტჩერმა მამაკაცური სიმამაცით მიიღო გადაწყვეტილება და სამხედრო ძალის გამოყენებით სადავო კუნძულებზე ბრიტანეთის ძალაუფლება სწრაფად აღადგინა. მისი პოზიცია მყარი იყო, როცა მან პარლამენტს მიმართა:

„მინდა განვუცხადო პალატას, რომ ფოლკლენდის კუნძულები ბრიტანეთის ტერიტორიად რჩება. ვერავითარი აგრესია და ვერავითარი ინტერვენცია ვერ შეცვლის ამ მარტივ ფაქტს. მთავრობის ამოცანაა ხედავდეს, რომ კუნძულები უნდა განთავისუფლდეს ოკუპაციისგან და დაუბრუნდეს ბრიტანულ მმართველობას“.
ეჭვგარეშეა, ის იყო დიდებული სახელმწიფო მოღვაწე, თავისი ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, ფრთხილი, მაგრამ ანგაჟირებული მოთამაშე ევროპის კავშირში...
ჟოზე მანუელ ბაროზუ

თეტჩერმა დადებითად შეაფასა და მიემხრო საბჭოთა კავშირში რეფორმების ავტორის, მიხაილ გორბაჩოვის მცდელობებს. ზოგიერთი მოსაზრებით, თეტჩერი არ ეთანხმებოდა გერმანიის ორი სახელმწიფოს ერთ ქვეყნად გაერთიანებას.

მისი პოლიტიკური დაცემა უკავშირდება ევროპის კავშირს.

თეტჩერი ევროკავშირთან ურთიერობის საქმეშიც რადიკალური იყო. მას, მისი პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, არ სურდა ბრიტანეთის ევროკავშირთან მეტად დაახლოება, ის უფრო აშშ-თან კავშირის განმტკიცებას ემხრობოდა. თეტჩერის გარდაცვალების დღეს ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა:

„ეჭვგარეშეა, ის იყო დიდებული სახელმწიფო მოღვაწე, თავისი ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, ფრთხილი, მაგრამ ანგაჟირებული მოთამაშე ევროპის კავშირში. მას მოიგონებენ მისი წვლილისა და მისი თავშეკავების გამოც ჩვენს საერთო პროექტში“.

2002 წელს თეტჩერს პირველად ჩაექცა ტვინში სისხლი დამას მერე არცთუ ისე ხშირად ჩნდებოდა საჯაროდ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG